20 აპრილი, 2022

გასაოცარი ნანა ცინცაძე

ნანა ცინცაძე პროფესიით ექიმია, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს, გამორჩეული ლექსები წეროს და ერთგული მკითხველის მთელი არმია ჰყავდეს.

“არტინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს “თავიდან იწყება”:

“ახლა ღამეა და ფიქრებთან ვზავდები,
ახლა ყველაფერი წარსულით მითბება,
ახლა უფსრკულთან ვარ, კლდის ქიმზე ვკავდები
და შენში ჩავრჩები არეულ რითმებად.
გესმის, მარტოობა კვლავ ჩემზე ჭორაობს,
ოთახი ივსება ურითმო სუნთქვებით,
ლოგინზე შენს ნაცვლად ბალიში გორაობს,
დაგვცინის, ვგონივართ მარტივად გულქვები.
მირაჟში ხელის გულს შენს თითებს ვატოლებ,
შავ-თეთრად მიღიმის წაშლილი აჩრდილი,
შენ ნაფაზს ურტყამ და პაპიროსს აბოლებ,
მე ვნებით მევსება თვალები აჭრილი.
შენში შემოვდივარ, მინდა მოვიარო
წლებით გატეხილი დაღლილი გონება,
სულის ტრამალები ისე მოვიაროთ
არ დავრჩეთ გრძნობების გაყიდულ მონებად.
და მაინც, რაღაცა შენამდე არ მიშვებს,
ნუთუ გვიანია, დაგიწყო თავიდან,
და თუკი სხეული სხვასთანაც აიშვებს,
შენთან ვუღალატებ პირველი ღამიდან.
რადგანაც არ მინდა სხვა გული, სხვა სახე,
სხვა კაცის პერანგზე შეხსნილი ღილები,
როცა დავიბადე, მე ჩემში ჩაგსახე,
მაშინ არ ვიყავი დიდურად ფრთხილები.
მაშინ ჩაგიფიქრე ამ სახლის კედლებად,
კარადად, მაგიდად, ლარნაკად ვარდისთვის,
ძილში გაღვიძებად, ჩემს ნამდვილ ხელებად,
როგორ გაგიმეტო უდარდო დარდისთვის.
ოთახი სავსეა სევდით და ღიმილით,
რომელიც ამ თმებში, სხეულში იღვრება,
მეყო განშორება, უსიტყვო კივილი,
თუმც ჩემში სახლობდი დაკეცილ რითმებად.
ახლაც ღამეა და არ მტოვებს დარდები,
ფიქრი ამღვრეული უსიტყვოდ მიწყრება,
ისევ უფსკრულთან ვარ, უეცრად ვკავდები,
რადგან ყველაფერი თავიდან იწყება.”