13 თებერვალი, 2022

აკა მორჩილაძის დიდებული წერილი სერგო ქობულაძეზე

მწერალმა აკა მორჩილაძემ მხატვარ სერგო ქობულაძესა და მის “ვეფხისტყაოსნის” თემაზე შექმნილ ილუსტრაციებზე შესანიშნავი წერილი შემოგვთავაზა:

“…რა იფიქრა ოცდახუთი წლის კაცმა “ვეფხისტყაოსანზე”? რა დაინახა ამ ამბავში ისეთი? გახსოვთ, ლომის კბილები ხმალმოღერებული ტარიელის ბარძაყზე? ეს ხომ ქანდაკებაა, წამის მეასედია, დღევანდელი, ჟანრული კინოკადრია.

იდეალური სხეულები, მოთოკილი სახეები, ამ სხეულებით გამოხატული ვნებები. რაღაცნაირი პურიტანიზმი, სიზუსტე, არანორმალური სიზუსტე; გარინდული ხე საღამოს ფანჯარაში, ყოველი ფიქალი და ქვა, ყოველი ნივთი, სამოსი, ყოველი ნაოჭი. არცერთი ანცად, ყველა ავის მომასწავებლად…”

“…ქობულაძის ტარიელი ისეთია, რომ ყოველთვის მზადაა რაღაცისთვის. ქობულაძის ნესტანი და თინათინი ყოველთვის გვიმალავენ თვალებს; ქობულაძის როსტევანი დაღლილია, ავთანდილი მომლოდინე, ქობულაძის ქაჯეთის ციხე მიუვალი და საშინელი. სამოსელი, რომლითაც ქობულაძემ შემოსა გმირები, არც აღმოსავლეთში მოიძებნება და არც დასავლეთში, ეს მისი სამოსელია. ეს “ვეფხისტყაოსანი” პირადად მისია და მგონი ამ განწყობითაც მუშაობდა ილუსტრაციებზე.

ზიჩისა და თოიძის გმირები ადამიანები არიან, ქობულაძისა კი განცდები და ვნებები. მან ასე იფიქრა და ასე უბრძანა ხელს…”