1 სექტემბერი, 2022

საუკეთესო წერილი გელა ჩარკვიანისგან

გელა ჩარკვიანის წერილებში რთულია საუკეთესოს გამორჩევა, რადგან ყველა ძვირფასი და ღირებულია.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

„ჩემო გელა! – ეწერა მამას წერილში, – უკეთესი იქნებოდა, უფრო სასიამოვნო საკითხებზე გწერდე წერილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საფუძველი ჯერჯერობით არა მაქვს. ძალიან შეშფოთებული ვარ შენი მდგომარეობით. საკვირველია, რომ სხვა მხრივ ფხიზელი გონების ახალგაზრდამ, დღემდე ვერ შეიგნე, თუ რა კრიტიკულ პერიოდში ხარ… შენი მომავალი ახლა წყდება, საშუალო სკოლას ცუდად დაამთავრებ – უმაღლეს სკოლაში არ მოხვდები, ე. ი. დარჩები ნახევრად-ინტელიგენტი, უცოდინარი, პრაქტიკული საქმიანობისათვის მოუმზადებელი, სხვის ხელში შემყურე. მთელი სიცოცხლის განმავლობაში რაღაც უმნიშვნელო, წვრილმანი საქმე უნდა აკეთო, რომ იარსებო… და ყველაფერი ეს იმიტომ, რომ ზარმაცობ, რომ რაღაც უხეირო წარმავალი გართობით ხარ გატაცებული… უნდა იცოდე, რომ ადამიანი მარტო გართობისა და ლაზღანდარობისათვის არ არის შექმნილი. პირიქით, სიამოვნების ყოველი წუთი მან შრომით უნდა დაიმსახუროს. ვინც ასე არ იქცევა, ის სხვის ანგარიშზე ცხოვრობს, ე. ი. პირდაპირ რომ ვთქვათ, ცხოვრობს და ტკბება, როგორც პარაზიტი.

გირჩევ და კიდევაც მოვითხოვ შენგან:

1. მთლიანად შეცვალე ცხოვრებისა და მეცადინეობის რეჟიმი. 1-2 საათის გავლის შემდეგ ყოველ საღამოს იყავი სახლში და იმეცადინე.

2. თუ გინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა არ წახდეს, თავი გაანებე სადღაც სტუდენტთა საცხოვრებელში სიარულს (მოსკოვის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში „На стромынке“ მე მართლაც ხშირი სტუმარი ვიყავი… იქ ქართველი ბიჭებიც ცხოვრობდნენ: ზურაბ ვეზირიშვილი, მერაბ რობაქიძე, გურამ ლორთქიფანიძე. ისინი გოგისთან მეგობრობდნენ, მაგრამ მეც გავერეოდი ხოლმე მარაქაში და სტუდენტ გოგოებს ვატყუებდი, 20 წლისა ვარ-მეთქი).

3. შეეცადე, ზრდილობიანი ქცევით და თავდაბლობით გამოისწორო რეპუტაცია სკოლაში.

4. კიდევ ძველი ჭეშმარიტებაა, რომ დრო არის ძირითადი სიმდიდრე, ვინც გამოიყენებს. შენ კი თვითონაც ცდები და სხვებსაც აცდენ.

სხვა რა უნდა მოგწერო. თუ ჩაუფიქრდები ამ წერილს, მიხვდები, რომ ის შენზე ზრუნვით გამოწვეული განცდების შედეგია. ნუთუ შენც (და გოგი, რომელსაც ცალკე უნდა მივწერო სათანადო ბარათი) გვერდზე გამიდგები და იმედს გამიცრუებ? მე ისედაც ბევრი უსიამოვნება მაქვს ცხოვრებაში, დაუმსახურებელი და გაუმართლებელი, რომ შვილებმაც თავიანთი უნიათობით სულ არ მომიწამლოთ სიცოცხლე.

იყავი კარგად. შენი მამა“.

ჯაზისთვის და стромынка-ზე სიარულისათვის თავი არ დამინებებია, მაგრამ სწავლას სერიოზულად მოვკიდე ხელი და, როცა 1957 წლის ზაფხულში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდები ჩავაბარე, ქულების მაქსიმუმი – 25-დან 25 ავიღე. თბილისში ჩემი ჩამოსვლის მიზეზი კი ის იყო, რომ მიქოიანი შეჰპირდა მამაჩემს ხრუშჩოვთან მის საკითხზე დალაპარაკებას. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ნიკიტა სერგეიჩი დათანხმდებოდა კანდიდ ჩარკვიანის ამ უცნაური გადასახლებიდან გათავისუფლებაზე. მაშინ ოჯახი კვლავ თბილისში გადმობარგდებოდა. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მამიდაჩემთან, რაისასთან ვიცხოვრებდი ვერაზე.”