10 თებერვალი, 2022

ზურაბ კიკნაძე თენგიზ მირზაშვილზე

ფოლკლორისტი და ლიტერატორი ზურაბ კიკნაძე მხატვარ თენგიზ მირზაშვილს – ჩუბჩიკას საოცარ წერილს უძღვნის:

“თამაში ნაღდი მარგალიტებით

ერთგან თომას მანი ლაპარაკობს, რომ მწერალთა უმრავლესობა გზააბნეული ფერმწერნი, გრაფიკოსები, მოქანდაკეები თუ არქიტექტორები არიან, მე კი მუსიკოსებს მივათვლი ჩემს თავსო. ეს თითქოს ხუმრობით თუ ნახევარხუმრობით ნათქვამი ნამდვილად ხელოვნების სიღრმისეულ სტრუქტურასა და დაფარულ ძირებს სწვდება, და თუ პროკლე-პეტრიწის გენიალურ თეზისს მოვიშველიებთ, “ყოველივე სიმრავლე ეზიარების რაითამე ერთსა”, უცილობლად უნდა დავეთანხმოთ. ჩვენი ინტუიციები მის ჭეშმარიტებას ადასტურებს. ერთია და ერთიანი ხელოვნების გამოუვლენელი სული, სიმრავლე დღის სინათლეზე მისი ცხადჩენაა. თუ ჩინურ ფილოსოფიურ-ესთეტურ კატეგორიებს მივმართავთ, ეს არის ერთი უცვლელი მეტაფიზიკური დაოს გამოვლენები დეს ფენომენალურ სამყაროში.

როცა ვუყურებ, ვათვალიერებ, ვაკვირდები თენგიზ მირზაშვილის ფერწერულ პიესებს, – გერმანელი მწერლის ეს აზრი მახსენდება. თუ რომანისტი სიტყვაში გადართულ მუსიკოსად, სიმფონისტად განიცდის თავს, რა შეგვიძლია ვთქვათ ჩვენს მხატვარზე? მის თითოეულ ნახატს ვუსმენთ და ვკითხულობთ, როგორც ერთ დასრულებულ მელოდიას ან ტანკას თუ ჰაიკუს, – რატომ მაინცდამაინც პოეზიის ამ ეგზოტურ ჟანრებს? მხატვრის პიესები, ვუწოდოთ მათ თუნდაც ტრადიციულად ეტიუდები, თავისი ლაკონიურობით და კანონიკურობამდე მისული სიმკაცრით ძალდაუტანებლად, გააზრებული ფიქრის გარეშე იწვევს ასოციაციას იაპონურ თუ ჩინურ და, საზოგადოდ, იეროგლიფური კულტურის ხელოვნებასთან. მიუხედავად მშობლიური ანტურაჟისა, რომელსაც ჩვენი მთები, ჩვენი ადამიანები – წყვილად თუ ეულად – ჩვენი ცხვრები თუ ჩვენი მიტოვებული საყდრები ძერწავენ, მათ განზოგადების უდიდესი უნარი აქვთ. ენა, რომლითაც ისინი მეტყველებენ, იგივე ენაა, რომლითაც ჰოკუსაის ნახატი თუ ტაკუბოკუს ტანკა ეუბნება მათ მზერელს და მკითხველ-მსმენელს, თვალსა და ყურს.

