23 თებერვალი, 2022

ანა კალანდაძის მთავარი სურვილი

პოეტ ანა კალანდაძეზე ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს მაია ბარამიძე:

“ინტერვიუზე მის სახლში მისულს, ფოტოს გადაღებაზე უარი მითხრა – ,,რაღა დროს ჩემი ფოტოა, ვისაც ჩემი პოეზია უყვარს, ისეც მხედავსო”.
მაშინ ძველი ფოტო მომეცითთქო, ვთხოვე… ,,კალანდაძის ქალის ნატეხი ხარ (დედაჩემი კალანდაძე იყო ) და თავიდან ვერ მოგიშორებ, ჰოოდა, ამ ნახატის რეპროდუქცია წაიღე – “ეს მოუხდება ამ სტატიასო”
1998 ან 99 წელი

ანა კალანდაძე
,,მშვენივრად წერა ერთდროულად ნიშნავს მშვენივრად აზროვნებას, მშვენივრად განცდას და მშვენივრად გამოხატვას. ერთნაირად უნდა ფლობდე გონებას, სულსა და გემოვნებას. ანა კალანდაძის უაღრესად საინტერესო და თვითმყოფადი შემოქმედება ჩვენში გამორჩეულად უყვართ. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც მე ვარ. მის ლექსებში, რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, ყოველთვის პოულობ რაღაც ახალს, თბილს, ნაზს, მგრძნობიარეს, საინტერესოსა და მნიშვნელოვანს. ასეთი განცდები გამომყვა ქალბატონ ანასთან შეხვედრიდან.

გურამ ასათიანი წერს: „ვაჟა–ფშაველას აქვს ერთი ნაკლებად ცნობილი ბალადა „ანნა–ბულბული“… – როგორ იქცა ობოლი გოგონა ჩიტად, როგორ გალობდა მერე ყველა ჩაგრულზე, ყველა გულნატკენზე, ყველა მოურჩენელ სატკივარზე, როგორ ამთელებდა თავისი გალობით ყველა მოურჩენელ ჭრილობას, როგორ იქცა მთელი მისი არსება სინაზის და სიყვარულის საყვირად…

„ანნა –ბულბული“ – ასე ჰქვია ამ ბალადას, მისი დამწერი თითქოს გრძნობდა, რომ საქართველოს ოდესმე უთუოდ მოევლინებოდა ასეთი სული – ანა კალანდაძე.

ომი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც მწერალთა კავშირის პატარა დარბაზში, მაჩაბლის ქუჩაზე, ახალგაზრდა უცნობმა ქალმა წაიკითხა თავისი პირველი ლექსები, რომელსაც მოჰქონდა რაღაც ამ ადამიანებისთვის ყველაზე საჭირო, ყველაზე აუცილებელი, ყველაზე მონატრებული რამ, იმ დიდი წყურვილის დამარწყლულებელი, რომლის არსებობა ზოგს გადაავიწყდა კიდეც.

მე კარგად მახსოვს, როგორი სახებით გამოდიოდნენ მსმენელები იმ დარბაზიდან, როგორ გავრცელდა მეორე დღესვე მთელს ქალაქში ამ ლექსების ტექსტი, როგორ იზეპირებდნენ, ხოლო სულ მალე მთელი თბილისი ერთ სიმღერას მღეროდა: „ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი…“

იმ სისასტიკის, მრისხანების, სიძულვილის წლების შემდეგ ანა კალანდაძე იყო ჩვენი თაობის საერთო სიყვარული. მან თითქოს თავიდან გვაზიარა მარადიულობის განცდას და ისე უბრალოდ, ისეთი კლასიკური სისადავით, ისეთი ჰარმონიული, ნათელი, გამჭირვალე სახებით, რაც მხოლოდ მისი ნიჭისა და შთაგონების თვისებაა“

დაცვენილია ფოთლები…

–რა ადარდებს ანა კალანდაძეს?
– ძალიან ბევრი რამე მადარდებს. ესაა როგორ გაგიმხილოთ, მაგრამ უდროობა მჭირს. დრო არა მაქვს ჩემს შემოქმედებას მივხედო. ჟურნალისტებიც მართმევთ დროს, მაგრამ თქვენც რა უნდა ქნათ, თქვენი მოვალეობა ეს არის.

