16 თებერვალი, 2022

კარლო კაჭარავას საოცარი ჩანაწერი

მხატვარმა და პოეტმა კარლო კაჭარავამ ხანმოკლე – 30-წლიან სიცოცხლეში იმაზე მეტი მოასწრო, ვიდრე ამას ხანდაზმულ ასაკამდე მიღწეული ადამიანი შეძლებდა.

მისი შემოქმედება ნამდვილად ძვირფასია და ასევე ძვირფასია მისი წერილები და ჩანაწერები.

“არტინფო” გთავაზობთ კარლო კაჭარავას 1993 წლის ჩანაწერს:

“დღეს ხელფასი ავიღე – 6400 კუპონი. სიგარეტის ყიდვა მინდოდა. ფასები საშინლად არეულია. MAGNA ზოგან 5000 კუპონი ღირს. „ნაკადულში” 3000 ღირდა. სხვაგან 4500. LM 5000 და მეტი, ჩინური 2500, ზოგან კი 3500. ისევ ორი „პრიმა” ვიყიდე, თითო 500 კუპონად.

225 კუპონი მივეცი კათოლიკე მწერლის ჟილბერ სესბორნის წიგნში (ორი რომანი), 400 კუპონად ვიყიდე უილკი კოლინზის „მთვარის ქვა”. შინ ჟილბერ სესბორნის წიგნის კითხვა დავიწყე. დროებით გადავდე გიუნტერ დე ბროინის წიგნი ჟან-პოლზე.

დილით სამსახურში წასვლამდე ამოვიწერე ციტატები სიუზან სონტაგის წერილიდან ჰეფენინგზე. დღის მეორე ნახევარში ვთარგმნე კეიტ პატრიკის წერილი, რომელიც „აიკას” მასალების ჩემეულ საქაღალდეში ვიპოვე. ძალიან მომეწონა!

მე ვფიქრობ იმაზე, რომ სახლში თითქმის აღარაფერი გვაქვს, რომ მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთები ჰყავთ…

ჩემი შემოსავალი წელიწადში 25 დოლარია. დღეს „იბერვიზიით” გადმოსცეს, საქართველოში ეკონომიკური აღორძინება ამერიკის სენატის პროგნოზით 1997 წელს დაიწყებაო, მანამ გაძლებას მართლა კარგი გაძლება უნდა. დღეს მეტროში აბსოლუტურად უცხოდ ვგრძნობდი თავს. ამ მკვდარ ქალაქში ჩემი არაფერია!”