10 თებერვალი, 2022

ტერორი, მუქარა, დაშინება – ლატავრა ფოჩიანის დაუჯერებელი ამბავი

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ქართული ცეკვის მშვენების ლატავრა ფოჩიანის ცხოვრებას წლების განმავლობაში თან სდევდა ტერორი, მუქარა, დაშინება… ეს ყველაფერი უნიჭიერესმა მოცეკვავემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერ საპროტესტო მანიფესტაციებში მონაწილეობისთვის “დაიმსახურა.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან „მე ვადანაშაულებ“, სადაც ლატავრა ფოჩიანი იმ უმძიმეს დღეებს იხსენებს:

“…აქტიურად ვმონაწილეობდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ, სისხლიანი ხუნტის საწინააღმდეგო, მშვიდობიან, გრანდიოზულ საპროტესტო მანიფესტაციებში. ეს იყო და არის ჩემი, როგორც ქართველის, მოქალაქის, ამომრჩევლის შეგნებული ქმედება მიმართული ძალადობის, კანონის უხეში დარღვევის წინააღმდეგ.

მანიფესტაციებში მონაწილეობას არ ვერიდებოდი მაშინაც კი, როდესაც უდანაშაულო მოქალაქეებს ტყვიებით უმასპინძლდებოდნენ. 1922 წლის 7 მარტის შემდეგ, ზუსტად თარიღს ვერ ვიხსენებ, ღამის საათებში საშინელი ხმაურით ავტომატიანმა პირებმა შემოამტვრიეს სახლის სადარბაზოს კარი და გვაუწყეს, რომ ქალაქის კომენდატურიდან იყვნენ. ვიცოდი რა, კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა დარბევა – დაპატიმრებები ღამის საათებში დიდი ხნის დაწყებული იყო, მოვახერხე დამალვა.

ამ დღემდე და მის შემდეგაც, ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობდა სატელეფონო ტერორი, მუქარა, დაშინება… მპირდებოდნენ, რომ თუ კვლავ მივიღებდი მონაწილეობას კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგებში, გადამიწვავდნენ სახლს, ცოცხლად გამატყავებდნენ მოხუცი მამის თვალწინ და ა.შ.

საპროტესტო მიტინგებსა და მანიფესტაციებში კვლავ ვღებულობდი მონაწილეობას. ამიტომ ტერორის სხვა საშუალებებს მიმართეს.

ჩემს 82 წლის მამას საგარეჯოში, საკუთარ სახლში მიუვარდნენ ავტომატიანი პირები, ხელბორკილები დაადეს ჩემს ბიძაშვილს რობინზონ ფოჩიანს, ნათესავს ნინა კვირიკაშვილს და მთელი სახლი, იარაღის ძებნის მოტივით უსანქციოდ გაჩხრიკეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ღამის 10 საათზე მეორედ მიადგნენ მამაჩემის სახლს, რომელიც შიგნიდან (მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში, მამას) საგულდაგულოდ ჰქონდა ჩარაზული.

ავტომატიანებმა კარები შეამტვრიეს, სახლში შეცვივდნენ და სროლა ატეხეს. ტყვია მამაჩემს ასცდა და მოხვდა იქვე მდგომ ნინა კვირიკაშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ასეთი მეთოდებით მებრძოდა ძალადობით მოსული ხელისუფლება ჩემი მრწამსის გამო…”