13 თებერვალი, 2022

ჯემალ ქარჩხაძის დიდებული წერილი

მწერალ ჯემალ ქარჩხაძის რომანებსა თუ მოთხრობებზე არანაკლებ საინტერესო მისი წერილებია.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“თუ ლეგენდას კარგად ჩავუკვირდებით, კერძოდ, მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ღვთისმშობელს თავისი წილხვედრი ქვეყანა არასოდეს უნახავს, საფიქრებელია, ეს უფრო სიმბოლო – ლეგენდაა, რომლის მიხედვითაც საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ჯერჯერობით მხოლოდ პოტენციურადაა, გახდება თუ არა რეალურად, ეს ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით ჩვენი ბედის ჩარხი ჩვენს ხელთ არის. ღმერთი არც გვსჯის და არც გვცდის. ეს ღმერთის ფუნქციაში არ შედის, თუკი ჩვენი ღმერთი ახალი აღთქმის სიკეთე-ღმერთია და არა ძველი აღთქმის შურისმაძიებელი დემიურგი.

,,ნაკლებ რელიგიურად” რომ ვთქვათ, ღმერთი ორიენტირია, რომელიც მატერიის სამგანზომილებიანი სამყაროდან გასასვლელ და ახალი ცნობიერებისაკენ მიმავალ გზას გვიჩვენებს. სხვა დანარჩენი ჩვენი საქმეა. ბედის ჩარხს ჩვენ თვითონ ვატრიალებთ და ვატრიალებთ ისე, როგორც ჭკუა და სინდისი გაგვიჭრის. თითქმის მთელი ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, სამწუხაროდ, ჭკუაცა და სინდისიც ისე გვიჭრიდა, რომ ერთთავად უკუღმა ვატრიალებთ. ორი ათასი წელი იწურება მას აქეთ, რაც თავს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ვთვლით (ხოლო ამ სიმბოლოში, უნდა ვიფიქროთ, ეროვნული მისიის გასაღებიცაა ჩადებული), და ორი ათასი წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც კი ვერ მივუახლოვდით მაღალ არსს. პირიქით, ჯიუტად და შეუპოვრად სულ იმას ვცდილობთ, უკან-უკან ვიაროთ; იმ ზომამდე, რომ დროდადრო სულიერი თვითმკვლელობის მცდელობაც კი გვაქვს.

სულიერი სიჯანსაღე უწინარესად თავისუფლებისაკენ ლტოლვაა და თუკი საერთოდ გვინდა სულიერად ჯანსაღები ვიყოთ (მონობა დიდი ცდუნებაა), ისე უნდა მოვიქცეთ, ვითომ გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი და, თუ ჩავაბარებთ, ღვთისმშობლის წილხვედრი შევიქნებით. ამისათვის კი საჭიროა განვითარების სტიქიური კალაპოტიდან, სადაც დღემდე ვიმყოფებით, ცნობიერ კალაპოტში გადავინაცვლოთ. პირველ რიგში, ობიექტურად და უშიშრად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი დღევანდელი სულიერი დონე, ვინაიდან ცნობიერი განვითარება სწორედ ამით იწყება. უნდა განვსაზღვროთ რეალურად. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენ ბუნებით შემოქმედი ხალხი ვართ და რეალობას და წარმოსახვას ადვილად ვურევთ ერთმანეთში. ვიდრე თავს არ დავაღწევთ ილუზიას და არ შევიგნებთ, რომ ჩვენს მრავალ ისტორიულ ნაკლს უკანასკნელ ათწლეულებში სერიოზული სენიც დაერთო, მანამ ადგილიდან ვერ დავიძვრებით. ამიტომ დიდი სიფხიზლე და ნებისყოფის დიდი დაძაბვა გვმართებს. საკუთარი თავის წინააღმდეგ გმირული ბრძოლა გვმართებს, რასაც ალბათ კიდევ უფრო გააძნელებს ის გარემოება, რომ მალე ეტყობა შიმშილის ერა დამთავრდება, სიმაძღრე კი ჩვენი სულიერი განვითარების ძლიერი შემაფერხებელი ფაქტორი იქნება. ვიპოვით ასეთ ვითარებაში საკუთარ თავში ბრძოლისათვის საჭირო ძალას? კომუნიზმის მეტასტაზებს, როგორც აღმოჩნდა ძალზე ღრმად გაუდგამს ფესვი ჩვენს ეროვნულ სხეულში.”