11 თებერვალი, 2022

შესანიშნავი ჩანაწერი ნიკოლოზ ბარათაშვილზე

რომანტიკოს პოეტზე ნიკოლოზ ბარათაშვილზე ძალიან საინტერესო წერილს გვთავაზობს ხელოვნებამცოდნე ნოდარ პაპუაშვილი:

“1844 წელია, თებერვლის დასაწყისი. უკვე ნახჭევანშია, მაზრის უფროსის თანაშემწედ. მაზრის უფროსი, ვგონებ, ლევან მელიქიშვილია.

უკვე შორსაა მისი ტფილისი, მის მიმართ ყრუ და ჩაკეტილი, შორს არიან: ეკატერინე და ნინო ჭავჭავაძეები, მანანა ორბელიანი, მისი მესაიდუმლე, სიყრმის მეგობარი მაიკო ორბელიანი. ბიძა ხომ შორსაა და შორს, ყველანაირად…

და წერილები… სადაც სულის ამოხეთქვაა, ცრემლი, გოდება და მაინც ყოველი წერილი იუმორით რომ იწერება.
ეს წერილები მისი პოეზიის ტოლფასია, იქნებ ზერელედაც კითხულობდნენ, ხანდახან კარს რომ არავინ უღებდა სტუმრობისას, ხანდახან მისი ლექსები არაფრად რომ მიაჩნდათ. არადა, მაშინ ქალაქი დუღდა, სალონები, “ვეჩერები”, მეჯლისები…

ნახჭევანში, პატრუქის, ლამფის შუქზე რო წერდა ამ შედევრებს… ნეტავ, როგორ შეჰყურებდა ხოლმე მოსაღამოებას… და… აღმოჩენა, გულს გასართველადაც იქნებ, სასიყვარულოდაც ალბათ, მისი – გონჩა-ბეგუმი…

“ახლა ნახჩევანში ერთი ახალი ლექსია, თვრამეტი წლის ქალის ნათქვამი, რომელსაც სახელად გონჩა-ბეგუმ ჰქვიან. ხანის ქალია, ძალზე ლამაზი და მარილიანი. საცოდავი დამწვარია თავის ქმრისაგან. თორმეტი წლისა გაუთხოვებიათ. ამ ლექსში თავის თავს სტირის; ,,ჩემო მშვენიერო ბაღჩაო, მინდა მოვიდე, ვიმუსაიფო შენს შადრევანთან, მაგრამ მეშინიან, ჩემი ქმარი, იქ არ დამხვდესო. ამ ლექსს დავაწერინებ და გამოგიგზავნით. ერთი შემატყობინე, შენი ქაჩალი ძმა წიგნს რატომ არ მწერს?” – წერილი მაიკო ორბელიანისადმი…

და, მერე, სიმონ ჩიქოვანმა, თავის ბალადაში მშვენივრად რომ გაახმოვანა:

,,თათრის ქალი გონჩა-ბეგუმ
თავის წარსულს მიამბობს თუ მიგალობს:
ვინ წამართვა ხომლის ხონჩა,
რად გამთელე შენ, საწუთროს გრიგალო…
……………………………………………………………………….
დასეტყვილი აგრე გალობს,
მწუხრში მოჩანს, როგორც ვარდი მწირველი,
ფრთამომტყდარო თათრის ქალო,
გაგფრენია სიყვარულის ფრინველი.”