– ჩვენ ვცდილობთ ის ანა დავანახოთ მკითხველს, რასაც ლექსებში ვერ წაიკითხავს.
– პოეტი იმისთვის არ არის, რომ იჭიკჭიკოს. პოეტს უამრავი დარდი აქვს. ამ დარდს გადახარშვა, გადამუშავება, მოშორება უნდა…

– რომ მერე ახალი დარდი გაგიჩნდეთ?
– რა თქმა უნდა. უდროობა, სხვა მრავალთაგან ერთად, ჩემი პირადი დარდია. კიდევ ერთი დიდი დარდი მაწუხებს – საქართველოს გაერთიანება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს დღევანდელი ყოფა. ვნატრობ ერთ მუჭად შეკრული საქართველო ვნახო. ერთხელ მკითხეს – რომელ ეპოქაში ინატრებდით ცხოვრებასო. მე ჩემს ეპოქაში მინდა ცხოვრება, რომელშიც ვცხოვრობ. ჩემი ლხინითა და ჭირით, მაგრამ თუ მაინცადამაინც აუცილებელი იქნება სადმე ჩემი გადაგდება, ვიცხოვრებდი თამარის ეპოქაში, როცა საქართველო ერთიანი იყო.

– თქვენ სპეციალობით კავკასიოლოგი ხართ.
— მე ომის თაობის წარმომადგენელი ვარ. 1941 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა. ორი თვის დაწყებული იყო ომი, როცა უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. ჩემი ლექტორები ისეთ სულიერ საზრდოს მაწვდიდნენ, დღევანდელ სტუდენტებსაც რომ შეშურდება. ესენი იყვნენ – კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, ნიკო ბერძენიშვილი, ქეთევან ლომთათიძე და ბევრი სხვა. ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მეორე კურსიდან გადავედი კავკასისური ენების განყოფილებაზე, რადგან მაინტერესებდა კავკასიელი ხალხის ეგზოტიკა, ბუნება, ცხოვრება, მაგრამ აღმოვჩნდი ცივი სამყაროს – შიშველი გრამატიკის წინაშე. ეს ჩემი ბედისწერა იყო. კავკასიოლოგიის გაყოფილებაზე ძველი ქართული ენა გაძლიერებულად ისწავლებოდა, რამაც ძალიან ბევრი რამე მომცა და დღეს ვამბობ, რომ არა კავკასიოლოგიური განყოფილება, მე დღეს შეიძლება ის არ ვყოფილიყავი, რაც ვარ.

– სად მუშაობთ ახლა ქალბატონო ანა?
– ენათმეცნიერების ინსტიტუტში.

– თქვენს პირველ ლექსზე მოგვიყევით
— ჩემი ბავშვობა გურიაში, ხიდისთავში გავატარე, ქუთაისში ვცხოვრობდით და ზაფხულობით გურიაში ჩავდიოდით. ერთ ზაფხულს, საღამოჟამს ჩვენი ოდის წინ ვისხედით. ჩემი მამიდა, ფაცია კალანდაძე, რაღაც საინტერესოს გვიამბობდა. ჩვენც გულისყურით ვუსმენდით, მაგრამ ამ დროს მთის წვერი განათდა – მთვარე ამოდიოდა. მამიდამ იგრძნო, რომ ყურადღება გაგვეფანტა და გვითხრა– იფიქრეთ ამაღამ და იქნებ დილისთვის დაწეროთ თქვენი შთაბეჭდილებაო… იმ ღამეს ჩემს გარდა ყველას მშვიდა ეძინა. დილით კი ორსტროფიანი ლექსი დავწერე. ძალიან გახარებული ვიყავი იმითი, რომ მამიდას ვასიამოვნე. მამიდამ მოიწვია ოჯახური საბჭო და ლექსი წაიკითხა. მოკლედ, პირველი ცდა კრახით არ დამთავრებულა. მე ამან ფრთები შემასხა. სკოლაში იცოდნენ ლექსებს რომ ვწერდი, მაგრამ სტუდენტობისას ჩემს ლექსებს არავის ვაკითხებდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემს ლექსებს დღიურების სახე ჰქონდა. მერე ისევ მამიდას რჩევით გადავწყვიტე ლექსების გამოქვეყნება.მგონი არ შევმცდარვარ.

