27 ივნისი, 2022

დაუმსახურებელი სასჯელი ცოტნე ზედგინიძეს

ქართველ ვუნდერკინდს ცოტნე ზედგენიძეს სრულიად დაუმსახურებლად სჯის მისი მამა – გიორგი ზედგინიძე, რომელიც ხელოვანს ფესტივალებზე არ უშვებს:

“უკვე მეოთხედ გოგი არ მიშვებს ფესტივალებზე ჩემს ერთადერთ პედაგოგთან – ბებიასთან ერთად. მან ისევ არ შეადგინა ჩემი ბებიასთან გაშვების ნოტარიულად დამოწმებული ნებართვა. ეს ისევ, უკვე მეოთხედ, უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ.

ჩემი უმწარესი გამოცდილებით, რომელსაც მისი ყოველი მოქმედება უფრო და უფრო აძლიერებს, მყარად გადაწყვეტილი მაქვს, რომ მირჩევნია 18 წლამდე საერთოდ არ გავიდე საზღვარგარეთ, ვიდრე ის იყოს ადამიანი რომელიც, მე გამიყვანს. მისთვის ნათქვამიც და მიწერილიც მაქვს ამის შესახებ. ჩემი ყველა თანატოლი დადის კონკურსებზე და ფესტივალებზე თავის პედაგოგებთან ერთად. ყველას მშობელი აძლევს ნოტარიულად დამოწმებულ ნებართვას, რომ პედაგოგმა წაიყვანოს. არცერთი მშობელი არ ითხოვს ორგანიზატორებისაგან თავისთვის მოწვევას, თუ შეუძლიათ, თვითონ ყიდულობენ ბილეთებს და მიდიან თავისი ფულით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით სამჯერ წავედი ჩემს პედაგოგთან – ბებიასთან ერთად, გოგი არცერთხელ არ წამოვიდა! მას უნდა, რომ ორგანიზატორებმა ის მიიწვიონ და ყველაფერი გადაუხადონ როგორც ეს 2020-ში მოახერხა ჩემი სპონსორის ფულით (ამის საბუთები სასამართლოს აქვს).

მისგან ჩვენ მხოლოდ წვალება გვაქვს ნანახი. ბებია ყოველთვის გვიადვილებდა მასთან ყოფნის წუთებს. ბებია რომ არა, არ იქნებოდა არც ის ფოტოები, რომელსაც გოგი სულ გვიღებდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ გამოფენას აწყობს.

დედიკოს გარდაცვალების შემდეგ გოგი ცდილობდა ჩვენ დაჯერებას იმაში, რომ იქამდე სულ მასთან ვცხოვრობდით. ნახა, რომ კარგად გვახსოვდა სად ვცხოვრობდით და ვინ გვზრდიდა და გვზრდის დღემდე. ის გამოგონილი ამბები რასაც გოგი წერს, არც მიკვირს, ის ყოველთვის ასე მოქმედებდა ჩემთან და ნინიკოსთან, ყოველთვის გვატყუებდა, ჩვენს მიმართ მის მოქმედებებზე გვეუბნებოდა, რომ მას არაფერი ამდაგვარი არ გაუკეთებია. მაშინაც, როდესაც ჩვენ პოლიციაში გვიძახებდნენ მის დაწერილთან დაკავშირებით, მაშინაც როდესაც გვიტაცებდა უამრავი ადამიანის თვალწინ, მერეც იძახდა რომ არაფერი ამდაგვარი არ გაუკეთებია. მთელი ცხოვრება მე გოგისგან მხოლოდ ბრძანება, ყვირილი, დაძალება, ტყუილი მახსოვს.

მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება და ჩვენს გამო ასე წუხდება. ძალინ მჭირდება კონცერტები, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, გასვლა აუდიტორიის წინაშე, მე მიწევს ამაზე უარის თქმა, სხვა გზას გიორგი ზედგინიძე არ მიტოვებს. მას უნდა ყველა ჩემ მოწვევაში იყოს ჩაწერილი, ამისთვის იბრძვის უკვე ორი წელია, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალია თვითონ წავიდეს იქ სადაც უნდა და დაესწროს ნებისმიერ კონცერტს, მე კი მიწვევენ ისე როგორც საერთოდ მიღებულია – მოსწავლეს პედაგოგთან ერთად, ის კი ატერორებს ორგანიზატორებს, ეუბნება მათ რომ კანონიერი მამის გარეშე არ შეიძლება ჩემი წასვლა და მოწვევა. ბარენბოიმ-საიდ აკადემია, შლოს ელმაუ, აუდი ზომმერკონცერტე – მრცხვენია მათ წინაშე. ორგანიზატორებმა ისედაც კარგად იცოდნენ რომ დედაჩემი გარდაცვლილია და მამა მყავს და წესებიც იციან. შარშან ისევ მოგვატყუა – მომწერა, რომ ნოტარიულად აფორმებდა, რომ მიშვებს და ორგანიზატორებს მისწერა, რომ ის უნდა დაპატიჟონ, თორემ არ გამიშვებს.
სასამართლოს მიაწოდა ეს საბუთები ჩვენმა ადვოკატმა აჩიკო კაიკაციშვილმა და სასამართლომ გამიშვა. ეს უნდა დამთავრდეს, მაგრამ არ თავდება. ახლა ისევ ჩვენი ადვოკატის და სასამართლოს იმედი მაქვს.

ჩვენ – მე და ნინიკო, დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ, ზეგ, ისევ სასამართლოში გამოვა გოგი და იტყვის, რომ რასაც ახლა ვწერთ, არის არა ჩვენი თავისუფალი აზრი, არამედ ბებიის ზეწოლით, ან სულაც მისი კარნახით დაწერილი ტექსტი. ამას ისევ ბებიის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობად წარმოაჩენს. გვინდა ყველამ იცოდეთ, რომ ჩვენთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ვეცნობით და გვაქვს ამის ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილებები შეეხება ჩვენს მომავალს და არც ერთი კანონი არ კრძალავს, რომ ჩვენ ეს ვიცოდეთ. გოგის სურს, რომ საკუთარი აზრის არმქონე ადამიანებად გამოგვიყვანოს, არადა ყველაზე მეტად მან იცის, თუ როგორია ჩემი და ნინიკოს პოზიცია, აზრები, სურვილები. ამის უარყოფაა სწორედ მისი პრობლემა. ჩვენ, რაც გვქონდა სათქმელი, სასამართლოს უკვე ვუთხარით. ეს იცის სოციალურმა მუშაკებმა, რომლებმაც ჩვენი ნების საწინააღმდეგო დასკვნები დაწერეს. მაქვს ორი არჩევანი – შევეგუო იმ სიცრუეს, რასაც გოგი წერს და ცდილობს ყალბი თანაგრძნობა მიიღოს ადამიანებისგან, ან ადამიანებმა პირადად ჩვენგან მოისმინონ რა არის სიმართლე, რა გვსურს ჩვენ და რა გვინდა მისგან. სირცხვილია გოგი, რასაც შენ გვიკეთებ მე და ნინიკოს.”

ცოტნე ზედგინიძის საჯარო წერილს მისი აქტიური გულშემატკივარი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი გამოეხმაურა:

“გადმოვკვეთე უკრაინის საზღვარი და პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩამოვედი, სადაც მსოფლიო ქართველი ვარსკვლავის ლიზა ბათიაშვილის მიწვევით აუდის ზაფხულის მუსიკალურ ფესტივალზე გერმანიისა და უკრაინის ორკესტრებთან ერთად კონცერტები უნდა ჩავატარო. პირველი რეპეტიციაა და უმაღლესი კლასის ორკესტრის მუსიკოსებს გადაშლილი ექნებათ სრულიად ახლად შექმნილი ქართული ნაწარმოების სანოტო პარტიები, რომელიც პირველად უნდა აჟღერდეს მრავალი ინსტრუმენტის ერთობლიობით. ეს ნაწაროები კი არც მეტი არც ნაკლები ცოტნე ზედგინიძის საფორტეპიანო კონცერტია, რომლის მთავარი პარტიის შესასრულებლად თავად მუსიკის ავტორი ჯერ რეპეტიციებზე უნდა იმუშაოს ჩვენთან, ხოლო პირველ ივლისს Open Air სცენაზე უნდა დაიკავოს საპატიო ადგილი, სადაც მის პრემიერას მინიმუმ 10.000 გერმანიის მოქალაქე და გერმანიაში მყოფი უცხოელი დაესწრება.

