2 მარტი, 2022

კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური ტექსტი

კონსტანტინე გამსახურდიას – კლასიკოსი მწერლის გენიალური ტექსტი გაგვიზიარა მისმა შვილიშვილმა.

კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსი:

“სლანსკი, 117! ყურადღებით გაეცანით და მიხვდებით, რატომაც გაცნობთ.

ეს არის კონსტანტინე გამსახურდიას რიგით პირველი, ექსპრესიონისტული რომანის, “დიონისოს ღიმილის” (1926) ერთ-ერთი ბოლო თავი – ჰქვია “კონსტანტინე სავარსამიძის ჯოჯოხეთად ჩასვლა”. კონსტანტინე სავარსამიძე, მთავარი გმირი სიზმარში ჯოჯოხეთად ჩადის და ხედავს ორ მეგობარს – გერმანელ ჰერბერტ შტუდერსს და ჩერქეზ ხალილ-ბეის. (რა საზრისი რას ნიშნავს, თავად მიხვდით, განმარტებებს აღარ დავიწყებ) სამივე თორ-აბჯარს ჩაიცვამს. ფრთოსან წითელ გველს გამოეკიდნენ, რომელმაც ისინი მიიყვანა ჩრდილოეთის მეფის კოშკთან:

“კოშკის გარშემო ძონძებიანი ქაჯები ფერხულს უვლიდნენ. ავედი ჭანდარზე და შევჰრისხე ბნელეთის მოციქულები: გრიაიი, გრიიი. გრიაიიი, გრიიი.
კოშკს მივადექით. ქაჯები გაჰქრნენ.

„შენ დასავლეთით მოუარე, ვეუბნები ჰერბერტს, მე და ხალილი სამხრეთიდან შევუტევთ“.
სამჯერ შემოვუარეთ კოშკს, კარს ვერ მივაგენით. ერთ ადგილას ფეხი ვჰკარი და კარი შევაღე, სპირალურ კიბეს ავჰყევით, უშველებელი მარმარილოს დარბაზი დაგვხვდა.

მარმარილოს ტახტზე ღაწვმაღალი, ყვითელეპოლეტებიანი მონღოლი იჯდა. ფართე, განზე გამდგარი ყვითელი ყურები ჰქონდა. ყურებიდან თელგამი მოსდიოდა. თავჩაქინდრული ყვინთავდა. სამივე შევდექით, ვხედავ: თავზე ჩრდილოეთის მეფის გვირგვინი აქვს, მუხლზე ორთავიანი არწივი უზის. ერთ თავზე ბაგრატიონის გვირგვინია, გვირგვინში — თამარის ალმასი!
შუბს დაყრდნობილი ორი რაინდი მცველად უდგა მარცხნივ და მარჯვნივ. მარჯვენას შავი ეცვა, მარცხენას – ენდროსფერი.
”სლანსკი!“ დავუყვირე მე, და ჩემსავე ხმაში ფოლადისებური წკრიალი გავიგონე. ტახტზე მჯდომმა სისხლიანი თვალები ამართა და მიყურებს თავისი ზანტი, ხანჭკოლასფერი თვალებით. სახე დასივებია, წითელი ძარღვები ზედ ასკდება.
ახლოს მივედი. თამარის ალმასს თვალს არ ვაშორებ, და როგორც ბავშვი, რომელსაც სათამაშო წაართვეს, ჭირვეულად ვუბაკუნებ ფეხს:
„სლანსკი, დამიბრუნე დედაჩემის ალმასის თვალი“.
სლანსკიმ ისევ დახუჭა თვალი, თითქოს არც კი გაუგონიაო, და განაგრძო თვლემა.
„სლანსკი! შენ – ყინულეთი, მე – მზისგული, შენ – თოვლი, მე – ცეცხლი, შენ- მურტალი, ღორის ტყავის ფარივით ფართო და რგვალი, მე – ქართულ სატევარსავით ბასრი და წვეტიანი, სლანსკი მე და შენ ერთ სახლში ვერ დავეტევით!“

სლანსკი ისევ სთვლემს.
მე მივბრუნდი ჩემ ძმებთან.
„სლანსკი – მე, ენდროსფერი – ჰერბერტს, შავ რაინდს შენ გამოუდექი, ხალილ ბეი“, ვეუბნები.
ჩვენ შემოვურბინეთ ტახტს, შევსძახეთ და შევუტიეთ.
„სლანსკიიიიი“! ვუყივლე მთვლემარეს, „ადექ და ხრმალმა გაგვასწოროს“.
სლანსკი წამოდგა. მოიძრო თეთრი ყარყუმის მოსასხამი, იძრო ხრმალი სწორპირიანი. ხელი მივჰყავი და მოვიმარჯვე არგვეთის მთავრის ხორასნული, შემოვუქნიე,შემოვკარი ჯაჭვის ჩაბალახზე.

