5 მარტი, 2022

დაუვიწყარი გაკვეთილი ზურაბ გორგილაძისგან 

პოეტი გენრი დოლიძე თავისი უფროსი კოლეგის პოეტ ზურაბ გორგილაძის ლექსს “ძველი გაკვეთილები” გვახსენებს:

 

“ამ საოცარ ლექსს “ძველი გაკვეთილები” ჰქვია… კრემლში ამღერებულ “ქართველებზე” გამახსენდა:

 

“რომ მსახურებ, – ვის მსახურებ,

ვის ტახტს ვარცხნი, ვის სოფელში წვები…

უპირველეს! – უნდილაძე გაიხსენე,

უნდილაძის უპატრონო ძვლები.

ჩანგის მეფე გაიხსენე!

ჩალმის ფარფლი თავსამკაულს ზედან,

სპარსის ენით გაბანგული მღერალობა,

და… ისპაჰანს დაგლეჯილი დედა.

მოურავიც გაიხსენე!

გულმძვინვარე ხმალ-ხაფი და კვერთხი,

დაცამხობილ ტახტებსა და სატახტოებს,

შაჰს და ხონთქარს რომ უფენდა ფერხთით.

გაიხსენე! – მაშრიყიდან მაღრიბამდე

ახვეტილი ალაფიც და ღალაც,

ზურგში დანა, ყმობასა და ერთგულებას,

შვილის თავი, – უზენაეს ღალატს.

ყველაფერი ამოყარეს…

პატივის და პატიების ღირსი,

მაცოდინე! – რომელ ქართველს დაუფასდა

უღელი და სამსახური სხვისი.

მტრისას! მტრისას! რაც წაჰკიდეს,

რაც დამართეს! – ძმავ, შვილო და მამავ,

სხვის თეოზე აყეფებულ მგელ-ქოფაკებს,

სხვის ყოფაზე აყივლებულ მამალს.

სადროშოებს, სამრეკლოებს, საფიხვნოებს,

სისხლს აკლია! – ლხინად ვარ თუ მიჭირს,

სხვის ღორძინს და ძლიერებას გადაკლული,

შვილთა ჩვენთა სახსარიც და ნიჭიც.

კარგად გაისიგრძეგანე! –

შენი გმირიც, შენი ურჩიც, მხდალიც…

რას ეტყვიან თავმომწონე თაობები

ერთ ჩექმაში დაბერებულ სტალინს.

რაღა დროის… დამტვრევიათ რქები ხარებს,

სხვის უღელში და გუთანში ნაბამთ

უპირველეს! – შენს ქვეყანას მოუარე,

დამბადებელს ემსახურე, ბაბა!”