12 აპრილი, 2022

გოგი ხარაბაძე ზურაბ ანჯაფარიძეზე

მსახიობმა გოგი ხარაბაძემ ოპერის გენიალურ მომღერალს ზურაბ ანჯაფარიძეს, რომელიც 12 აპრილს საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა, ძალიან კარგი წერილი მიუძღვნა.

ამ ჩანაწერით მან მომავალ თაობებს მიმართა და ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გააცნო:

“ჩემო ახალგაზრდა მეგობარო!

შენ, ვისაც გაზაფხულის დღესასწაული გიდგას სულში და ვინც ჩვენი ქვეყნის პატრონი იქნები ხვალ – მინდა წუთით შეგაყოვნო და შენი ყურადღება ღირსი მამულიშვილისაკენ მივაპყრო. ეს გახლავთ ზურაბ ანჯაფარიძე, რომელიც ამიერიდან რუსთაველის პროპესპექტზე (შეყვარებულთა შეხვედრის ადგილას) ოპერის ბაღში დაიდებს სამარადისო ბინას. ძალიან მინდა ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს ამ მართლაც ნათლით მოსილ კაცზე – ვინც თავის ქვეყანას და ხალხს ასე უშურველად, უანგაროდ ემსახურებოდა, ვინც შენ, ანუ საქართველოს მომავალს მუხლდაჩოქილი ლოცავდა. მე კი თავს ამის უფლებას იმიტომ ვაძლევ, რომ ძალიან მიყვარხარ დჟა ვიცი შენი თაობისანნი ნაკლებად იცნობთ ბატონ ზურაბს და იმიტომ, რომ მიზეზთა გამო ბედნიერება მქონდა სხვადასხვა დროს ძალიან ახლოს ვყოფილიყავი მასთან, მის ოჯახთან და კიდევ იმიტომაც რომ ბავშვობიდანვე დიდ თაყვანს ვცემდი მას, როგორც ჭეშმარიტ მამრს – ქველს და ხელგაშლილს, კაცს – გაწონასწორებულს, ზომიერების საშური გრძნობით, ხელოვანს – უმძაფრესი მაგნიტური ველით, მარად ქართული შემართებით და სურნელით.

შენ კი ძვირფასო, მენტორად ნუ აღმიქვამ და ამზრეზით ნუ იტყვი – არ შეწუხდეთ, შინ მივალ, ვიდეოფილმს “პიკის ქალს” ვნახავ, სხვა ჩანაწერებზეც მიმიწვდება ხელი და ამგვარად, ჩემით გავიცნობო. როგორ არა, ასეც შეიძლება, ცხადია, თანაც ადამიანი სრულიად უგრძნობი უნდა იყოს, რომ ზურიკოს (ასე სიყვარულით მიმართავდნენ სიცოცხლის ბოლომდე) ასიმღერებული ქართული ბგერა და ამ ბგერის მღვივარი სული რომ ვერ აღიქვას, ვერ შეიგრძნოს, მაგრამ ჩემო კარგო, გთხოვ დამიჯერო, რომ არსებობს კიდევ რაღაც – სიმღერაზე მთავარი, რომლისგანაც ღებულობს ფორმას და შინაარსს თვითონ სიმღერა. ეს კი კაცია, ადამიანია ღვთით დანაბადი და ღვთითვე შემკული!

მოსკოვის დიდი თეატრი მსოფლიოს მართლაც გამორჩეული არენაა მაღალი ხელოვნებისა. აქ ოცი წელიწადი ჩირაღდანივით კაშკაშებდა ზურაბ ანჯაფარიძის მადლცხებული ნიჭიერება და შენ, პატარა საქართველოს შვილი, რუსეთის იმპერიის არტახებით ხელ-ფეხშეკრული და არარაობად ქცეული თუ ბილეთს იშოვიდი და ხალხით გადაჭედილ დარბაზში აღმოჩნდებოდი, – სულ მალე ასე გაუცხოებული ადამიანის ღირსების დიდი გრძნობა აღგავსებდა და იმიტომ, რომ ეს ახოვანი, თმახუჭუჭა, პირმშვენიერი ვაჟკაცი შენი სისხლი და ხორცია, შენი მიწა-წყლის შვილია, ვინც ასე უმალ მოხიბლა, გააოგნა და დაატყვევა ეს ამდენი ხალხი. ის იმდენად მშობლიურია, უფლება გაქვს იფიქრო – ეს შენი ხმაა, ასე რომ წკრიალებს მისი ექო თეატრის ჭაღებში.

