23 თებერვალი, 2022

გოგი გეგეჭკორის უჩვეულო ამპლუა

მსახიობ გოგი გეგეჭკორს უჩვეულო ამპლუაში მოუწია ყოფნა – სპექტაკლში “სამანიშვილის დედინაცვალი” მან პლატონიც ითამაშა და სპექტაკლის წამყვანიც:

“უჩვეულო ამპლუაში მომიწია “სამანიშვილის დედინაცვალში” ყოფნა. ვიყავი სპექტაკლის წამყვანიც და პლატონის როლის შემსრულებელიც. აუცილებელი იყო რაღაც შუალედის მოძებნა – როგორ უნდა შევსულიყავი პლატონის ქერქში და მიმეტოვებინა ავტორისეული. ეს რაღაც ახალი თვისება, რომელიც ჩემს შემოქმედებაში პირველად გაჩნდა, ძალიან ძნელად დასაძლევი იყო.

დიდხანს ვეძებდით ჩვენ ამას, სიმონეთშიც კი გახლდით, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში. იქაც განვაგრძეთ ძიების პროცესი და ბოლოს გადაწყდა, რომ სპექტაკლის ფორმა იქნება ისეთი, თითქოს დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ რუსთაველის თეატრის მსახიობები და გაითამაშებენ სცენებს მისი ნაწარმოებიდან.

ამ წარმოდგენას წარმატება ხვდა წილად. დიდძალი მაყურებელი დაესწრო, ბევრჯერაც ვითამაშეთ.

იგი ერთ-ერთი პირველი სპექტაკლი იყო, რომელიც თეატრმა საგასტროლოდ საზღვარგარეთ, კერძოდ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წაიღო. გერმანიაში მე ავტორისეული დასაწყისი და ბოლო ტექსტი გერმანულად წავიკითხე.

ამ როლთან დაკავშირებულია საოცარი ეტაპი ჩემი ცხოვრების და ეს როლი სულ თან დამყვება…”