4 თებერვალი, 2022

ნიკო ნიკოლაძის სამაგალითო გადაწყვეტილება

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი, ვინც ქართველი ქალები ევროპულ განათლებას აზიარა.

ეს საინტერესო ამბავი ნინო ნატროშვილმა გაგვიზიარა:

“ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ადამიანი, ვინც ქართველი ქალები ევროპულ განათლებას აზიარა. ამ საქმეში მარტო არ ყოფილა, გვერდში ედგნენ გიორგი წერეთელი და სერგეი მესხი, ილიაც მხარს უჭერდათ, აკაკიმ კი დაიჩემა – ქალს სწავლა რად უნდა, ისიც უცხოეთშიო?! ენაკვიმატობდა და ქილიკობდა: ჩიტუნებო, შინ ღომს რომ იწუნებთ, უცხო სახლის შაქარმა არ გაწყინოთო.

აკაკის დაცინვის მიუხედავად, თბილისისა და ქუთაისის საუკეთესო მოსწავლეები შვეიცარიაში გასამგზავრებლად მოემზადნენ. პირველები იყვნენ ნიკოს დები ოლიმპიადა და ეკატერინე, მათი დეიდაშვილები, ელისაბედ და ეფემია ხელთუფლიშვილები. ნიკოს მესამე და ანიჩკა, აკაკის მაღმერთებელი იყო, ამიტომ წასვლაზე უარი თქვა, მეოთხემ, ეფროსინემ მას აუბა მხარი.

1873 წლის იანვარში წამსვლელთა გარდა ნავსადგურში იდგა 17 წლის ქალიშვილი, რომელსაც გულით უნდოდა წასვლა. თბილისის ქალთა გიმნაზია წარჩინების დიპლომით ჰქონდა დამთავრებული, ნიჭიც ხელს უწყობდა, ოჯახსაც შესაძლებლობა ჰქონდა, უცხოეთში ერჩინა, მაგრამ სხვა რამ აბრკოლებდა. თავად ალექსანდრე გურამიშვილის ასული ოლგა, შორეული ნათესავი და ნათლული იყო ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილისა. ერთმანეთისგან რომ გაერჩიათ, ნათესავები უფროსს ოლღას ეძახდნენ, უმცროსს ოლგას.

ალექსანდრე გურამიშვილი ძველი ყაიდის კაცი იყო, გაგონებაც არ უნდოდა, რომ ქალიშვილი უცხოეთში სასწავლებლად წასულიყო. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, გასაცილებლად მისული ოლგა ერთი სამოსის ამარა, რაც ტანზე ეცვა, ნიკოს უმცროსი დის, ფროსიკოს პასპორტით გემზე ავიდა და შვეიცარიაში „გაიპარა“.

ყმაწვილ ქალები ნიკომ ფოთიდან ციურიხამდე ზღაპრული გზებით ატარა, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია დაათვალიერებინა…”