17 მარტი, 2022

ელენე ახვლედიანის სიმამაცე გალაკტიონ ტაბიძის დაკრძალვაზე

პოეტმა გალაკტიონ ტაბიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით 17 მარტს დაასრულა. მის გარდაცვალებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით, მხატვარი კორნელი სალაძე ელენე ახვლედიანის სიმამაცეზე აღტაცებული ყვებოდა:

“… ვერცხლის გვირგვინი მივიტანეთ მხატვრებმა გალაკტიონის დასაფლავებაზე. ერთად წავედით: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, აპოლონ ქუთათელაძე, მე და კიდევ რამდენიმე მხატვარი.
გზებია შეკრული. არ გვიშვებენ.

– მე ელენე ახვლედიანი ვარ, ეს კი ლადო გუდიაშვილიაო, – ელიჩკამ.

– ვინც არ უნდა იყოთ, ნაბრძანები გვაქვს, ვერ გაგატარებთო, – მილიციის სერჟანტმა.

ელიჩკამ სახელოში მოჰკიდა ხელი და ისე შეუკურთხა უდანაშაულო წესრიგის დამცველს, რომ მე და გუდიაშვილმა ყურებზე თითები წავივლეთ. ხმაურზე ვიღაც მაღალი ჩინის კაცი მოვიდა და, როგორც იქნა, გაგვატარეს.

გალაკტიონის დასაფლავებისადმი მიძღვნილი ლექსი ჯიბეში მედო, მაგრამ ვინ წამაკითხა…”