14 თებერვალი, 2022

კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური ამონარიდი

გენიალური მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას კლასიკად ქცეულ რომანში “დიდოსტატის მარჯვენა” რთულია გამოარჩიო საუკეთესო ეპიზოდი, რადგან მთლიანად ნაწარმოებია შედევრი.

“არტინფო” ერთ-ერთ ამონარიდს გიზიარებთ:

“სვეტიცხოვლის კედელზე შვიდს უჩვენებდა საათი, როცა პირველად შეტოკდა მიწა. არსაკიძე ხარაჩოზე იდგა, კალატოზებს უძახდა: აქ ამოვიდესო ერთ-ერთი.

მან ერთმა შეიცნო ეს. ძირს ჩამოვიდა, კალატოზებს მკერდზე მიადო გაშლილი მკლავები: ეზოში გავიდეთო, ეუბნება.

გაოცდნენ დამსწრენი.

დასავლეთის კედლის გასწვრივ კატა გასულიყო ხარაჩოზე. იქ დაბუდებულ მტრედებს ზვერავდა.
ერთბაშად უცნაური კნავილი ასტეხა, საშინელი სისწრაფით დაეშვა ძირს.

არსაკიძემ უყვირა მონებს: დაუყოვნებლივ დასცალეთო ხარაჩოები.
ამ დროს მეორეჯერ შეტოკდა მიწა.

ხოლო მესამეჯერ ისეთი ძალით შეჰქანდა ნიადაგი, არსაკიძემ ტაძარს შეჰხედა და ასე ეჩვენა: ეკლესია შეტორტმანდა და გადაწვა განზე.

შემზარავი გრუხუნი გაისმა, სამ ადგილას დაირღვა გალავანი.
ყვირილით გამოცვივდნენ ლაზები და სამცხელები ეზოში. პირქვე დაემხვნენ, დაიწყეს ლოცვა.

შუკაში დედაკაცი მიელალებოდა ცხვრებს, აბღავლდა პირუტყვი, გაიფანტა ფარა. ძაღლებმა შემზარავი ყმუილი მორთეს, აზმუვლდნენ ძროხები. დედაკაცები გაბმულად კიოდნენ.

ქოსსა ჰკრეს არაგვის კარისა და მუხნარისას ციხეში. მონასპანი გარეთ გამოცვივდნენ, მოედნებზე დაფდაფების ცემა ასტეხეს ჯარებმა.
ძელსა სცეს ეკლესიებში ზედიზედ.
ბერებმა და მონაზვნებმა საოსტიგნოები დააგდეს.
ისმოდა ტირილი, ღაღადისი და გალობა:
“შენ გესავ უფალო”…

კონსტანტინე გამსახურდია უმცროსი:

“მეგობრებო, როგორც სვეტიცხოველი აქ, საქართველოც იდგება მოყვარეთა გულის გასახარად, მტრის გულის გასახეთქად!”