19 აპრილი, 2022

ნინო თარხნიშვილის ორიგინალური მინიატურა

მწერალი ნინო თარხნიშვილი ორიგინალურ მინიატურას გვთავაზობს და ვნების კვირაში უფალზე მეტ ფიქრის გვთხოვს:

“აზოვსტალს” ღმერთს ნუ შეავედრებთ

(თუ ღმერთი გწამთ მინიატურა)

ღმერთს ამ კვირაში არ სცალია. უამრავი საქმე აქვს.
იქ ხუთშაბათს ვახშამი აქვს გასამართი თორმეტ კაცზე.
თორმეტი წყვილი ფეხი აქვს დასაბანი.
აქეთ იუდა ჰყავს დასამშვიდებელი, იმასთან ერთად პეტრეც.
პარასკევს ჯერ პილატესთან არის მისასვლელი,
მერე გვირგვინი აქვს დასაწნავი,
მერე ჯვარი შესაჭედი
და გოლგოთაზე ზურგით ასატანი.
დიდად არ ეხალისება, მაგრამ ხელისგულები და ტერფები აქვს ჯვარზე მისაჭედი
და ბარაბა დასაბინავებელი.
დღის ბოლოსკენ სიკვდილი აქვს დაგეგმილი – ერთი ორი დღით უნდა დაისვენოს.
კვირას, გამთენიისკენ დააყენა მაღვიძარა – ჯერ ხო აკლდამის ლოდი აქვს გადასაგორებელი
და მერე ახლა ხალხი ჰყავს დასარწმუნებელი, რომ ჭეშმარიტად აღდგა თუ აღსდგა, როგორც გენებოთ.
შეეშვით ამ კვირაში ღმერთს,
არც შენთვის სცალია, არც ჩემთვის და არც მარიუპოლში, ქარხნის ბუნკერში გამომწყვდეული დედა-შვილისთვის.
ამ კვირაში ღმერთი ვერ უშველის “აზოვსტალში” ჩარჩენილებს,
ვერც თქვენს “უფალო იესო ქრისტეს” შეისმენს.
ამ კვირაში ღმერთის კარზე კაკუნის დრო არ არის, ვერ გაგიღებთ კარს, გადარბენა აქვს.
ამ კვირაში ადამიანებმა უნდა იმარჯვონ.
ტყვიამ უნდა იმარჯვოს.
ჭურვმა.
რაკეტამ.
ჰაუბიცამ.
ბაირაქტარმა.
ჯაველინმა.
ჯავშანტექნიკამ.
Starstreak-მა.
ამ კვირაში ღმერთის იმედი ნუ გექნებათ.
ამ კვირაში იარაღზე ილოცეთ – მტრის ხოცვა-ჟლეტვაზე.”