17 თებერვალი, 2022

აკაკი ხორავას კახური თავგადასავალი

თეატრისა და კინოს ლეგენდა აკაკი ხორავა ნამდვილი მოვლენა იყო ქართულ ხელოვნებაში. მისთვის პროფესია იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ცხოვრებაში.

“არტინფო” გიზიარებთ გენიოსი მსახიობის კახურ თავგადასავალს:

ერთხელ საგარეჯოში ჩავიდა თეატრი, სადაც “იოდიპოს მეფე” უნდა ეთამაშა. მთავარ როლს აკაკი ხორავა ასრულებდა. სპექტაკლი “ჟეშტით” გადახურულ დარბაზში გაიმართა. დარბაზი ხალხით იყო სავსე.

დადგა ყველაზე ტრაგიკული წუთები: ოიდიპოსმა გაიგო თავს დატეხილი უბედურების მიზეზი და თვალების დასათხრელად უნდა წავიდეს: “მაშ, ჩაქრი მზეო!” შესძახა მსახიობმა და ამ დროს საშინლად დაიგრუხუნა, ატყდა ელვა, ჭექა-ქუხილი. ერთმანეთში აირია ქოროს ყვირილი და ბუნების მრისხანე ხმაური.

ხორავას ოიდიპოსმა დაიწყო “ახალი სუნთქვა”, ახალი მონოლოგი. წამოვიდა სეტყვა და “ჟეშტის” სახურავის ხმაურმა პირდაპირ გააყრუა იქაურობა, აღარაფერი ისმოდა. ხორავამ ხმას აუწია და აუწია, პირდაპირ ყვირილზე გადავიდა, მაგრამ მაინც არავის ესმოდა ხორავას მონოლოგი.

ბოლოს აკაკი გაჩუმდა, არადა, ტუჩებს ისე ამოძრავებდა თითქოს ლაპარაკობდა. სეტყვა თითქმის ათ წუთს გაგრძელდა. მერე მსხვილმა წვიმამ შეცვალა. მაყურებელი იჯდა და ელოდებოდა წვიმის გადაღებას.

იდგნენ მსახიობებიც, ხორავას ადგილი არ შეუცვლია, იმავე მიზანსცენაში იდგა, არც წვიმამ მისცა მონოლოგიც გაგრძელების საშუალება. როცა წვიმამ თითქმის გადაიღო, ხორავამ შეწყვეტილი მონოლოგი თავიდან დაიწყო.