– სიყვარული მშვენიერი, ლამაზი და მძიმე ტვირთია, იგი თავისით მოდის თუ მოპოვებაა საჭირო?
– გააჩნია ვისთვის. მე არც სიყვარულის და არც არაფრის მოპოვება არ შემიძლია. და არც მინდა. მე ღვთის ნებას მივყვები.

– „ყვავილს შევჩივლებ ცისფერთვალებიანს,
მე ვდარდობ ნამეტურ,
მე ვტირი რამეთუ…
ძალუმ მყვარებია“
ვინ იყო ის….?
– ახალგაზრდობაში ბევრი გატაცება მქონდა. ამას ვის გამო ვწერდი, არ მახსოვს…

– „რა ეშველება ამ მოკლე ზაფხულს?
თვალსა და ხელს შუა გაგვიქრა არე…
შენც დაგეწყება ფოთოლთა ცვენა,
ჩაგეკეტება სამოთხის კარი“
თქვენს პოეზიაში ხშირად არის ფოთოლთა ცვენისა და შემოდგმის დარდის განცდა…
– მართალია, ყოველთვის მქონდა „შემოდგომის“ დარდი და არც შეიძლებოდა ასე არ ყოფილიყო.

– ახლა თქვენს განცდაში რა დროა?
– დაცვენილია ფოთლები. იქნებ ზამთარიცაა, ან გვიანი შემოდგომა.

– თუმც ასეც წერთ:
„წელთა სიმძიმეს სწუხს გულის სწორი
გაფრენილ დღეებს, დაკარგულ სიყმეს,
გული კი ჩემი კვლავ გაზაფხულობს,
თითქოს იგივე ჩემს თავს არ იყვეს“
– გვიან შემოდგომასაც განვიცდი, მაგრამ ბავშვურად გულუბრყვილოცა ვარ. პოეტს ეს სჭირდება. ესეც ალბათ ღვთის წყალობაა და ამისთვის მადლობელი ვარ უფლის.

–რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი სურვილი?
– უპირველესი, რაც მინდა, ესაა მშვიდობა.

– თუ გითქვამთ უარი რაიმე მნიშვნელოვანზე ვიღაცის აზრის გამო. ანუ რას ნიშნავს თქვენთვის, რას იტყვის ხალხი?
– თითქოს ძალიან რბილი და დამთმობი ხასიათის ვარ, მაგრამ თუ საქმე პრინციპულ საკითხს ეხება, თუ მე რაიმე არ მინდა, ნაბიჯსაც ვერავინ გადამადგმევინებს.

– რას ვერ პატიობთ ადამიანს?
– ტყუილს, სიცრუეს, ღალატს.

– შურისძიება შეგიძლიათ?
— არა, იმ ადამიანთან, რომელიც დაუმსახურებლად გულს მტკენს, უბრალოდ ურთიერთობას ვწყვეტ. ეს არ არის ქრისტიანული, მაგრამ ასეთი ვარ.

– რისი ეშინია ანა კალანდაძეს – ქალს, პოეტს, რომელმაც მარტოკამ „ზღაპრული აღმართი ძლიეთ“…
– საკუთარი თავის.

– ხშირად ებრძვით საკუთარ თავს?
– ძალიან თვითგვემით ვარ აღვსილი. ხანდახან მეტისმეტად მომდის. როგორც გურულმა, გაკუჭებაც გვარიანი ვიცი, თუმცა ცოტა ხნით.

