18 აპრილი, 2022

ოლეგ ბასილაშვილის საუკეთესო წერილი

მსახიობმა ოლეგ ბასილაშვილმა საუკეთესო წერილი შესთავაზა თავის ათასობით გულშემატკივარს.
“საბჭოთა კავშირმა საშინელება ჩაიდინა…” – ასეთია წერილის სახელწოდება, სადაც მსახიობი გულწრფელად საუბრობს:

“როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირმა სხვა ბოროტებებთან ერთად ყველაზე დიდი ბოროტება ჩაიდინა – თავისი ისტორიის მანძილზე მან თითქმის გაანადგურა ყველა, ვისაც თავისუფლების იდეის აღქმა შეეძლო.

წინააღმდეგობის ბოლო ტალღა აღმოჩნდა ნოვოჩერკასკის აჯანყება ხრუშჩოვის დროს. როდესაც მოგვიანებით გაჩნდა თავისუფლების მოპოვების შანსი, ამ შანსის გამოყენება აღარავის შეეძლო.

თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილი დარჩა უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საქართველოში, მაგრამ არა ჩვენთან და არა რუსებთან. ჩვენთან მოსახლეობის განათლების ხარისხი თამასაზე ბევრად ქვემოთაა.

ეს არანაირი შედარება არ არის სტალინის მმართველობის პერიოდთან. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სისტემას შეეძლო მოწინააღმდეგეებს გასწორებოდა, მის წინააღმდეგ მაინც იბრძოდნენ.

არსებობდა ხალხი, რომელსაც სძულდა სტალინი და, ზოგადად, საბჭოთა წყობა, ამიტომაც სისტემამ შექმნა გულაგი. ეხლა გულაგი საჭირო არ არის. ამ ხალხს გულაგის გარეშეც უყვარს ბელადი.

საშინელებაა – მონობა ხელკეტის ქვეშ, მაგრამ უფრო დიდი საშინელებაა – მონობა ხელკეტის გარეშე, ნებაყოფლობითი მონობა.

საშინელებაა საბჭოთა წყობის ადამიანი, რომელიც გამოჭიმულია უცხოურ მანქანაში უცხოური ტანსაცმლით, ევროპაში ისვენებს და თან სძულს დასავლეთი. მახსოვს, საბჭოთა წყობის დროს ხელისუფლება კერძო სახლების მეპატრონეებს ავალდებულებდა არდადეგებზე წითელი დროშა დაეკიდათ. თუ არ დაკიდებდნენ, უსიამოვნებები არ ასცდებოდათ.

ახლა არავინ არავის აიძულებს „კოლორადოს“ ლენტი მიამაგროს საკუთარ მანქანაზე, მაგრამ ყველა ამაგრებს და ამას თავად აკეთებს, თან ვერ ამჩნევს, რამდენად ორაზროვანი და თუნდაც კომიკურია ეს „გამარჯვების სიმბოლო“ მერსედესზე ან ფოლკსვაგენზე.

ეს ახლანდელი ნებაყოფლობითი ნეოსტალინიზმი, ნებაყოფლობითი უარის თქმა თავისუფლების შესაძლებლობაზე, ბევრად უფრო საშინელია, 30-იანი წლების ატმოსფეროზე. ეს სრული დეგრადაციის ნიშანია – შესაძლოა უკვე შეუქცევადისაც. რუსულ ენაში არის სიტყვა “ხალხი” (люди) და სიტყვა “ნაძირლები” (ублюдки).

როგორც ხედავთ, ისინი ერთმანეთის მსგავსი. თუმცა, ამ სიტყვების მნიშვნელობა სრულიად განსხვავებულია. ფუძეებიც კი განსხვავებულია – “люд” და “блуд”. ამ ორ სიტყვას თითქოს ერთნაირი ჟღერადობა აქვს, მაგრამ უზარმაზარი განსხვავებაა. ზუსტად იგივე, რაც 30-იანი წლების რუსებს და ჩვენ, ახლანდელ რუსებს შორის. მაშინ, 30-იან წლებში, ჯერ კიდევ იყო ხალხი.

ე.წ. “პერესტროიკის” დასაწყისი აღმოჩნდა თენგიზ აბულაძის საკულტო ფილმი “მონანიება”. ფაქტობრივად, მისგან დაიწყო სტალინიზმის კრიტიკა. ამ ფილმის მთავარი აზრი საზოგადოებამ ვერ აღიქვა, მაშინ ის ძალიან რადიკალური და ნიჰილისტურიც კი ჩანდა – შვილი ტირანი მამის გვამს საფლავიდან ამოთხრის და მთიდან სადღაც სამყაროში – ქარში, მარადიულ სირცხვილში გადააგდებს.

ოჰ, მაშინ, ფილმის ეკრანებზე გამოსვლის დროს, ბევრი განაწყენდა! ფილმი გახდა ერთგვარი ტესტი საზოგადოებისთვის, თუ რამდენად მზად იყო იგი ცვლილებებისთვის, აღორძინებისთვის. ფილმში ჩადებული იყო გზავნილი, რომელიც საზოგადოებამ ვერ გაიგო. ის კი ასე ისმოდა: ჩვენ გადაგვარჩენს მხოლოდ ცვლილებები და სიბიძურის რადიკალური უარყოფა.

მაგრამ ასე არ მოხდა. სიტყვამ “მონანიება” საზოგადოებაში გაღიზიანება და გაბოროტება გამოიწვია. სინანულისკენ მოწოდებები ეროვნული და პიროვნული ღირსების შეურაცხყოფად იქნა აღქმული: „ვისთან მოვინანიოთ?! ვის წინაშე? დიახ, ჩვენ ყველანი ფაშიზმისგან გადავარჩინეთ!”

ამ თემის გვირგვინია “ჩვენი ყირიმი” (Крымнаш). დასრულებული ისტორიული ციკლი: ფილმიდან “მონანიება” ფილმამდე “გზა სახლისკენ” (на родину). ჩვენ სამშობლოში დავბრუნდით. ვიღაცამ, თენგიზ აბულაძის ფილმის გახსენებისას, თქვა, რომ ტირანის სუნიანი ცხედარი კვლავ ძველ კვარცხლბეკზე დააბრუნეს. ჩვენმა თანამედროვეებმა ეს ნახევრად გახრწნილი გვამი საკუთარ სახლში მიათრიეს და ლჯახის წევრებთან ერთად სუფრასთან დასვეს. მის კომპანიაში ჩაის სვამენ. მორჩილად საუბრობენ მასთან, რჩევებს ეკითხებიან. და თუ ცხედარს მოულოდნელად თავის ჩამოუვარდება, ბოდიშის მოხდით კვლავ თავის ადგილზე აბრუნებენ.”