6 თებერვალი, 2022

აკაკი ბაქრაძე რობერტ სტურუაზე

აკაკი ბაქრაძის არქივში არის ძალიან საინტერესო ჩანაწერი რეჟისორ რობერტ სტურუაზე, რომელსაც “არტინფო” გიზიარებთ:

“1978 წლის 14 აპრილსა და კონსტიტუციასთან დაკავშირებული ამბების გამო ხელისუფლება ძალიან გადამეკიდა. ჩემი მოხსნის საკითხი რამდენჯერმე იდგა, მაგრამ ვერ გაბედეს. ერთხელ ოთ.თაქთაქიშვილს დაუყვირა კიდეც შევარდნაძემ – შენ რა მინისტრი ხარ, ბაქრაძე ვერ მოგიხსნიაო. შეშინებული თაქთაქიშვილი სამინისტროში მოვარდა და მეხვეწებოდა, წადი თეატრიდან, კულტურის სამინისტროში გადმოგიყვან, იქ იმუშავეო. მე ჯიბრის გამო უარი ვუთხარი.

ასეთი რამ ბევრჯერ მოხდა. ყველა რომ გიამბოთ, ძალიან გრძელი გამოვა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ორი წლის მანძილზე ხან მხსნიდნენ და ხან მტოვებდნენ. ელოდნენ ჩემს განცხადებას. მე არ ვწერდი მას. ერთხელ ტრისტან ყველაიძეს ვუთხარი კიდეც – განცხადებას არავითარ შემთხვევაში არ დავწერ-მეთქი. თუ უნდათ ისე მომხსნან-მეთქი. მერე მაინც დავწერე განცხადება და, აი, რატომ.

როცა ამგვარ სიტუაციაში ვიყავი, რ.სტურუა (და სხვები) სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს ,,ცარცის წრის” გამო. ეს აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ სტურუას დაქირავებას აპირებდნენ და ჩემთან მის დაპირისპირებას. ეს რომ ასეა, ამას ის ადასტურებს, რომ ,,ცარცის წრე” დაგვიანებით და ინსტრუქციის დარღვევით წარადგინეს პრემიაზე. სამინისტრომ ყალბი დოკუმენტი შეადგინა, თითქოს ,,ცარცის წრის” განახლებულ, გადაკეთებულ ვარიანტს ადგენდნენ პრემიაზე.

,,ცარცის წრით” დაგვიანებული დაინტერესება ნაკარნახევი იყო ანგარებით. თუ სტურუას დააჯილდოვებდნენ, ჩამოაცილებდნენ იმ გეზს, რომელსაც ერთად ვადექით. რა თქმა უნდა, სტურუას პრემიაზე უარის თქმა არ შეეძლო, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაცით უნდა გამოეხატა პრემიისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამიტომ მე ვუთხარი მას, არ წასულიყო მოსკოვში პრემიის მისაღებად. ამით გასაგები გახდებოდა, რომ იგი მაინცა და მაინც დიდად არაფრად აგდებდა პრემიას. ჯერ დამპირდა, არ წავალო, მაგრამ მერე, ეტყობა სხვების შთაგონებით, მაინც წავიდა. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ იგი მაშინვე წამოეგება ანკესს, როგორც მას ხელისუფლება გადმოისვრის.

ჩემი ეს ვარაუდი უტყუარად დაადასტურა შევარდნაძემ ЛГ-ს კორესპონდენტთან საუბარში – ,,…მოუთმენლად მოველით სპექტაკლს თანამედროვეობის მწვავე პრობლემებზე, რომელსაც რუსთაველის სახელობის თეატრში ამზადებს რობერტ სტურუა” (გაზ. ,,კომუნისტი”, 1980 წ., 21 სექტემბერი). ცხადი გახდა, რომ სტურუა დაქირავებული რეჟისორი შეიქნა. დაქირავებულთან კი მე არაფერი მესაქმებოდა. სხვა რეჟისორი კი თეატრში არ იყო.”