31 მარტი, 2022

ზვიად გამსახურდიას გენიალური წერილი ინტელიგენციაზე

ზვიად გამსახურდიას სიმართლის თქმა და ბოროტებასთან დაპირისპირება სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რაც დრო გადის, მისი თითოეული სიტყვა კიდევ უფრო ღირებული და ფასეულია.

“არტინფო” გთავაზობთ მის გენიალურ წერილს ინტელიგენციაზე:

“სოციალისტურმა ტოტალიტარიზმმა კირკესეული ჯადოქრობით ღორებად აქცია მასა, მაგრამ მან ვერ შესძლო ერთგულ პიროვნებათა ამგვარი ტრანსფორმაცია. ამ პიროვნებებმა შეინარჩუნეს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი, შეინარჩუნეს ნათელი თვალთახედვა გარემო მოვლენებზე. მათი დეზორიენტაცია ვერ შესძლო თვით დახვეწილმა დემაგოგმაც კი…

და აი, ამ დილემის დამნახველი ინტელიგენციის მხოლოდ მცირე ნაწილი ირჩევს გზას მარტვილობისას, თვითდათმობისას, უთანასწორო ბრძოლისას ციხეებისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოების ჭანგებით აღჭურვილ ურჩხულთან. ეს გასაგებიცაა. უფრო იოლია თვალის დახუჭვა, საკუთარი პოზიციის გამაგრება “კეთილგონიერებით”, “შორსმჭვრეტელობით”, ან თუნდაც დევიზით: “სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან”. უფრო მეტიც, ოპორტუნისტულად განწყობილი ინტელიგენცია დღეს კი ინიღბება “გონივრული ინტელიგენციის” ნიღბით, ვითომდა ბრძოლის უფრო ეფექტური საშუალებებით, ვიდრე “კედლისათვის თავის შეხლაა”. ამიტომ გამრავლდა ჩვენში “მინიშნებითი, წამყოფითი ლიტერატურა”, ყველასათვის უჩინარი და შეუმჩნეველი დაპირისპირება რეჟიმის უსამართლობასთან და ა.შ.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოველივე ამას თვით ტოტალიტარული ხელისუფლება ზოგჯერ ფარულად თავად უწყობს ხელს, რათა შექმნას ილუზია სიტყვის თავისუფლებისა, ლიბერალიზაციისა, რათა ხალხში აღძრას სურვილი ოპოზიციური ჟინის მოკვლისა იმგვარად ნათქვამი და უმისამართო გამოხტომებით, რომლებიც ვიღაც-ვიღაცეების მიხედვით “რეჟიმის წინააღმდეგ არიან მიმართული”. ეს უფრო ეფექტური საშუალებაა დისიდენტურ გამოსვლებთან ბრძოლისა, ვიდრე უხეში ადმინისტრირება ან პირდაპირი რეპრესირება ნამდვილი ოპოზიციონერებისა, დისიდენტების დისკრედიტაცია, როგორც “უტაქტო”, “დიპლომატიას მოკლებული ადამიანებისა”, ან ფრთხილი შეფასება, როგორც “ოდნავ ჭკუაზე გადამცდარი ხალხისა”, ზემოხსენებულ “ბრძენ ოპოზიციონერთაგან” განსხვავებით, იგი რეჟიმის მიზნებს საუკეთესოდ ემსახურება, ვინაიდან რეჟიმი კვლავ განაგრძობს არსებობას, ხოლო ოპოზიციური ვნებები, რომელიც უფრო და უფრო იზრდება ხალხში, ამგვარი სათამაშო თოფის სროლით კმაყოფილდებიან.

ბოლოს იქმნება ილუზია დემოკრატიული საზოგადოებისა, სადაც დისიდენტები რეალობის გრძნობას მოწყვეტილი ხორცმეტები, ან “დემაგოგი ავისმჩხრეკელი ნაძირალები” არიან, ხოლო სუკ-ის აგენტები – “ჭეშმარიტ ინტელიგენციას” წარმოადგენენ.”