28 იანვარი, 2022

ვერიკო ანჯაფარიძის “უცნობი” ქმარი

როდესაც საზოგადოება ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდაზე – ვერიკო ანჯაფარიძეზე და მის ოჯახზე იწყებს საუბარს, ყველას მაშინვე ახსენდება მიხეილ ჭიაურელი, სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია, ნიკუშა შენგელაია…

სამწუხაროდ, ცოტას თუ გაახსენდება მსახიობის პირველი მეუღლე – შალვა ამირეჯიბი – პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი.

შალვა ამირეჯიბმა ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. სკოლის პერიოდში რევოლუციურმა მოძრაობით დაინტერესდა – მონაწილეობა მიიღო 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში ქუთაისში მიხაკო წერეთელთან ერთად. სწავლას თავი დაანება და შევიდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში.

უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა და არჩევანი ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე შეაჩერა, თუმცა უსახსრობის გამო სწავლა ვერ გააგრძელა და სამშობლოში დაბრუნდა.

საქართველოში დაბრუნებას მისი დაპატიმრება მოჰყვა – სოციალისტ-ფედერალისტების სხვა ლიდერებთან ერთად იგი დაიჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში უკვე აღარ ირიცხებოდა.

შალვა ამირეჯიბი ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ პუბლიცისტურ საქმიანობას დაუბრუნდა. დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ ჯგუფს და მათთან ერთად დააარსა ჟურნალი „კლდე“.ის სხვადასხვა ფსევდონიმებს იყენებდა. პოეტმა საცხოვრებლად ქუთაისში გადასვლა გადაწყვიტა და ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთების „სამშობლოსა“ და „იმერეთის“ რედაქტორი გახდა. სწორედ ამ პერიოდში გამოქვეყნდა შალვა ამირეჯიბის ნაწარმოებები.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის დრო რომ დადგა, პოეტი პირველი მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტზე გაგზავნეს. ჯარში წელიწადნახევარი იმსახურა, 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, მუშაობდა პარტიის ბეჭდვით ორგანო „საქართველოში“. 1917 წლის მაისში პარტიის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო გაერთიანებულ მთიელთა კავშირის შეკრებას კავკავში და მიესალმა მათ გათავისუფლებას რუსეთის იმპერიისგან. სექტემბერში აკაკი ჩხენკელთან ერთად მონაწილეობა მიიღო პეტროგრადის თათბირის მუშაობაში, არჩეული იყო წინასწარი პარლამენტის წევრად, ნოემბერში კი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.
მან 1918 წელს დემონსტრაციულად არ მოაწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რადგან რესპუბლიკა არ მიაჩნდა საქართველოსთვის გამართლებულ მმართველობის ფორმად.

გენიალური მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე შალვა ამირეჯიბის ცხოვრებაში 1919 წელს გამოჩნდა. მსახიობი დიდხანს იყო პოეტის გატაცებისა და პოეტური შთაგონების საგანი, მას მიუძღვნა მრავალი ლექსი, ზოგიერთი მათგანი შევიდა 1920 წელს გამოსული ლირიკული ლექსების პატარა კრებულში „მინანქრები“.

ისინი დაქორწინდნენ, თუმცა ეს ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. მათი ერთადერთი ქალიშვილი ჩვილი გარდაიცვალა. საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი და 1924 წლის აჯანყების მონაწილე შალვა ამირეჯიბი 1925 წელს იძულებული გახდა, საქართველოდან ევროპაში გაქცეულიყო. ვერიკო ანჯაფარიძე მას არ გაჰყვა და საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

კონსტანტინე აფხაზის დახვრეტის შემდეგ, შალვა ამირეჯიბი გახდა დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და ჩაერთო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ორგანიზებაში.

1924 წლის 29 აგვისტოს, აჯანყების დაწყებისას, იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის ბანაკში. აჯანყების დამარცხების შემდეგ არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი და გადავიდა თურქეთში, საიდანაც წავიდა საფრანგეთში. 1925 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართყული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ემიგრაციაში პოეტი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიკაციურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში – „სამშობლო“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „ბედი ქართლისა“, „კავკასიონი“. ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი „ახალი დროება”, თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობდა ბერლინში ქართული ნაციონალური კომიტეტის ფორმირებაში.

მისი ემიგრანტული პერიოდის ლექსებიდან აღსანიშნავია “მამულს”, “კოტე აბხაზის სიკვდილზე”, “კოტე ანდრონიკაშვილს”, “ელენე აბხაზს”, “რუბაიები”, “სოფელი”, “შალვა შატაშიძეს”, “ვერა ფაღავას”…

პოეტის მოგონება „ქაქუცა ხევ-გრძელზედ“ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თავდადებული ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდს ეძღვნება.

შალვა ამირეჯიბი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სენტ–უანის სასაფლაოზეა დაკრძალული.