26 აპრილი, 2022

ბესიკ ხარანაულის ოქროს სიტყვები

ნამდვილად ოქროს სიტყვებია ბესიკ ხარანაულის მიერ სამშობლოსთვის მიძღვნილ ლექსში წარმოდგენილი თითოეული ტაეპი:

“ნანა, საქართველოს მიწავ!

ნანა, საქართველოს მიწავ!
საქართველოს მთავ და ველო,
დაიძინე, დაღლილი ხარ,
ტანჯული ხარ, საყვარელო…
გაძრცვილი ხარ, გაცლილი ხარ,
ზვარში თითქო ქარებს ევლო.
დაიძინე, დაღლილი ხარ,
ტანჯული ხარ, საყვარელო…
სიზმარი თუ ტკბილი ნახე,
სცადე, რომე გაიგრძელო,
ცხადს ერიდე, ცხადი ჩვენ ვართ,
ცხადი ჩვენ ვართ, სანატრელო,
და განცხრომა გვირჩევნია,
გან თუ ბრძოლა სასახელო,
ნანა, საქართველოს მიწავ,
დაიძინე, საყვარელო…
ქარი დაგქრის, ქარი გხოკავს,
ფერი გადაცლია მდელოს,
მახვილს, შენზე გადმოქნეულს
შენივ შვილის ხელი ევლო,
ძილში მაინც დაისვენე,
ნუღა ბორგავ, სანატრელო…
ჯერ სვავები არ გამძღარან,
ჯერაც ისევ მგელი მგელობს,
ჯერეთ ძილი გირჩევნია,
დაიძინე, საყვარელო!
ქართლ-კახეთო, იმერეთო,
გურიავ და სამეგრელო,
ნუღარც ხმალი გელანდება,
ნუღარც ჩანგი სარუსთველო,
დაიძინე, დაღლილი ხარ,
ტანჯული ხარ, საქართველო!”