– „ბედნიერი იყოს!“ – უთქვამს ანგელოზსა,
სატანამ თქვა – ხა,ხა ხა, ხა, არასოდეს!“
ბედნიერია ანა კალანდაძე?

– ეს ლექსიც ახალგაზრდა ქალმა სიყვარულზე დავწერე. ერთხელ შენიშვნა მომცეს, „აღარავინ აღარ მიყვარს“– რატომ დაწერეო. ამას მე კი არ ვამბობ, სატანა მალაპარაკებს–მეთქი, ვუპასუხე.
ბედნიერი ხართ თუ არაო, მკითხეთ. კი, ბედნიერი ვარ. ჩემი ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლიდან დღემდე მე მკითხველის ყურადღება არ მომკლებია. ჩემი მკითხველი მიგებს, დღესაც კი, ამ შეჭირვებულ დროში, ამაზე დიდი ბედნიერება პოეტს რა უნდა ჰქონდეს.
ხშირად, როცა კრიტიკის ქარცეცხლში მატარებდნენ, ჩემი მკითხველი ყოველთვის გვერდით მედგა. ახლა ამბობენ, მკითხველმა წიგნს ზურგი შეაქციაო. ცოდვაა ამის თქმა, ქართველი ვერ ყიდულობს და ვერ ახერხებს წაკითხვას, თორემ ჩვენნაირი ერთგული მკითხველი მსოფლიოში არ არსებობს, ამას გაფრთხილება უნდა.

– როგორი უნდა იყოს ქალი?
– ქალის პირველი დანიშნულება ოჯახის შექმნაა. დღევანდელი ქალი მოუცლელია და ათასი საზრუნავი აქვს შინ და გარეთ, მაგრამ მაინც, ქალმა უნდა შექმას ოჯახი და უნდა იყოს კარგი დედა.

– რას აკეთებთ, როცა ძალიან გიჭირთ?
– ერთხელ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი. ამ პრობლემას ჩემს გარდა ვერავინ გადაწყვეტდა. ამ დროს დავით აღმაშენებლის სული შევაწუხე, ვგრძნობდი ერთადერთი ის დაამარცხებდა ჩემს წარმოსახვით მტერს… და ასე შეიქმნა ლექსი დავით აღმაშენებელზე…

– რის განმეორებას ინატრებდით ცხოვრებაში?
– არაჩვეულებრივად კარგი წუთები მქონია ცხოვრებაში, მაგრამ არაფრის განმეორებას არ ვინატრებდი. მე ხვალინდელი დღე მინდა. ხვალინდელი დღე მაინტერესებს. თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, უნდა გავიხედოთ წარსულში და მაგალითად გავიხადოთ თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი და ყველა, ვინც კი ბრწყინვალე გვყოლია. ეს ჩვენი თვითრწმენის განსამტკიცებლად და ასამაღლებლად გვჭირდება, ეს დაგვეხმარება საკუთარი ადგილის პოვნისათვის სამყაროში.

– როგორ გადაიტანეთ ახლო წარსულის მძიმე წლები?
– ხშირად ჩემთვის ჩვენი ისტორია ბუნდოვანი იყო, ბოლო წლებმა კი ბევრი რამე ჩემთვის ნათელი გახადა…

– როცა ლექსს დაწერთ, მერე სიცარიელეში ხომ არ ხართ ხოლმე, თითქოს აღარ დარჩნენ სიტყვები, გრძნობები, აზრები… არაფერი…
– რა თქმა უნდა, ლექსის დაწერის შემდეგ სიცარიელის განცდა მაქვს, მაგრამ შემდეგ სულ ვცდილობ ამ სიცარიელის შევსებას. ეს არის ის, რაც გაწერინებს. ლექსს რომ ვწერ, ის უკვე მკითხველისთვისაა, მე კი ისევ სხვა რაღაცის ძიებაში ვარ…

– სიტყვა თქვენ გემორჩილებათ, თუ თქვენ ემორჩილებით სიტყვას?
– ის, რაც ვისწავლე და შევითავისე, თითქოს იყო ჩემში და გაიღვიძა. როცა ვწერ ძველი ან ახალი ენით, თუ დიალექტით, ეს თავისით ხდება, ღმერთი მკარნახობს.

