26 მარტი, 2022

კატო ჯავახიშვილის უძლიერესი წერილი

პოეტმა კატო ჯავახიშვილმა თავის ერთგულ მკითხველებს ძალიან კარგი წერილი დაუწერა:

“მარო მაყაშვილის ქვეყანა რომ ხარ და ისტორიის სანაგვეზე მოისვრი წარსულს. დაკარგული და დახვრეტილი მწერლების ქვეყანა რომ ხარ. 9 აპრილის ქვეყანა რომ ხარ. ანწუხელიძის. დამოუკიდებლობისთვის სისხლგაღებული და აჯანყებებით სავსე ქვეყანა რომ ხარ. დისიდენტების თავშესაფარი ქვეყანა რომ ხარ, როგორ დაგავიწყდა და როგორ გცალია ამ რთულ დროს ერთმანეთის საჯიჯგნად, როგორ გცალია ღალატისთვის, თითების ცხვირში ტრიალისთვის, დაყოფისთვის? დროის გაყვანისთვის როგორ გცალია? ახლა უნდა იჯდე და ცდილობდე, შეცდომები გამოასწორო – ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირო, ინერციით კი არა, სახელმწიფოებრივად იაზროვნო. დროს კი არ მიყვე, გამოიყენო. აბლაბუდა კი არ მოქსოვო, უსაფრთხოება გააძლიერო. პური კი არ იყიდო – ხორბალი დათესო. კი არ იარსებო – იბრძოლო, რომ ხვალ შენმა შვილმა სკოლის სახელმძღვანელოში ტყუილი არ ამოიკითხოს. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გააცოცხლო, რეგიონებში იმუშაო, ეთნიკურ უმცირესობებს მიხედო, ჯარისკაცს რეპუტაცია დაუბრუნო. თუ არა და, მთელი შენი ისტორია ტყუილი ყოფილა, ჩემო მოტყუებულო საქართველოვ!”