5 მარტი, 2022

ნინო კასრაძის არაჩვეულებრივი სიტყვა

მსახიობ ნინო კასრაძის თეატრალური თუ კინოროლები ათასობით მაყურებელს აღაფრთოვანებს.

მისმა არაჩვეულებრივმა სიტყვებმა რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ შეკრებაზე, მსახიობს კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი გაუჩინა:

“XXI საუკუნეში 10 დღის წინ სიტყვა მშვიდობა ომზე უფრო საშიში გახდა. მშვიდობა ხშირად სიმშვიდის, არდანახვის, წაყრუების, მომხვეჭელობის და კონსიუმერიზმის სინონიმი გახდა. მშვიდობის სახელით თვალს ვხუჭადვდით ყველაფერ საშინელებაზე. უკრაინელმა ხალხმა კი ამ ვითომ მშვიდობაზე უარი თქვა და ჩაება ბრძოლაში თავისი მიწისთვის, თავისი მშობლების, ბებიებისა და ბაბუების საფლავებისთვის, თავისი ცხოველებისთვის, რომლებიც არ დატოვეს კიევში და სხვა ქალაქებსა და სოფლებში, იმისთვის, რომ ჰქონოდათ არჩევანი, როგორც უნდოდათ იმ ენაზე ელაპარაკათ თავიანთ მიწაზე, თვითონ გადაეწყვიტათ, როგორ მოევლოთ თავიანთი წინაპრების საფლავებისთვის და როგორ იცხოვრონ მომავალში უკრაინაში. ამისთვის შეელივნენ ყველანირ კომფორტს, ყველანაირ კარგ ცხოვრებას, კაფეებში სიარულს, პირობითად, რა თქმა უნდა, და ჩაებნენ ბრძოლაში.

უდიდეს მოწიწებასა და პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ. სოლიდარობას ყველა უცხადებს, მაგრამ მე პატივს ვცემ ამ ხალხს. ისინი მაგალითი არიან მთელი კაცობრიობისთვის და კიდევ ერთხელ დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

გუშინ თუ კიდევ რაღაც სიტყვებს ჰქონდა ფასი, მას შემდეგ, რაც დაიბომბა ატომური ელექტროსადგური, ყველა სიტყვა გაცვდა, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ერთი საშიშროების წინაშე დგას – ატომური საფრთხის წინაშე, რომელმაც არ იცის არც ევროკავშირი, არც ნატო, არც არანაირი კავშირი. მხოლოდ იცის ქარი სად წაიღებს ატომურ ღრუბელსა და ატომურ მტვერს. ამის წინაშე უკრაინა, რუსეთი, საქართველო, ევროპის დედაქალაქები თანაბარია. დღეს შავი, მუქი, ნაცრისფერი არ არსებობს – არსებობს მხოლოდ შავი და თეთრი. ყველამ დაინახა, რომ არის სიკეთე და ბოროტება და ახლა უნდა აირჩიო, რომელ მხარეს დადგე.

ეს ომი ყველას კარზე მიაკაკუნებს, დროის ამბავია. ვთხოვ მსოფლიოს თანმიმდევრულები იყვნენ, ეს გრძელი პროცესია.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველების 99 პროცენტი თანაუგრძნობს უკრაინას და საშინლად სტკივა გული. ამას ვხედავ ყოველდღიურად, გადარიცხვებიდან, აქ როგორ იკრიბება ხალხი, ფალიაშვილის ქუჩაზე ხალხს თითო შეკვრა რაღაც მოჰქონდა, სიმწრისგან და ბრაზისგან ცრემლებს ყლაპავდა. ეს იყო სალბუნი მათ გულზე. ვგრძნობ ქართველების ტკივილს და სოლიდარობას, მაგრამ დღეს არის ის ეგზისტენციალური სარფთხე, რომელზეც ხშირად გვეუბნებოდნენ და დადგა ის დღე – ჩვენ შეიძლება ფიზიკურად გავნადგურდეთ. რა თქმა უნდა, საქართველო ომში არ უნდა ჩაებას, რომელ ჭკუათმყოფელს ჰგონია სხვანაირად, მაგრამ მეორე მხარეს არის კიდევ უფრო საშიში რამ – ეს არის ღირსების დაკარგვა. ამ ორის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

რა არის ცხოვრება ღირსების გარეშე და ღირსება ცხოვრების გარეშე?! ამ გამოწვევას ვერ გაუძლებს საქართველო ერთი პარტიით, ან მეორე პარტიით. ამას გადაწყვეტს მხოლოდ ერთიანობა, მხოლოდ მთლიანობა. ხომ ვთანხმდებით, რომ ომია, რაღაც ელოდებით? იმას ელოდებით, სანამ დაიბომბება ჩვენი ქუჩები? ყველაფერი უნდა იყოს გადადებული და ერთი აზრი უნდა იყოს მოძებნილი, ეს არის მართლა ერთი დიდი საფრთხე და აქ არ არსებობს განსხვავებული აზრი, ამას ცალ-ცალკე ვერავინ გააკეთებს. მხოლოდ ერი წყვეტს იმას, როგორ გადარჩეს და ღირსება შეინარჩუნოს. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა გაერთიანდით, გონს მოდით და ყველა მოვძებნით ჩვენს თავში ძალას, რომ თვითონაც დავძლიოთ განხეთქილება, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ავიღოთ მაგალითი უკრაინისგან.”