– ანუ უფალი გიმორჩილებთ სიტყვას?
– აუცილებლად.

– „აჰა განქარდა ყოველივე ასე ციური,
ამაოების კვლავ აჩრდილმა გული განკვეთა…
ახლა შენ აღებ ცივ დარბაზებს ჩემი სულისთვის
და… მწუხარების სახლში მიწვევ სასოწარკვეთავ“
ეს უბრალოდ სასოწარკვეთილების გამო ამაოებასთან დროებით ჩამუხლებაა თუ…
– ხშირად ვყოფილვარ სასოწარკვეთილი, ხშირად გამოვსულვარ წონასწორობიდან, მაგრამ ეს დროებით ხდებოდა ხოლმე…

– „შთამბერე ქარო, ნახონ ძალა ჩემი გრძობისა“
თქვენს ძლიერ გრძნობას მხოლოდ ლექსებით გამოხატავთ?
– მხოლოდ ლექსებით. სულ ლექსები მათავისუფლებდა…

–„უდაბნოთ შორის ვშთენილვარ მარტო
ჟამი ჩამოდგა დავიწყებისა,
მაინც… პირისპირ ვდგავართ ორივე“
ვინ ორივე, თქვენ და თქვენი მუზა?
– არა, მე და ის…

– „უმჩატესია, უმსუბუქესი, ორისთვის ჭირთა ტვირთნი მძიმენი“
როგორ ატარეთ მარტომ ამ ცხოვრების მძიმე ტვირთი?
– ლექსებით. ვწერდი და ვთავისუფლდებოდი…

– ქმნიდე, ნიშნავს მოკლა სიკვდილი, და მაინც, რა არის სიკვდილი?
– სიკვდილზე არ ვფიქრობ, არ ვუშვებ გულთან სიკვდილზე ფიქრს.

– პაზოლინი ამბობს, პოეტებს დრო სჭირდებათ, რომ რაღაც ფორმით, ძალით, შიშით, თავისუფლებით ჩამოქნან ქაოსის სახე, ამისთვის კი მარტოობა ერთადერთი საშუალებააო.
– მარტოობა მუშაობის პროცესში აუცილებელია, რომ შენს ფიქრს, დარდს, განცდას სახე მისცე…
თორემ ისე, როგორც რუსთაველი ამბობს, “მარტოობა ვერას გიზამს, თუ გცავს ცისა დასთა დასი“

– ტკივილი უნდა ატარო, ის სიტყვით არ ითქმის და მაინც მომიყევით იმ ტკივილების შესახებ, რასაც ატარებთ.
– ერთი რუსი პოეტი ამბობს, ტრაგედიას, მწუხარებას, ტკივილს სიხარული უნდა ახლდეს, თორემ ის ლექსად არ გარდაიქმნებაო. ქმნადობის ენერგიას სიხარული აძლევსო ყველაფერს. მეც ვეთანხმები.

– „არსება ჩემი ნამივით ბალახებზეა ცვრეული,
როგორც ღრუბელი ერთ ადგილს,
გულ… არ ჩერდების წყეული“
თქვენ ყოველთვის თქვენი მუზის სამსახურში ხართ, როგორ ახერხებთ?
– ჯერჯერობით არ მოგვბეზრებია ერთმანეთი.

– „ჭიამაია, რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი, გეძინა სადა“
ქალბატონო ანა, როგორ არ დასველდით, ხომ წვიმდა წუხელის…
– დავსველდი კიდეც, გავშრი კიდეც… ისე, როგორც ხდება ხოლმე ცხოვრებაში. მზე არსებობს ამ ქვეყანაზე, სიმართლე არსებობს…

– რა არის ანა კალანდაძის დარდი № 1
– ძლიერ, ერთიან საქართველოზე დარდი.”