13 მაისი, 2022

სპარტაკ ბაღაშვილი – ქართველი მამაკაცის ეტალონი

მსახიობ სპარტაკ ბაღაშვილს ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ქართველი მამაკაცის ეტალონი.

ლელა ანჯაფარიძემ მას არაჩვეულებრივი წერილი მიუძღვნა:

“ჩემთვის მაგალითად, ქართველი მამაკაცის ეტალონია სპარტაკ ბაღაშვილი…
სულ ვფიქრობდი, რატომ დაარქვეს – სპარტაკი?
მართლა ჰგავდა სპარტაკს…

მისი პირველი როლი იყო – არსენა ოძელაშვილი, მიხეილ ჭიაურელის ფილმში…
მე კი, სულ მახსოვს მისი ლუარსაბ მეფე „გიორგი სააკაძეში“ და ხევისბერი გოჩა…
ღვთისია თენგიზ აბულაძის “ვედრებაში”, იური მალფერი ფარაჯანოვის ფილმში “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები”…

თურმე, „არსენას“ პრემიერის შემდეგ, სტალინმა აგარაკზე სტუმრად მიიწვია აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა და სპარტაკ ბაღაშვილი… სწორედ მაშინ უთქვამს – „ქართულ კინოში ისე არავინ არ მიყვარს და მომწონს, როგორც ეს (თითი ხორავასკენ გაიშვირა) და როგორც ეს ბიჭიო (მერე სპარტაკზე მიუთითა)”…
და იცით ყველაზე მთავარი რა არის, რომ ეს მოყვა აკაკი ვასაძემ, რომლისკენ სტალინს თითი არ მიუშვერია…
კი არ დაიბოღმა, მოყვა…
ამიტომ იყვნენ ისინი ასე საოცრად კარგები…

სხვათაშორის, სტალინმა იმ დღეს, სავარაუდოდ თავისი ინტუიციით, შეამჩნია, რომ სპარტაკი გადაღლილი იყო და შესთავაზა – „მითხარი სად გინდა და ვისთან ერთად დასვენებაო“… სპარტაკმა მორიდებით უარი უთხრა…

სტალინის შეფასება მე როგორ შემიძლია. ობიექტური ვერაფრით ვერ ვიქნები – ბოლოსდაბოლოს ვანიჩკა ბაბუა დამიხვრიტეს, მაგრამ ჭკვიანი კაცი რომ იყო, უდაოა… აბა, რატომ თხოვა მაშინ კანდიდ ჩარკვიანს – „მიხედეთ ამ ბიჭს, მკურნალობა სჭირდება, თორემ მერე გვიანი იქნებაო”…

სინამდვილეში, სპარტაკ ბაღაშვილს ერთი რეცეპტი ჰქონდა გამოწერილი ზევიდან – მისი ლამაზი, შესანიშნავი და ვაჟკაცური სულის გადასარჩენად – ამ სულის სიმშვიდე…
მაგრამ, სავარაუდოდ, ეს რეცეპტი წაკითხულიც არ ჰქონდა…

ერთხელ დაპატიჟეს სუფრაზე, სადაც შვლის მწვადები შეუთავაზებიათ…
სუფრა მიატოვა…
აი, ასეთი კაცი იყო…

ლექსებს წერდა, ბიბლიოთეკებში ატარებდა დროს, საოცარი მამა იყო…

ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება, როგორც არწივი…

ლამაზი, ამაყი და აუცილებლად ქართული…

აბა, ახლა ასე როგორ შეხედავდა ნატო ვაჩნაძე სხვანაირს?”