29 სექტემბერი, 2022

დავით შემოქმედელის განსაკუთრებული წერილი ნიკოლოზ წულუკიძეს

პოეტმა დავით შემოქმედელმა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს განსაკუთრებული წერილი მისწერა:

“რა გითხრა, ნიკა, სისხლი გულში წვიმს,
მზე ჩამოთალხეს მღვრიე ქარებმა.
გჭირისუფლობ და ელდით დამწვარ სულს
ამ ლექსს დავუფენ დასაამებლად.
ის არ წასულა, შენშია, შენთან,
სისხლში გადახსნილ კაპილარებში,
გადაღრნილ მაჯებს უნდათ შველება,
მთვარის სუსტ სხივებს ზამთრის ღამეში.
ყველა გადარჩა, ვინც არ დაეცა,
ვინც სამოთხის და უფლის იწამა,
სულ სხვა იწყება შენთვის ცხოვრება,
მაღლა ცაში და დაბლა მიწასთან.
თუმც ბოლოს ერთად მოისრებიან,
შხამეკალი და ნორჩი ყვავილი,
სიცოცხლე უფლის დიდი ჯილდოა,
ციდან მიწაზე ჩამოტანილი.
ნახე, რა რძისფრად ამოდის დილა,
სამოთხისფერი ცაა აქ უფრო,
თოთო სულები ცაში უფალთან
ანგელოსების ხმებით საუბრობს.
და დგას საწუთროს ბეწვისებრ ხიდზე,
შვილი და მამა… მამა და შვილი…
მიწაზე სხივით დაწერილები,
ზეცაზე სულით გადაჭდობილი.
სიცოცხლეს შეხვდი, როგორც ხარებას,
მდუღარ ცრემლივით ხან რომ ტარიგობს,
ერთი სიკვდილით მეტი ხარ ჩემზე,
ამ თავურგებმა რა დაგარიგო.
ზოგჯერ ტკივილი სხეულს ჩაბზარავს,
სიკვდილებით მკერდს დანაჭდევები,
ასე ჯიხვები კლდეს ეხლებიან,
ასე სტოვებენ ბუდეს მერცხლები.
ასეა, შვილო, წუთისოფელი,
მეომრის დარად უნდა ომობდე,
არავის სტოვებ უშხამუისროდ,
მეც ჩემს ბებერ ძვლებს ვათრევ ბოლომდე.
ის ახლა ხარობს, ქერუბიმების
ზეციურ დასის ლამაზი წვეთი,
თქვენ სულ ერთად ხართ, ის ცის, შენ მიწის,
ორსხეულ, ერთ სულ ფიქრშენაერთი.
კაცს მარადისის რომ არ სჯეროდეს,
ცის სამართალი, სადაც იელვებს,
თორემ შეჭამდა ეს მგლური ყოფა,
გაყინულ სულთა სიცარიელე.
ცამ მხრები დარდით ჩამოიდრიკა,
წვიმაა ეს თუ უფლის ცრემლები,
კაცის სისუსტეს რა ვუთხარ, ნიკა,
ცრემლის მეტით რომ ვერ გეშველები.
ადამიანი წვეთია უფლის,
დაღლილი სულის დასავანებლად,
წუთისოფელის მგზავრი მარადი,
ზეცაში ერთხელ გასამგზავრებლად.
ზოგჯერ სიცოცხლე ისე მალია,
წამამდე ანდა თუნდაც კესამდე,
ჩიტი უბიდან კი არ გაგფრინდდა,
სიონის ზარებს აჰყვა ზეცამდე.
მზე ალიონზე ოქროსფრად ღვივის,
ცაც, ხედავ! უფლის სამოსს ემგვანა,
სიცოცხლეს მხარში დაუდგე უნდა,
სჭირდები შენს ცრემლ ობოლ ქვეყანას.
ვამთავრებ წერილს, მეტი რა გითხრა,
ცრემლის კუნძს მოჰგავს გულის ნაწური,
კაცი ტკივილშიც იმედს ისახლებს,
თუ ხვალის დღესთან ირგო საგზური.
გელიან , როგორც შვილს ელის დედა,
მღელვარ გულივით ეს დღეც ხმაურობს,
დაბრუნდი, შეგთხოვ, შენს ძველ ბილიკთან,
მომავლის გზებზე სამოგზაუროდ…”