სლანსკიმ გვირგვინი განზე გადასდო, ტახტიდან ჩამოსვლა იკადრა, ალმასის ქურდივით გაწითლდა და შემომიტია.
„სლანსკი, ასჩვიდმეტი” შევსძახე მე, სავარსამიძემ.
„კიდევ ამდენი“, ამბობს და მოდის დათვი პირსისხლიანი.
„ცოოფ“, დავიღრიალე მე მამიჩემის ფოლადისებური ხმით.
„რაკა“, დაიძახა არაყისაგან ყელგამოთუთქულმა ლოთმა და მომიქნია ხრმალი, ვიშიშვლე ხრმალი არგვეთის მთავრის, ვახსენე სამჯერ ტაია შელია.
„უკუდექ, ჩემი სისხლით გალეშილო, დედაჩემის ალმასის ქურდო“. შევრისხე მტერი და გავეკიდე. სლანსკიმ თეძოში მცა ხრმალი.

გავმართე მკლავი და ვაძგერე არგვეთის მთავრის ხრმალი. სლანსკიმ უკან დახევა იკადრა და ხრმალი ხრმალზე შემომაგება, ყინულივით გადაუთალა ჩემმა ხრმალმა მოსისხარს ხრმალი.

სლანსკიმ წათი აიღო და შემომიტია. წათიც გადაჭრა ჩემმა ხრმალმა. სლანსკიმ ოროლი შემომაგება. ოროლიც გადაუტყდა და წერაქვცული იშიშვლა სლანსკიმ. წერაქვცულიც გადავუჩეხე. სლანსკიმ გრძელი შუბი მოიშველია. შუბიც გაჰკვეთა არგვეთის მთავრის ხრმალმა. სამი დღე და სამი ღამე ვიბრძოდით. ორივეს შემოგვეძარცვა ჯაჭვ -საჭურველი. ფოლადმა დახია ორთავეს ტანზე ჯაჭვის კურტაკები, შემოგვეძარცვა ჩაბალახები, სამკლავენი, ბექთარნი, სამუხლენი და საბარკლენი.

სლანსკის გადაჩეხილი შუბის ტარი ეკავა ხელში. მე ძველქართული რაინდობა გამოვიჩინე. ხრმალი გავაგდე, ხრმლით არ შეგებმი- მეთქი უიარაღოს და მივედით ხელდახელ ერთმანეთზე, სლანსკი და მე –- სავარსამიძე. ყინულეთი და მზისგული, ცეცხლი და ქარი.

მომაწვა გრუზა, უჯიათი. სლანსკი მთვრალი დევივით დაბობღავდა. მე მარდად ვუსხლტებოდი ხელიდგან. ავახიე ყვითელი ეპოლეტები, ფეხით გავთელე; აქსელბანტები ავაგლიჯე. ვცემდი ცხვირპირში, მომხვია მკლავები ამ მაჯლაჯუნამ, და ჭრიალი დაიწყეს ჩემმა ძვლებმა. წამოვუწექი, ქართული მოგვერდი დამვიწყებია, ამიტომაც ვეღარ გადავიტანე ამხელა ახმახი.

მკერდზე დამაწვა ეს უჯიათი, სული მეხუთება. რა ახლოს მიმზერიან მისი ცივი, საზიზღარი, ლოპინარისფერი თვალები! არყის სუნი მოდის მისი ლორწიანი პირიდან, ნივრისა და დამპალი კომბოსტოს სუნმა ამაქოთა. ტლანქი ხელები წამიჭირა ყელში და მახრჩობს. ვეძახი ჩემს ძიძიშვილებს… მიშველეთ, ძმებო, მტერმა დამძლია.
ჰერბერტსა და ხალილ ბეის ვეძახი.
ისინი ტალად მდგარებს გამოსდგომოდნენ.

ვიძახი, ვყივი, ხმა აღარა მაქვს, გაჭირვების ოფლი მასკდება. მაშინ შევხედე სლანსკის თვალებში მე მამაჩემის ქორული მზერით და შევულოცე, ისევე, როგორც გველს ულოცავდა ტაია შელია. სლანსკის დაეძინა. ავდექი. არგვეთის მთავრის ხრმალი ავიღე ისევ. ისევ გაიღვიძა. ხრმალი რომ დაინახა, შემევედრა:
„ნუ მომკლავ და შენს მიჯნურს გასწავლიო“, შევპირდი.

„ირბინე აქედგან მზის დასავლისაკენ, იქ ვენახია ყვავილოვანი, ლაპისლაზული და სმარაგდი ასხია ლერწებს და იქ დაგხვდება ღმერთების მიჯნური“.

მეც ისევე ავუსრულე პირობა, როგორც… მან ამისრულა ერთხელ… ყელი გამოვჭერი და სისხლი დავლიე”.
სლანსკი რომანში ერთხელ ჩნდება: ის არის თეთრგვარდიელი ოფიცერი, რომელმაც “ერეხელი ვარ და მერეხელის” სიმღერისას დაუღრიალა მეგრელებს და ჩერქეზს: “პრიკრაწიწე ვაში ძიკიე ვოპლი!” – ჰოდა გაუერთიანეს თავ-პირი სავარსამიძემ, ხალილმა და თადა ლანდიამ, სამეგრელოდან ჩამოსულმა ტერორისტმა. მაგრამ ცუდად აეკვიატა მისი მონღოლური სახე სავარსამიძეს.

სათაურის 117 წელი ითვლება ასე: 1918 (დამოუკიდებლობის გამოცხადების წელი) მინუს 1801 (სამეფოს გაუქმების წელი) = 117-ს.”