3 თებერვალი, 2022

ოტია იოსელიანის დამაფიქრებელი წერილი

სიმართლის მსახურმა ოტია იოსელიანმა თავისი გულწრფელობით მკითხველებში დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.

“არტინფო” გთავაზობთ მწერლის წერილს, რომელიც ნამდვილად დამაფიქრებელია:

“მურთხი……ვითომ არაფრის მთქმელია ეს სიტყვა და ამ დროს ყველაფრის მომცველი, თითქოს რაიმე აზრს არ გამოხატავს და ამ დროს, შიგვეა ყველა გაიძვერობა და მუხანათობა, ქვემძრომობა და ქლესაობა, ნემსში მახათის გაყრა. ეს მურთხები ზღარბებივით ეკლიანები როდი არიან, თუმცა დამრგვალება და თავ–ფეხის დამალვა ეხერხებათ. ნემსების მაგიერ ისეთი სლიპინა, ლორწოიანი გარსით არიან დაფარულნი, ხელში ვერ აიღებ, რომ მიწაზე დაახეთქო. ჩასაწიხლად რომ შედგე, აუცილებლად ფეხი დაგიცდება და შეიძლება ზედვე დაეცე. უეკლო, გალოპრილი, უჯავშნო ვეება ლოკოკინებია, რომლებიც თონთხლო ლორწოს იდებენ და ჯავშნად იმ ზიზღს იკეთებენ, შენ რომ მიკარებისას იციან, გაგიჩნდება. პანღურიც რომ ამოჰკრა, წაღს მბზინვარე ლოპრით დაგითხუნავს და ვერც შორს გააგდებ, რაკი შიგ არც სიცარიელეა და არც სიმკვრივე.

რაღაც უფორმო, თხიერი, ხრწნადი მასითაა გაჩონთილი და რა უსწორმასწორო, ოღროჩოღრო, უფორმო ფუძეზეც უნდა ეგდოს, მასსა და საყრდენს შორის მუდამ უჰაერობას – ვაკუუმს ქმნის. საჩეჩელზეც რომ დაანარცხო, საჩეჩელის კბილებს კი არ ჩამოეცმება – ჩამოერგება.

მურთხებს როგორც ფერი და ფორმა არ აქვთ, ასევე არ გააჩნიათ თვალი და ყური, ენა და ყნოსვა. მურთხი ლაპარაკობს იმ ენაზე, რაზეც ის დევს და იმ თვალით იხედება და ესმის, რა საყრდენზეც გაითხლაპა. იმ რწმენითა და ურწმუნოებით “იცოცხლებს”, რაზეც დააგდებ და იმ ხორკლსა და ხაოს მოიკიდებს, რაზეც დაივანებს. იმ თვალებს დააჭყეტს და იმ ყურებს დაცქვეტს, რა თვალი და ყურიც დახვდა, მანამ აქ გაისუდრებოდა.

ესენი ისეთი მურთხებია, ვერც რწმენის ღალატს დასდებ ბრალად, ვერც მსოფლმხედველობის შეცვლას, რაკი არც ერთი და არც მეორე არასოდეს ჰქონია. მუდამ შენთან შენი იყო და სხვასთან – სხვისი. ცარიელი ჭურივით, მუდამ რასაც ჩასძახებდნენ, იმას ამოსძახებდა… მათთვის არც ზნეობრივი სასჯელი არსებობს, მათთან რწმენა, აზრი, სიწმინდე და პატიოსნება შეურაცხყოფილია. ისინი მთელი არსებობით დასცინიან იმას, რისთვისაც ადამიანს ადამიანი ერქვა, ჰქვია და ერქმევა.

და როცა ღალატობ, მურთხს კი არა, საკუთარ თავს ღალატობ, რომ დაჰკარგო ის, რისთვისაც მისი არარაობით დაგცინის და არა თვალთახედვით……

შენ თუ ოჯახს ქმნი, რომელზეც ის “დევს”, მურთხს ოჯახის კაცი ჰქვია, თუ მურთხს ურემზე დასვამ – მეხრეა, თუ მანქანაზე – მძღოლი, კაბინეტში წამოასკუპებ და – თანამდებობის პირი……

მურთხები ის გარეწრები არინ ყოველნაირი მუხანათობით მონაპოვარს რომ ითავისებენ და ოცდაოთხნათურიან ბროლის ჭაღს მაღლა რომ ჰკიდებენ, ქვევიდან მორცხვად კი არ შესცქერიან, ზედ ადიან და იქიდან იმზირებიან.

იმ გარემოს, რასაც შენ ერთგულებით და რწმენით ქმნი, ის გტაცებს და საკმარისია გამოეცალო, რომ სიფრიფანა საპნის ბუშტივით დაიფუკოს… მაგრამ შენ? შენ უნდა იქცე არარაობად, რომ ისიც განიორწყლდეს, რაკი ის მხოლოდ და მხოლოდ შენს სახეს იღებს. შენ უნდა გაიწირო, რომ ის გასწირო, შენ უნდა დამახინჯდე, რომ ის დაასახიჩრო…”