24 აპრილი, 2022

უმნიშვნელოვანესი წერილი ლელა ცუცქირიძისგან

lela-cucqi.jpgსაბავშვო მწერალი ლელა ცუცქირიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გასაოცარ ტექსტს გვთავაზობს:

ომის აღდგომა

– შენ როდის მოგკლეს?
– 1992 წელს.
– სად?
– გაგრაში. მშობლები ვერ მივატოვე. მოვიდნენ და ავტომატის ჯერით ჩამცხრილეს.
– შენ როდის მოგკლეს?
– 2008-ში.
– სად?
– თამარაშენში. ვაშლის ბაღებში ვიმალებოდით და ჭურვი მოგვხვდა.
– შენ როდის მოგკლეს?
– მე სულ ახლახან, 2022-ში, ჯერ 40 დღეც არ გასულა.
– სად?
– მარიუპოლში. ჩემი უმცროსი დებისათვის წყალი მიმქონდა.
ჯერ მაწამეს და მერე მომკლეს.
– შეყვარებული გყავდა?
– ისიც აქაა. 1993-ში ტამიშთან მოკლეს.
– ჩემიც აქაა. 2008-ში ცხინვალთან მოკლეს.
– ჩემიც აქ არის. ჩემზე ორი დღით ადრე მოკლეს, ბერდიანკაში.
დღეს რას ვაკეთებთ?
– დღეს ცოცხლებს ვხვდებით. აღდგომა უნდა მოგვახარონ.
– მერე?
– მერე ცოცხლები წავლენ. მოვლენ ჩვენი მკვდარი ბიჭები.
*
– მიხდება კაბა? ხომ არ მეტყობა ნატყვიარები?
– რა ლამაზი ხარ, ჩემო გოგო!
– ხომ არ მეტყობა, რომ კიდურები აღარა მაქვს?
– რა ლამაზი ხარ, ჩემო გოგო!
– ხომ არ მეტყობა, რომ ტუჩები შიშისაგან სულ დავიკვნიტე, სანამ მომკლავდნენ?
– რა ლამაზი ხარ, ჩემო გოგო!
*
რა ლამაზი ხარ, ჩემო გოგო
და რა ცოცხალი!”