23 აპრილი, 2022

ედუარდ უგულავას საოცარი სიტყვები

პოეტ ედუარდ უგულავას ძალიან კარგი ლექსი აქვს ქრისტეს ერთ-ერთ მოწაფეზე – პეტრეზე:

„მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე“ [მარკ. 14,30];

“გაჭრიალდა მძიმე კარი გალავნის,

ის, რაც მოხდა, ჯერ ბუნდოვნად გახსოვს.

დახრილ თვალებს არ უსწორებ არავის,

ფრთხილად ჯდები ცეცხლის შორიახლოს.

ვერ გრძნობ, პეტრევ, ფეხქვეშ მიწის სიმყარეს,

ჩუმად ზვერავ მღვდელმთავართა ეზოს.

ალბათ, მალე მოძღვარს გამოიყვანენ,

ნახვა მისი იქნებ კიდევ შეძლო.

იქვე ახლოს ხორხოცებენ კაცები,

ცეცხლს უშვერენ ტანს ნახევრად შიშველს.

– შენ იესოს მოწაფე ხარ, არ ვცდები! –

ამბობს ქალი და თითს შენკენ იშვერს.

– არა! არა! ეს არ არის მართალი! –

შიში ბზარავს შენს უმწეო ხავილს

(სადღაც ბნელში უკვე ყივის მამალი,

ეს პირველი ყივილია მამლის…)

ფეხზე დგები, არ გსურს მასთან კამათი,

ძლივს გადიხარ შიდა ეზოს გარეთ.

იცდი, ერთი უმძიმესი საათი

და ხელს ვიღაც უცებ მკლავზე გავლებს.

გსურს წახვიდე, მაგრამ ვერსად მიდიხარ,

ხროვასავით გარს გეხვევა ხალხი,

– მე შენ გიცნობ! – ჩაგსისინებს ცივი ხმა, –

თავად ვნახე, შენ იესოს ახლდი!

ხელების კვრით დაგილურჯეს სხეული,

მშიერ მზერით დაგიჭამეს სახე.

გაჰყვირიან… – კილო გალილევური

შენს სიცრუეს ხომ ისედაც ამხელს.

ბრბო იოლად არც შენ არ შეგეშვება,

ახლა შენს ხმას მხოლოდ შიში ახშობს,

– ჩემი სახე, ალბათ, სხვაში გეშლებათ,

მე იესოს არც კი ვიცნობ, ხალხო!

არა! გულში არასოდეს დათბება,

უკვე ღმერთი უარყავი ორგზის

და გულ-ღვიძლში გიტრიალებს შანთებად

შიშის სამთითს შავი ანგელოზი.

სამოსს გაფლეთს რამდენიმე მოლაყბე,

ხელს გკრავენ და ენარცხები მიწას.

კვლავ გაჰყვირი, – არ ვარ მისი მოწაფე,

მას საერთოდ არც კი ვიცნობ, ვფიცავ!..

და ძარღვებში დგას სიცივე სამარის,

ებრძვის სული აუტანელ ტკივილს…

სადღაც ბნელში შეყუჟული მამალი

ფრთებს ისწორებს და მეორედ ყივის.

კვლავ ივსება ეზო ჯარისკაცებით,

მოჰყავთ ხელ-ფეხდაჯაჭვული ქრისტე

და მოძღვარი, დაღლილი და ნაცემი,

უცებ შედგა და თვალებში გიცქერს.

ღვთიურ მზერას თვალს უსწორებ წვალებით,

ჯერ არაფერს შეუშლიხარ ასე,

გიცქერს უფლის დიდი, ლურჯი თვალები,

სევდითა და მწუხარებით სავსე.

დაგდის ცრემლი სირცხვილისგან უმართავს,

იწყებს სული ცოცხალ გვამში როკვას…

შენ უფალი უკვე სამჯერ უარყავ,

გული შენი უკვე სამჯერ მოკვდა.

მაგრამ, ალბათ, მძიმე არის ძალიან,

გოლგოთის გზა გაიაზროს კაცმა,

სადაც ჯვარიც უფლის ასატანია,

რომ იმ ჯვარზე მერე თავად აცვან.

რომ კურნებად სულიერი კეთრისა –

კაცის ცოდვებს დაეღვაროს სისხლად,

რომ შემუსროს ბჭენი ჯოჯოხეთისა

და განიხვნას კარნი სამოთხისა!”