3 თებერვალი, 2022

ულამაზესი მიძღვნა დავით წერედიანს

გენიალურ პოეტსა და მთარგმნელს დავით წერედიანს უმცროსმა კოლეგამ რატი ამაღლობელმა ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“შხარა

(დავით წერედიანის ხსოვნას)

ჩქარა!
გამოჩნდა, გადაყარა ნისლები
შხარამ,
დაისმა მისი ქონგურები შეღება
ჟღალად.
გაშალა მხრები,
დაეუფლა სივრცეს, სიმაღლეს –
შხარა სულეთის ქალაქია,
ციხე-სიმაგრე.
შხარა სამხრეთის ვალჰალაა,
მკვდრების ვედრება,
მათი კლდეებად გაკედლება
და გამკვეთრება.
შახარამ თუ ცრემლი ჩამოღვარა,
თუკი გალღვება,
იქცევა ქოროდ, ფორმის სულთა
ხმებად, ტალღებად.
შხარა ლილეოს ყვირილია,
ხმათა ღელვაა,
მეხის დაცემა, დაჭერილი
ცათა ელვაა.
კრებაა მთავარანგელოზთა,
დასთა კრებულის
„ქრისტე აღსდგაა“ სივრცეებში
გაცხადებული.
ამ საიდუმლოს მიეცემი,
მიესალმები –
შხარას უბრალოდ კი არ ხედავს,
ისმენს სვანეთი.”