7 თებერვალი, 2022

ულამაზესი მეგი წულუკიძის არაჩვეულებრივი ამბავი

megi-culukidze.jpgსაქართველოს დამსახურებული არტისტი, რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე მეგი წულუკიძე თავისი გამორჩეული სილამაზითა და სამსახიობო მონაცემებით ატყვევებდა მაყურებელს.

დრამატურგმა რეზო კლდიაშვილმა მსახიობთან დაკავშირებით ერთი ისტორია გაიხსენა:

“ქუთაისი… ჩვენს უბანში – საფიჩხიაზე, ხარაზოვების ბაღში, კინოთეატრი გაიხსნა, სადაც ქართული ფილმების პრემიერებიც იმართებოდა. ყოველი ახალი ქართული ფილმის გამოსვლა ეკრანებზე მოვლენა იყო. უბანში ხმა დაირხა, ფილმ “პალიასტომის ტბის” ქუთაისურ პრემიერას არტისტები და რეჟისორიც დაესწრებიანო.

უბნის ბიჭები – დიდი თუ პატარა ვცდილობდით, როგორმე ბილეთი გვეშოვა, შეძრომასაც ვიკადრებდით, მაგრამ პოლიცია იცავდა იქაურობას და ახლოსაც არ გვაკარებდნენ.

იმედი რომ გადაგვეწურა და ფილმიც თითქმის იწყებოდა, ლამაზი ქალი გამოვიდა ბილეთით ხელში, ვიღაცას ელოდებოდა. იმედი, მასაც რომ გადეწურა, ჩვენსკენ გამოიხედა და ბილეთით ხელი მაღლა ასწია, მიცვივდნენ უბნელი ბიჭები. მე კიდევ, ნაბიჯიც ვერ გადავდგი.

ლამაზმა ქალმა ხელი დამიქნია, თავისკენ მიხმო, ბილეთი გადმომცა და კინოთეატრში შემიძღვა. ფილმი რომ დაიწყო, თვალებს არ ვუჯერებდი, ეკრანზე ის ქალი რომ დავინახე – ვინ აღმოჩნდა ის ლამაზი ქალი? – მეგი წულუკიძე!”