1 მარტი, 2022

არაჩვეულებრივი წერილი გია მურღულიასგან

გია მურღულია თავის მკითხველებს ყოველთვის ანებივრებს შესანიშნავი წერილებით.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“ეს ამბავი საქართველოში ყველამ იცის:

ლუარსაბი ქალს ირთავს, რომელიც ჯერ არ უნახავს. შეხედა თუ არა, რა თქმა უნდა გაჯიქდა – ამ ქალს ცოლად არ მოვიყვანო. არც გაემტყუნება – ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ასე იტყოდა.

დარეჯანის მამა, მოსე ლუარსაბის ძმას განზე გაიხმობს და მათ შორის ასეთი დიალოგი იმართება:
– ეს ხუთი თუმანი, დაჩუმდი, შენ რა გინდა? შენ ხომ არ ირთავ?
დავითი დარბილდა.
– ხუთ თუმანზე ძმა როგორ გავყიდო? – უპასუხა.
– შვიდი იყოს.
– ან შვიდად.
– რვა იყოს
– ვერც რვა თუმნად.
– მაშ რამდენი გინდა?
– ათი მაინც იყოს.
– ცხრაზედ რას იტყვი?
– არა, ათი.
– ეჰ, ჯანი გავარდეს: ათი იყოს.

როგორც აკაკი ბაქრაძე ამბობდა, ასეთი ფიქრი თუ განწყობა – “შენ ხომ არ ირთავ?” ღუპავს ადამიანებს – სხვების პრობლემათა იგნორირება ბევრისთვის ცხოვრების მთავარი პრინციპია.

ამაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ რამდენად შორს წავა კაცი იმ გზაზე, რომელზეც სარგებელი წინ უსწრებს ზნეობას.

მავანთა კრედო (ისინი ძალიან ბევრნი არიან) ასეთია:

ადამიანის გაყიდვა ხუთ თუმნად არ შეიძლება – ამისთვის ათი თუმანი მაინც არის საჭირო.

ძველი ნათქვამია: “ის, რაც არ იყიდება ფულზე, იყიდება დიდ ფულზე.”

ეს ფრაზა, სამწუხაროდ, ხშირად მართლდება, მაგრამ, საბედნიეროდ, ყოველთვის – არა.

სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას, თავდადებას, ღირსებას, სამართლიანობას კეთილშობილი ადამიანის თავსა და გულში ფასი არ აქვს.

ათ თუმნად რომ ძმა გაყიდო, “კაცია-ადამიანის” დავითი უნდა იყო.

როდესაც ფული სულს ეუფლება, სხვა “გამოსავალი” არც არსებობს.

ლუარსაბი არ არის იდეალური, მაგრამ მისი გაყიდვაც უზნეობაა და გამართლება (“რა უჭირს ლუარსაბს? – ადვილად გადაიტანს და შეეგუება”) არ აქვს.

თუ ოდესმე ვინმესგან გაიგონებთ: “ხუთ თუმანზე ძმა როგორ გავყიდო?”, იცოდეთ, რომ ამ ადამიანს არ უნდა ენდოთ.

აქ ლაპარაკი მხოლოდ ფასზეა და არა პრინციპზე.”