22 აპრილი, 2022

დინა მირცხულავა წითელ პარასკევზე

დინა მირცხულავას ნოველებს უამრავი ერთგული მკითხველი ჰყავს და ეს შემოქმედის გულწრფელობის დამსახურებაა.

წელიწადის უმძიმეს დღეს – წითელ პარასკევს მან გამორჩეული მინიატურა მიუძღვნა:

“ობშხა ჭითა /წითელი პარასკევი/

საბუდარიდან უკანასკნელ კვერცხებს მომატანინებდა დიდი ბებია.
იმ დღეს შავი თავსაფრის ნაცვლად, წითელ ატლასს შემოიკრავდა თავზე სამი შვილისა და ქმრის დამკარგავი ქალი.
იმ დღეს არ ეწეოდა.
თუთუნისაგან დაყვითლებული ხელები წითლად შეეღებებოდა.
– მოდი, დადი და კვერცხები ქვაბში ნელა ჩაალაგე, თანაფა უშენოდ არ მოვა.
უჰ, როგორ ვჩქარობდი აღდგომის მოსვლას, თითქოს კვერცხების სწრაფად ჩალაგება განაპირობებდა მის დადგომას.

– ახლა ჯვარზე გავაკრავთ ღმერთს და ცოტა სერიოზულად მოიქეცი, ეს კვერცხები არ მიალეწო – სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა დადის.
– სისხლი წამოუვა ?
– კი წამოუვა.
– შენც გააკრავ, დადი, ღმერთს ?
– კი, მეც.
– იმიტომ გაქვს ხელები წითელი ?
– კი, იმიტომ – ცრემლი მოუგორავდა დადის თვალებიდან და საკუთარი ხელების უაზროდ ფათურს იწყებდა.
ხან ცდილობდა, რომ წინსაფარში დაემალა, ხანაც – ზურგს უკან.

მერე წითელი კვერცხები წინასწარ საგულდაგულოდ გამზადებულ თივაზე ამოჰქონდა.
– ცოტა გაგრილდეს და გააპრიალე – ცხიმით გაჟღენთილ ჟორჟეტის ნაჭერს მომაწვდიდა, ზემოთ აიხედავდა და:
– წამოვა თავსხმა ახლა, ღორონთ განჭყორუ ქიანას, ობშხა ჭითა შხვანერო ვაშინერს!
თქმა იყო და მოიქუფრებოდა.

კამკამა, უღრუბლო ციდან იტირებდნენ ჯვარცმული მაცხოვარი და ღვთისმშობელი.
ჩემს თვალწინ კი დადი ტიროდა, თითქოს მართლა თავად გაეკრა ჯვარზე ღმერთი და ენდროში გაწითლებული ხელები მართლაც მაცხოვრის სისხლში გაეთხვარა.

თალხისფერი დაჰკრავდა იმ სევდიან დღეს ცხონებულს და ხელის მტევნებს დაჰყურებდა დაჟინებით…”