16 აპრილი, 2022

ნოდარ წულეისკირი გენიალურ “მონანიებაზე”

ალბათ ბევრმა არც იცის, რომ მწერალ ნოდარ წულეისკირის რომანის “აფთრების” მიხედვით გადაიღო რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ თავისი შედევრი – “მონანიება”.

მწერალი რომანსა და ფილმზე მუშაობას თავის ჩანაწერებში ასე იხსენებდა:

“რომანი იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. დამთავრება ვერ მოვასწარი. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა გახმაურებული ფილმი „მონანიება“. სცენარზე მუშაობამ, შემდეგ ფილმის გარშემო ამტყდარმა ხმაურმა (ფილმი ორჯერ იყო დაპატიმრებული) დიდი დრო წამართვა, საქართველოში მომხდარმა ისტორიულმა ძვრებმა კი საერთოდ შემაჩერებინა რომანზე მუშაობა.

დღეს მივუბრუნდი რომანს, მივხვდი, რომ იგი დღევანდელ დღესაც მიესადაგება. ვარლამ არავიძენი წარსულში თუ თითო-ოროლანი ბოგინებდნენ, დღეს მომრავლებულან, მომავალში ეგებ კიდევ უფრო მომრავლდნენ…

ამ რომანის წერა წლობით გრძელდებოდა. წიგნს ინსულტამდე, მართალია, მძიმე პირობებში, მაგრამ წერაქვში მივუბრუნდი – ვწერდი და ფრაგმენტებს ოჯახის წევრებს ვუკითხავდი. რომანის მეორე ნაწილში ჯეგე ხალდანის ფენომენური შურისძიების მიზეზთა მიზეზებია აღწერილი. შეუპოვარი სვანი, ჯეგე ხალდანი დავუპირისპირე ვარლამ არავიძეს. ჯეგე ხალდანი ყოველთვის იქ გაჩნდება, სადაც ვარლამ არავიძე ითარეშებს: გაჩნდება მის მოსასპობად… რამდენი ვარლამიც იქნება, იმდენი ჯეგე დაიბადება. „შურისძიება სამართლიანობის განვითარებული ინსტინქტია“ – ეს სიტყვები საკმარისად მიმაჩნია ჩემი პერსონაჟის გასამართლებლად.

წლობით ჩემმა ავადმყოფობამ ისე განაპირობა, რომ შვილიშვილი ჩამოყალიბდა ჩემი ჩანაფიქრების აღმსრულებლად, რამაც შეგვაძლებინა აფთრების მეორე ნაწილზე ერთად გვემუშავა. ეს მართლაც გააფთრებული რომანია და გულდამშვიდებული ვარ, რომ მისი დასრულება შევძელი…”