20 სექტემბერი, 2022

თენგიზ არჩვაძის გამორჩეული ამბავი ზურაბ ქაფიანიძისგან

მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე კოლეგაზე – თენგიზ არჩვაძეზე ასეთ ისტორიასს იხსენებდა:

“როდესაც თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს, ვერ იტანს როცა ვინმე ლაპარაკობს. ჰოდა, ყოველთვის გასაოცარი სიჩუმეა ხოლმე.

ერთხელაც, რაჭაში ვართ…

ქეიფსა და ერთმანეთის სიყვარულში ალიონიც წამოგვეპარა. თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს და ყველას უხარია – ხესაც, მიწასაც, კავკასიონსაც, ზემოდან რომ დაგვცქერის… ასეთი განწყობა ახლავს თენგიზის სადღეგრძელოს და ამ დროს მამალმა არ დაიყივლა?! თენგიზი გაჩერდა… მამალიც გაჩერდა… თენგიზმა განაგრძო სადღეგრძელო და, ბიჭოს, მამალმა ისევ დაიყივლა. თენგიზი ისევ გაჩერდა,

მაგრამ მესამედაც იგივე რომ განმეორდა, გაგულისებული წამოდგა და ხის ტოტი შეარხია. მამალი ტოტიდან კი აფრინდა, მაგრამ თენგიზს შემოაჯდა მხარზე და ამჯერად ყურთან დაჰყივლა!

იმ მამალს “თენგიზის მამალი” შევარქვით. ვინც რაჭაში იმ დროს თენგიზის ნახვა ვერ მოასწრო, მამლის სანახავად მოდიოდა ხოლმე.”