სიუჟეტურად პიესები შეიძლება – ერთი თვალის მოკვრით ან თვალის ზერელე გადავლებით – ერთმანეთის იდენტურნი გამოჩნდნენ. ათეულობით პიესიდან პიესაში გადადის თითქოს უცვლელად ერთი და იმავე ლანდშაფტისა თუ ხელითქმნილ საგანთა თაიგული, რითაც ავტორი ავსებს ჩარჩოში მომწყვდეულ არემარეს. ისინი თითქოს მრავალრიცხოვანი ტყუპისცალებია, მსგავსნი და მაინც განუმეორებელნი. თავის საკუთარ კანონში, ერქვას მას ჩარჩო, რომელიც მხატვარმა დაუწესა ფუნჯს, კიდეც იმეორებს ქმნილს და, იმავდროულად, კიდეც ქმნის უკვე ქმნილის სხვას. ფუნჯის ყოველდღიურმა მრვალწლიანმა წვრთნამ ერთსა და იმავე სიუჟეტურ მოტივებზე არ დაშტამპა ხელი, არამედ შესძინა თავისუფლება იმისათვის, რათა მას საკუთარი ნებით, თითქოს პატრონის უნებურად, ის ერთი – მის სხვაგვარ ყოფნებში თუ სხვაგვარყოფნის მოდუსებში, როგორც მარგალიტებით თამაშში ემრავლებინა. და, როგორც ძველ ჩინელ ფერმწერებს, მხატვარ-პოეტებს, რომლებიც ღრმად იყვნენ ჩამწვდარნი მშობლიური ლანდშაფტის ფორმებს, არასდროს უხატავთ ნატურიდან, ასევე ჩვენი მხატვარი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ აირჩია ბუნების მთლიანობის პარადოქსულად შემცველი ფრაგმენტი, აღარ უბრუნდება დედანს. ერთხელ ოდესღაც პირველად ხილული ხატი სამუდამოდ დამახსოვრებულია, – მის ხსოვნას ინახავს, მას დაატარებს მისი ხელი. მხოლოდ ხელმა იცის მარადიული დაოსა და კონკრეტულ-წარმავალი დეს მრავალფეროვნების დიალექტიკა. ხელშია უცვლელი დაო, რომელიც ცვალებად დეში სახიერდება.

შორიდან (“სიშორის სიახლოვით”) თუ საიდანღაც ზემოდან მოჩანს ადამიანი მარტოობაში ცასა და მიწას შორის, ან ადამიანთა წყვილი ან სიმრავლე ქალთა და კაცთა, ბავშვთა, ცხოველი ან ცხოველები – ცხვარი და ცხენი ადამიანური სიმარტოვის დასაძლევად და მოწყენილობის სულის განსაქარვებლად; ან მხოლოდ შენობა – ღვთის სახლი და ადამიანთა საცხოვრებელნი; ხე ან ხეები; მთა; ცაში ქუფრი თუ კაშკაშა ღრუბლები; დამრეცი ნიადაგი – ადამიანთა მიწა. ეს არის და ეს. ამათი პერმუტაციები ქმნის და კვლავ შექმნის (პროცესს ბოლო არ უჩანს) ერთმანეთისგან არამკვეთრად, მაგრამ წარუშლელად განსხვავებულ ინდივიდუალობებს. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ისინი ერთმანეთს აღმოაცენებენ, როგორც ჰანგი წარმოშობს ჰანგს, სიტყვა – სიტყვას, ფერი – ფერს, და ასე შემდეგ. მათზე თავისუფლად გავრცელდება აზრი, რასაც სემიონ ფრანკი ონტოლოგიურ სინამდვილეზე გამოთქვამს, როცა ამბობს, რომ დაწყებული ყოფიერების ყოვლისმომცველი ერთობიდან ქვიშის უმცირესი მარცვლით დამთავრებული ყველაფერი მხოლოობით რიცხვში არსებობს ანუ, დავძენთ ჩვენ, ერთადერთია, განუმეორებელი და უნიკალური. თუ ეს ისეთ რეალობაზე ითქმის, როგორიც ხელთუქმნელი ბუნებაა, რომლის მიმართ არც თუ ხშირად იმეტებენ განუმეორებლობის კატეგორიას, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ შემოქმედი ქარხანა არ არის, რომ უსასრულოდ შტამპავდეს ეგზემპლარებს, მაშინ – რაოდენ მართლები ვიქნებით, თუ მისი – შემოქმედის – მადლით ცხებული მხატვრის ყოველი პიესის, მათ ერთიანობაში, და თითოეულის სივრცეში განფენილი მთლიანობის მონაწილეთა – თავისი ხვედრებული ქვეყნის კაცთა და ცხოველთა, მთათა და ღრუბელთა, კოშკთა და საყდართა მიმართ გავიმეორებთ.”