11 ივნისი, 2022

იოსებ ნონეშვილის ულამაზესად ნათქვამი

იოსებ ნონეშვილის პოეზია იმდენად  მუსიკალური და ჰარმონიულია, რომ არაერთმა კომპოზიტორმა მისი ლექსები ულამაზესად ააჟღერა.

კომპოზიტორმა არჩილ კერესელიძემ პოეტის 1949 წელს დაწერილი ლექსი “ყელსაბამი” უკვდავი სიმღერის უძვირფასეს ტექსტად აქცია.

 

“ყელსაბამი ლალისფერი,

ბროლის ყელზე შესაბმელი,

შენის ხელით ნაჩუქარი,

სანუკვარი…

ყელსაბამი ლალისფერი,

ყელსაბამი.

 

მეგობარო, გახსოვს წამი?…

შენ მომიძღვენ ყელსაბამი,

მე კი ჩემი გული წრფელი

მოგიძღვენი.

მოგიძღვენი გული შენთვის

ანაძგერი.

 

ვით მძივები აბრეშუმმა,

საუკუნო სიყვარულმა

ჩვენი გრძნობა, გულის ფეთქვა

შეაერთა.

შეგვამძივა სიყვარულმა,

სიხარულმა.

 

ეჰ, მერცხალი მაინც ვიყო,

შემოგევლო, შეგჭიკჭიკო,

და ფრთა ყოველ გაზაფხულზე

გაგკრა გულზე.

ეჰ, მერცხალი მაინც ვიყო,

შეგჭიკჭიკო.

 

ცრემლი ვიყო პაწაწინა,

შენს წამწამქვეშ მქონდეს ბინა,

ელვა ვიყო, შენს თვალებში

გამაცინა.

სიყვარულის ცრემლი ვიყო

პაწაწინა.

 

ყელსაბამი ლალისფერი,

ბროლის ყელზე შესაბმელი,

შენის ხელით ნაჩუქარი,

სანუკვარი…

ყელსაბამი ლალისფერი,

ყელსაბამი.