7 სექტემბერი, 2022

სასტიკი განაჩენი ალექსანდრე ყაზბეგისთვის

ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. მწერალს ცხოვრებამ სასტიკი განაჩენი გამოუტანა – იგი არაერთ პრობლემას შეეჯახა, სირთულეებს ვერ გაუძლო და სიცოცხლე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა.

მთარგმნელი და პუბლიცისტი თედო სახოკია ალექსანდრე ყაზბეგის უმძიმეს ცხოვრებას იხსენებდა:

“სრულებით უსახსროდ დარჩენილ ალექსანდრე ყაზბეგს ღამე თავშესაფარებელი ბინა რა არის, ბინაც კი არა ჰქონდა!.. მართალია, სიძე ჰყავდა, დის ქმარი, მრავალოთახიანი ბინის პატრონი, მაგრამ იმ მრავალოთახიან ბინაში ერთი, თუნდაც სულ პატარა ოთახი არ აღმოჩნდა ისეთი, რომ დაავადებულ ყაზბეგს ღამე გაეთია. ყოფილა შემთხვევა, რომ სიძეს კარზე მისდგომია, იმას კიდევ შინ არ შეუშვია და ყაზბეგს სამზარეულოში, ან პირდაპირ დერეფანში უთენებია ღამე თავის ნაბდის ამარა.

დაავადებული მწერალი ყოველდღიური სტუმარი იყო სარძევესი. ამ სარძევის პატრონი იყო ვინმე ადამია. ალექსანდრე ყაზბეგი მოითხოვდა ჩაის ან მაწონს, შესატანებლად მისცემდნენ ფრანგულ ფუნთუშას. სულ ნახარჯი შეადგენდა სამ შაურს, მაგრამ არც ის სამი შაური გააჩნდა ყაზბეგს.

ადამიას გაუგონია, რომ მისი ღარიბი მუშტარი მწერალია, გაზეთში მისი ნაწერები იბეჭდებაო. ხან გადაახდევინებს, ხანაც სამადლოდ არაფერს გამოართმევს, ხან კიდევ „დააწერს“. ასეთი „დაწერილები“ 3 მანეთამდე მოგროვდა. ყაზბეგს თავისი ხელნაწერი ლექსების რვეული მოაქვს გირაოდ: როცა ფული მექნება, მოგიტან და დამიბრუნეო…

გირაო გირაოდ დარჩა და 3 მანეთის ვალი მისმა მუშტარმა საიქიოში თან წაიტანა.”