1 თებერვალი, 2022

ლიანა ისაკაძის ყველაზე გულწრფელი წერილი

მსოფლიო ლეგენდა – მევიოლინე ლიანა ისაკაძე მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე – კარიერის დასაწყისსა და საყვარელ ადამიანთან შეხვედრაზე დიდი სიყვარულით საუბრობს:

“მოსკოვში 16 წლის ასაკში წავედი. ვეძებდი ნოტებს და ვერსად ვიშოვე. მამაჩემს დავურეკე, იქნებ მანდ იშოვო-მეთქი, მაგრამ, მანაც ვერ იშოვა.

მამაჩემს ერთმა ახლობელმა უთხრა, პროფესორ ჩაჩავას კარგი ბიჭი ჰყავს თამაზი, ლიანას გაცნობა უნდაო. თამაზი დატრიალდა და მართლაც იშოვა ნოტები, თან მოსკოვშიც ჩამომიტანა. ასე გავიცანი მომავალი მეუღლე.

თბილისში რომ ჩამოვედი, მანქანით მასეირნებდა და ერთხელ სადღაც მიმიყვანა. თურმე ოქრომჭედელთან და ჩემთვის ბეჭედსაც აკეთებინებს. დამნიშნა, მაგრამ ნახევარი წლის მერე ბეჭედი მოსკოვიდან ფოსტით გამოვუგზავნე. ორი წელი აღარ ვიყავი დანიშნული.

პირველი პრემია რომ მივიღე პარიზის კონკურსზე, საქართველოში ჩამოვედი. თამაზი სახლში მირეკავდა, უნდა შეგხვდეო. არ მინდოდა შეხვედრა, მაგრამ მერე ვიფიქრე, კარგი, ჯანდაბას, შევხვდები-მეთქი, რამდენჯერმე შევხვდი, მერე დასასვენებლად წავედი და იქიდან რომ ჩამოვედით, 28 აგვისტო იყო, თამაზმა მითხრა, მამაჩემმა პირველ სექტემბერს ქორწილი დანიშნაო და წავიდა. მთელი დღე ვტიროდი. არ მინდოდა, მაგრამ მომეხათრა მამამისის, ცოლად გავყევი და დღემდე ერთად ვართ…

…ჩემი ქმარი ძალიან თავისებური ადამიანია. მეც თავისებური ვარ, ამიტომ, ორი ასეთი რადიკალურად განსხვავებული ინდივიდი ერთმანეთს რომ ხვდება, იქ იოლი არაფერია. აბსოლუტურად განვსხვავდებით, მაგრამ მაინც ამდენი წელი შემოვრჩით ერთმანეთს. ძალიან ვუყვარვარ, ზედმეტადაც კი, ამიტომ მეჩხუბება კიდეც. ეს არის ჩემი უბედურება. ცდილობს, ყველაფერში დამეხმაროს, გვერდში ამომიდგეს, გამოსდის თუ არ გამოსდის, ეს უკვე სხვა საკითხია. ხანდახან ხელს მიშლის. ძალიან რთული ცხოვრება მაქვს გამოვლილი, ორი უკიდურესობაა, ვარ ძალიან ბედნიერი და ძალიან უბედურიც. ტრაგიზმი ნამდვილ ხელოვანს, შემოქმედს დაბადებიდან თან სდევს. შოსტაკოვიჩი, ბახი, ბეთჰოვენი გავიხსენოთ, ყველა ამ ნიშნით დაიბადა. როგორც კი რთული მომენტი ჩნდება, მძიმე პერიოდი, ავიღებ ხოლმე ვიოლინოს და ვიწყებ ბახის დაკვრას. მაშინვე მავიწყდება ყველაფერი, თითქოს არც არაფერი მომხდარა…

…შვილზე კატეგორიულად ვთქვი უარი. მხოლოდ ვიოლინო და მორჩა! ვფიქრობდი, საქმეში შემიშლიდა ხელს. კიდევ რაღაც იყო, რაც ყოველთვის მაჩერებდა და რაზეც არ ვილაპარაკებ. არ ვნანობ, ძალიან კარგად მოვიქეცი. არასდროს მიცხოვრია იმედით, ყოველთვის ცხოვრების დინებას მივყვები.

ღმერთს მივენდობი და ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას უნდა. როცა გამოუვალი მდგომარეობა მაქვს და რა ვიცი რა გავაკეთო, ღამე სიზმარში მამაჩემი მოდის და ჩემთვის იდეა მოაქვს, როგორ უნდა მოვიქცე და მეც ისე ვიქცევი.

ბევრი ხიფათიც შემხვედრია ცხოვრებაში. ძალიან რისკიანი ადამიანი ვარ. ბევრ რისკზე წავსულვარ, რაღაც ძალა მარწმუნებს, რომ შევძლებ. მიყვარს ორიგინალურობა. მე მოვიფიქრე „მუსიკოსები ხუმრობენ“, „ვირტუოზები ფეისბუქზე“, „ღამის სერენადები“. ამბობენ, ლიანას მაგარი იდეები აქვს, მაგრამ რატომღაც მერე ყველა გენიალური აღმოჩნდებაო…”