30 ივლისი, 2022

საოცარი ამბავი ზურა ქაფიანიძისგან

მსახიობ ზურა ქაფიანიძის მიერ განსახიერებულ როლებზე არანაკლებ სასიამოვნო იყო მისი მოსმენა და საინტერესო ისტორიების გაგება.

ხელოვანს მოთხრობილი აქვს ულამაზესი ზღაპარი, რომელიც ღვინოს უკავშირდება:

,,ღვინოზე ერთ ლამაზ ზღაპარს გიამბობთ, რომელიც შვიდი ათასი წლის წინანდელია. ქართველმა კაცმა ვაზი იპოვა, მისი ნაყოფი იგემა და მოეწონა. წამოიღო სახლში, დარგო, გაამრავლა, კარგი მოსავალი მიიღო. ვერ მოერია ყურძენს და გადაწყვიტა დაეწურა. დაწურა და წვენი შეინახა. სითხე დადუღდა, მაჭრად იქცა და როცა გლეხკაცმა სასმელს გემო გაუსინჯა, კარგ გუნებაზე შეიქნა. ბოლოს ადგა და ღმერთი დაპატიჟა: ღმერთო, რაღაც სასწაული ხდება და უნდა გასინჯოო.

ღმერთმა სამყაროს არსებებს უხმო. პირველად ბულბულმა შესვა და თქვა: – სამი ჯამი ვინც დალიოს, ჩემსავით იგალობოსო.

ლომმა შესვა და თქვა: – ხუთი ჯამი ვინც დალიოს, ჩემსავით გალომდესო.

ძაღლმა თქვა: – ვინც შვიდი ჯამი დალიოს ჩემსავით იყეფოს, იჯაჯღანოსო.

ბატმა დალია და თქვა: – ვინც ცხრა ჯამი დალიოს, გამობატდესო.

ბოლოს ღორის ჯერიც დადგა. დალია ღორმა ღვინო და თქვა: – ვინც თორმეტი ჯამი დალიოს, ჩემსავით ტალახში ეგდოს და იღრუტუნოსო.

ღმერთმა თქვა: – რაკი ამ სითხეს ყველა არსების თვისება აქვს, ჩემი სახელის პირველი ასო ,,ღან”-ი უნდა დავარქვაო.

ასე შეერქვა ღვინოს ღვინო.”