9 თებერვალი, 2022

თინათინ მღვდლიაშვილის გენიალური ანბანთქება

პოეტმა თინათიან მღვდლიაშვილმა ქართულ ანბანს უმშვენიერესი ლექსი – “ანბანთქება” მიუძღვნა:

ა ნ ბ ა ნ თ ქ ე ბ ა

სამოთხის გასაღები

დავეწაფე უფლის წყაროს,
წვეთი შევსვი ნება-ნება,
სასოებით შევიყვარე
საოცარი ანბანთქება.
ოცდაცამეტ ოქროს მტევანს
შევაგებე ჩემი გული,
თითქოს ვპოვე მე სამოთხის
გასაღები დაკარგული.
ღმერთმა თვალი ამიხილა
და დამმოძღვრა მაღალ ციდან,
თითქოს ფრთები გამომესხა,
დამეუფლა სულიწმიდა.
ანმა სული ამიმღერა,
ბანმა მომცა სიხარული,
განმა, დონმა, ენმა, ვინმა
მომანიჭეს სიყვარული.
ზენმა ზეცას მაზიარა,
დამათოვა თანმა თოვლი,
ინმა ფრთები მომიხატა,
მომიმრავლა კანმა კომლი.
ლასმა ფუძე დამილოცა,
მანმა, ნარმა მომცეს შვება.
ონი თბილად მომეფერა,
ასეთია უფლის ნება.
ჭარმა, ჟანმა, რაემ, სანმა
შემაყვარეს ქართლის მთები…
ტარმა მტკვარში მომნათლა და
დამივარცხნა უნმა ფრთები.
ფარმა ფიქრი ამიშალა, –
ნეტავ, ფარი რა ფერია?..
ქანმა ქნარით დამილოცა
ჩემი ტკბილი ივერია.
ღანმა ღმერთთან მიმიყვანა,
დაამწიფა ყარმა ყანა,
შინმა შუბი შემართა და
შმაგ გველეშაპს გაუყარა.
ჩინმა ჩუმად მიდღეგრძელა
სიცოცხლე და თვალისჩინი
და გამაცნო მეგობრები:
ცანი, ჭარი, წილი, ძილი.
ხანმა ხმალი მოიქნია,
დაამარცხა ქართვლის მტერი,
ჯანმა ჯვარი გადამწერა,
დამილოცა ერი, ბერი.
ჰაემ ცაში ამიტაცა,
მომატარა აფხაზეთი…
გადავლახეთ ლურჯი ზღვა და
მესხეთი და ჯავახეთი.
ამომიდგნენ თითქოს მხარში
მშობლიური ასოები,
სამეგრელო, სამაჩაბლო
მოვიარეთ სასოებით.
და გამანდეს საიდუმლო,
უებრო და უწმინდესი,
რომ მე უნდა ვაყვავილო
გადამჭკნარი ვაზის ფესვი.
რომ მე უნდა ვიქართველო
ამერით და იმერეთით,
რომ მიყვარდეს საქართველო
აჭარით და ხევსურეთით.
მოკრძალებით მივეახლო
ალავერდს და ცისფერ ზარზმას,
რომ ჩემს ხელში ჩამორეკოს
საქართველოს დედოზარმა.
და, რომ უნდა დავეწაფო
ცოდნის წყაროს ნება-ნება,
სასოებით შევიყვარო
საოცარი ანბანთქება.
ოცდაცამეტ ოქროს მტევანს
შევაგებო ჩემი გული,
რომ ვიპოვო მე სამოთხის
გასაღები დაკარგული.”