19 ივლისი, 2022

დიდებული ბესიკ ხარანაული

ბესიკ ხარანაულის პროზა თუ პოეზია იმით არის გამორჩეული მისი კოლეგებისგან, რომ თვითმყოფადია და არავის არ ჰგავს:

“ვიყიდები მეც

1
ყველაფერი იყიდება, ვიყიდები მეც,
მყიდულობ თუ არ მყიდულობ, მოდი, ხმა გამეც…
ვიყიდები ფესვიანად, ვიყიდები წესიანად,
რაცა მაქვს და, რაც არა მაქვს,
ცაში დანათესიანად,
ვიყიდები ტანიანად,
ეშმაკ და სატანიანად,
რაცა მაკადრეს იმიანად
და რაც არ მაკადრიანა,
ჩემი გალაღებიანად,
ჩემი ბალახებიანად,
ხე-მხვიარად, სვე-სვიანად,
ფიქრიანად, ლექსიანად…
2
ავხედ-ჩავხედავ ჩემს თავ-ტანს, თვალს ავაყოლებ,
ნეტა რა ფასს დაადებენ, ამ ჩემს საქონელს,
სხვისთვის შეიძლება სხვაა, მე კი მაღონებს,
თავ-ფეხიანად ტკბილი ვარ, ეს ჩამაგონეს.
ერთი მაწყევარი ქალიც
არ გამერია,
ჩემს ნავალზე ბალახიც კი
მადლიერია…
ამიტომაც ვიყიდები, თავიანად, ტანიანად,
ჩემი ცხენ-მათრახიანად და იმის ნალბანდიანად…
3
თუ მეცხვარეს ცხვარი არ ჰყავს, ჯოხი რად უნდა,
თუ კაცს თავისი არა აქვს, სხვისი რად უნდა,
ქარი მოქრის, ფურცლებს მაცლის, ერთი-მეორეს,
ეზიდება ჩემი სახის იერს იერზე,
მიაქვს შორად ჩემი სუნი, სუნი ვერაგი,
ჰაერივით ყველგანაა ჩემი პერანგი,
ქალებს გარეთ თუ გაუშვებთ, _ გაუბერავდით…
4
– ქონების დეკლარაცია?
მოვგლიჯე ბალახი და ავუშვირე.
რადგან ქარიან ბორცვზე ვიდექ სრულიად შიშველი
და ფოთოლდაცვენილი ჯაგები ვერ მიფარავდა
და გზაზე კი მიმოქროდნენ საამინდოდ გამოსული
მგზავრ-მანქანები,
მე კი არ მინდოდა, რომ ეხილათ ჩემი კედლის ჩამონაცვენი.
_ ადამიანობას რა ვუთხარი!
ნამცეცზე რომ არ წავბორძიკებულიყავი,
ყველაფერი შემეძლებოდა!..
ჩამოვკარი ქნარს ჯაგებისა _ ასკილისა, კუნელის, მაყვლისა… სამპირად ჯარი უნდა გეყენოთ ჩემს შესანახად! რა მე და რა თქვენ, უვიცი უვიცს ეკითხება
და პასუხით კმაყოფილია,
ნიჭი კი, კვლავაც, როგორც ცალად იბადება, ცალადვე კვდება.
5
ჩემი მზერა შორი გახდა გზაზე რებისთვის,
ჩემი ნერწყვი მძიმე გახდა გადანერწყვისთვის,
ჩემი ცრემლი მებრალება მოცილებისთვის.
6
რისთვის უნდა ნეტა ადამიანს ამდენი ტვირთი,
არა სჯობია, ცარიელი თვალებით იაროს,
რომ ყველაფერი, რასაც ნახავს, თავისი იყოს;
ის ხომ არც დამნაშავე დაიბადა და არც მართალი,
მაშ რატომღა ილტვის ორივესკენ?
ყველაფერი იყიდება, ვიყიდები მეც,
მყიდულობ თუ არ მყიდულობ, მოდი, ხმა გამეც…”