21 ივნისი, 2022

უმნიშვნელოვანესი სათქმელი გია მურღულიასგან

გია მურღულიას მიერ ათასობით მკითხველისთვის შეთავაზებული წერილები ძალიან საინტერესოა.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“ვინმე თუ დაფიქრებულა ამაზე: რატომ არის ასე მნიშვნელოვანი და მუდმივად აქტუალური ბოლო 2000 წლის განმავლობაში პავლე მოციქულის სიტყვები:

“ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.

ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”. მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.” (გალატელთა მიმართ, 5,13-15)

მანამდე კი ამბობს: “თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.” (გალატელთა მიმართ, 5,1)

ეს “იდექით” კონკრეტული საქმეებით უნდა გამოიხატოს. რომლებით? პავლე მოციქული გვეუბნება, რომ მთავარი გზა ეგოიზმისგან სრული გათავისუფლება და საკუთარი მოვალეობის პირნათელი აღსრულებაა:

“ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს სჯულს. ვინაიდან, ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და არაფერიც არ არის, ის თავის თავს ატყუებს. ხოლო ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით. ვინაიდან ყველამ თავისი სატარებელი ატაროს.” (გალატელთა მიმართ, 6, 2-5)

არავინ არის მზისქვეშეთში ისეთი, რომ დაიბადოს და თავისი დანიშნულება, ფუნქცია და გასაკეთებელი საქმე არ ჰქონდეს. მას უნდა მიაგნოს, მოემზადოს და აღასრულოს.

ეს სიტყვები კი ყოველ ადამიანს ყოველწამიერად უნდა ახსოვდეს:

“ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.” (გალატელთა მიმართ, 6,7)

2000 წლის გათვალისწინებით, ამ საღამოსთვის საკმარისია – ხვალემ თავისი თქვას.”