20 თებერვალი, 2022

გენიოსი ივანე ჯავახიშვილი

დღეს ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი ზოგიერთებისთვის მიუღებელი პერსონა იყო – მას წიგნებს უწვავდნენ და ისტორიული აზროვნების ჩამორჩენაში ადანაშაულებდნენ.

არადა, მისი წერილი, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს:

“…რა მიზეზი იყო, რომ დიდი რუსეთის მთავრობა ასე ექცეოდა პატარა საქართველოს, ან როგორ ახერხებდა რუსეთი საქართველოს ისე მოჯადოებას, რომ იგი რამდენიმე მწარე გამოცდილების შემდეგაც მაინც “ქრისტესმოყვარე” რუსეთის მფარველობის გულწრფელი მოიმედე იყო!..

ქართველებს შორიდან გაგონილი ჰქონდათ რუსთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა და ეჭვი არ ებადებოდათ, რომ რუსეთი ქართველთა სულისკვეთებას ადვილად გაიგებდა და მათს თავგანწირულ ბრძოლაში სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ წრფელის გულით ძლიერს დახმარებას გაუწევდა.

რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა ამგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. მთელი მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, სწორედ ქართველთა ამ სუსტ გრძნობას და გულუბრყვილობაზე იყო ხოლმე დამყარებული…

როცა რუსეთისთვის საჭირო იყო, მაშინ მას აგონდებოდა, რომ ქართველები მხურვალე ქრისტიანები იყვნენ და მაჰმადის ძლიერი სახელმწიფოების მძლავრებისაგან უკიდურესად შევიწროვებულნი. ამ დროს, ის, ვითომცდა კაცთმოყვარეობის გრძნობით აღსავსე, არწმუნებდა საქართველოს, რომ მუდამ მის დახმარებაზე ოცნებობს და მისთვის ზრუნავს. ასე იყო ხოლმე, სანამ საქართველოს არ შეაცდენდა და თავის სამხედრო გეგმის მიხედვით ოსმალეთთან ან სპარსეთთან ომში, რომელსაც იგი განიზრახავდა, არ ჩაითრევდა.

მაგრამ, რა წამს რუსეთს პირადი მიზანი მიუღწევლად მიაჩნდა, ან ომის გაგრძელებას თავისთვის ხელსაყრელად აღარა სთვლიდა, ის საქართველოს უყოყმანოდ მიატოვებდა ხოლმე და მაშინ მას ყველაფერი ავიწყდებოდა, ქართველთა ქრისტიანობაც და გაჭირვებაც… იმაზეც კი აღარ ფიქრობდა, რომ საქართველო სწორედ მისი წყალობით და მისი მოქმედებით წინანდელზე უფრო უარესსა და უმწეო მდგომარეობაში ვარდებოდა ხოლმე.”