12 თებერვალი, 2022

თემურ ქევხიშვილის შეუფასებელი გმირობა

ლეგენდარულმა მომღერალმა თემურ ქევხიშვილმა ქართული ხალხური სიმღერა უზომოდ შეიყვარა და ათასობით ბავშვს ამ ფასდაუდებელ საგანძურს წლების განმავლობაში აზიარებდა.

ლოტბარს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენასა და გავრცელებაში. ომიანობის დროს, 90-იან წლებში, მაშინ როცა ქვეყანაში არავის ემღერებოდა, იგი ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერას ასწავლიდა – ეს შეუფასებელი გმირობაა და ალბათ ამიტომაც შეარქვა მას ხალხმა ,,საქართველოს სიმღერის მასწავლებელი”.

თემურ ქევხიშვილი წლების განმავლობაში უძღვებოდა სატელევიზიო გადაცემას ,,ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები” და სიცოცხლის ბოლომდე ქართულ ხალხურ მუსიკას ერთგულად ემსახურა.

ქართლ-კახური მღერის დიდოსტატმა დაგვიტოვა პაწაწინა ჩანაწერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ დაკარგავს აქტუალობას:

“ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული მხოლოდ სიმღერის სიყვარული კი არა, სამშობლოსა და პიროვნების სიყვარულია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, ხალხურ სიმღერაზე ძვირფასი არაფერი გაგვაჩნია.”