ასეთი იყო სრულიად ქართველთა სიამაყე და მოსკოვის დიდი თეატრის ღირსება, თვითმყოფადი და განუმეორებელი დიდი ზურაბი, ასე ატყვევებდა იგი თვით იტალიას და მთელ ევროპასაც, მაგრამ სცენაზე ასეთი რიდით, მოწიწებით განცდილი და შეცნობილი ხელოვანი თუ სადმე შეგხვდებოდათ, უფრო გაგაოგნებდათ თავისი ადამიანურობით, უბრალოებით.

აბა, ახლა წარმოიდგინეთ ამგვარი პიროვნება თბილისური იუმორის გრძნობით, ულამაზესი ბოჰემური ხარხარით, აღტაცების უნედლესი, პირველყოფილი გამოხატვის უნარით.

ის იყო კაცი – ნამდვილი რაინდი, უშიშარი, მაგრამ თვითმფრინავით მგზავრობის ეშინოდა.

კაცი – რომელიც ქართული სუფრის აპოლოგი იყო.. ლაღი მასპინძელი, ღვინის დამგემოვნებელი და ჭაშნიკის უტყუარი მცოდნე.

კაცი – რომელიც მთელი არსებით შეიგრძნობდა სილამაზეს, მშვენიერებას, ასევე მთელი არსებით გამოხატავდა ამაღლებულთან შეხვედრით გამოწვეულ აღტაცებას.

კაცი – რომელიც ათასობით უმშვენიერეს მანდილოსანს თავდავიწყებით უყვარდა და ეს უბრალო საუბარშიც არ წამოსცდენია.

კაცი – რომელიც სიყვარულს აიდეალებდა და უნდოდა, რომ სულ შეყვარებული ყოფილიყო და ეს მოახერხა კიდეც.

კაცი – რომელიც სანთელივით დაიღვენთა საქართველოს სიყვარულში და იხილა კიდეც ასე ნანატრი ბედნიერი მომავლის კონტურები.

კაცი – რომელმაც შეძლო თავისი შემოქმედებითი აპოგეის ჟამს სცენა მიეტოვებინა.

კაცი – რომელიც ყოველგვარი სიკეთის ღირსი იყო – სიდუხჭირეში გაატარა თავისი ყმაწვილკაცობა და ეჭვგარეშეა, სიცოცხლის ბოლოც ამგვარი ჰქონდა.

კაცი – რომელიც მაგალითია იმისა, თუ რა პატივი მიეგოს მშობელს.

კაცი – რომელიც ასეთ გუნდრუკს უკმევდა თავის მაესტროს, დავით ანდღულაძის ხსოვნას.

კაცი – რომელიც თავის დაბადების დღეს, 12 აპრილს გარდაიცვალა და მარადისობის ნაწილი გახდა.

კაცი – კაცი – კაცი – სულ კაცი და სულ პატიოსნება!

აჰა, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო! მეტი ვერ შევიძელ, არადა, ნამდვილად მეტის ღირსია ეს სიმღერითაც და ცხოვრების წესითაც ნამდვილი ქართველი, ნამდვილი თბილისელი, “ვეფხისტყაოსანის” გმირ ავთანდილის ნაშიერი.

მორჩილად გთხოვ! რუსთაველის პროსპექტზე შნოიანად ჩავლილი წელიწადში ერთხელ მაინც, თუნდაც 12 აპრილს, შესდექ და სამი ყვავილი უძღვენ საოპერო ნიჭიერების ელვარე სამებას ზაქარია ფალიაშვილს, ვანო სარაჯიშვილს, ზურაბ ანჯაფარიძეს…

ისინი შენთვის ქმნიდნენ დიდ ხელოვნებას.

ისინი დღეს სამნი გახდნენ და ასევე ივლიან მარადისობის უჟამო ჟამში.”