და რა ხდება ამ დროს? ის რაც უკვე არაერთხელ გადაიტანა პატარა გენიოსმა: გაურკვებლობა, დაძაბულობა, ნერვიულობა, საშინელი სტრესი! პირადად მე ყველანაირად ვცდილობდი დადებითი როლი შემესრულებინა ცოტნესა და მისი მამის ურთიერთობის დარეგულირებაში. მიმაჩნდა, რომ ეს იყო სწორი, ეს იყო ის რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამომივიდა, საბოლოოდ ვდისტანცირდი მისგან და ბოლომდე გადმოვერთე ცოტნეს შემოქმედებითი საქმიანობისადმი თანადგომის აგრეთვე უმნიშვნელოვანეს საქმეში.
ახლა საქმის ვითარება ასეთია: ცოტნე თუ ვერ დაუკრავს ფესტივალზე და მითუმეტეს ოჯახში არსებული პრობლემის მიზეზით, საერთაშორისო მუსიკალურ სამყაროში (ყველა ყველას იცნობს პრინციპით) უცებ გავრცელდება ხმა და ყველა საკონცერტო ორგანიზაცია თავს შეიკავებს მომავალში მისი მოწვევისაგან, ცოტნეს ფენომენით დაინტერესებული დიდი მუსიკოსები კი დაფრთხებიან, რადგან არავის სურს სხვისი ოჯახური გარჩევის უნებურ თანამონაწილედ ქცევა. ყველაფერთან ერთად წყალში ჩაიყრება ლიზა ბათიაშვილის ცოტნესადმი გაწეული შეუფასებელი ამაგი და მოწადინება – დამერწმუნეთ ლიზას ყურადღების არეალში მოხვედრას მსოფლიოში ალბათ ათიათასობით დამწყები თუ უკვე შემდგარი მუსიკოსი ოცნებობს… მოკლედ ცოტნეს კარიერას მიადგება მოუშუშებელი ჭრილობა, ხოლო მას როგორც ასაკით პატარა, მაგრამ გონებით ღრმა და საზრიან ბავშვს კიდევ ერთი ფსიქოლოგიური დარტყმა, რის შედეგზე ლაპარაკიც კი ზედმეტია….

ამიტომ ბოლოჯერ და უკანასკნელად უკვე საჯაროდ, მაგრამ ადამიანური მოკრძალებით მივმართავ ცოტნეს მამას, გიორგი ზედგინიძეს: გოგი, გთხოვთ როგორმე გვერდზე გადადეთ ყოველი რადიკალური, თუნდაც თქვენი თვალსაზრისით სამართლიანი ფიქრი, ბავშვების ბებიის “დასჯის” სურვილი (რაშიც ვერასდროს ვიქნები თანამოაზრე), მამობრივი ამბიცია (რა ნაწილშიც თქვენი გულწრფელად მესმის!) და დროულად შეადგინეთ ის დოკუმენტი, რომლითაც თქვენ როგორც მეურვე ნებარვას გასცემთ ბავშვების ბებიასა და ცოტნეს პედაგოგ ნინა მამრაძეზე, რათა წამოიყვანოს ბავშვი გერმანიაში! დარწმუნებული ვარ მოსამართლე ისედაც გასცემს ამ განაჩენს თუნდაც მესამედ თუ მეოთხედ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ დაგაშორებთ ცოტნესთან ურთიერთობის აღდგენის სანუკვარ პერსპექტივას!

ჯერ კიდევ მგონია, რომ საკუთარ შვილებთან ურთიერთობის აღდგენის გზა ადვოკატებზე და სასამართლოზე კი არ გადის, არამედ თანაგრძნობაზე, შეცცდომების აღიარებაზე, მობოდიშებაზე, სიკეთის კეთებაზე და ისეთ ნამდვილ სიყვარულზე, რომელიც ბერტოლ ბრეხტმა დაგვანახა “კავკასიურ ცარცის წრეში”, როდესაც ნამდვილმა მშობელმა ვერ გაიმეტა საკუთარი პირმშო ძალადობით დაბრუნებისთვის, რის შემდეგადაც მოსამართლე აზდაკმა (ჩვენს შემთხვებაში გნებავთ განგებამ და გნებავთ თავად ბავშვებმა) მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება!”