14 იანვარი, 2022

ვაჟა-ფშაველას საახალწლო

შესანიშნავი შემოქმედის ვაჟა-ფშაველას უკიდეგანოდ ღრმა და საინტერესო ნაწარმოებებიდან “არტინფომ” “საახალწლო სიზმარი” შეგირჩიათ:

ქარი ჰქროდა. საშინლად ციოდა. ნამქერმა ამოყორა თითქმის სახლის კარები. ძაღლი გარეთ არ გაიგდებაო, რომ იტყვიან, სწორედ ისეთი დრო იყო. მე კერაზე დიდი გაჩაღებული ცეცხლი მენთო ჩემს ძველს მამაპაპურს დარბაზში. მისი დიდრონი, უზარმაზარი მუხის ბოძები, დიდი თავხე, დიდრონი შოლტები, მჭვარტლისა და ბოლისაგან შემურული, ცეცხლის ალზე წითლადა ღაჟღაჟებდა, მაგრამ მაინც ბევრი რჩებოდა გასანათები ადგილი. განა ცოტა ყურემარე აქვს ამ ჩემს მამაპაპურს დარბაზს? ყორედ ნაგებს დიდრონს ლოდებს შუა ისეთი ცარიელი ალაგებია დარჩენილი, რომ შიგ კამბეჩიც დაეტევა, დაიმალება და იქნება მთელი კვირა ეძებოთ და მაინც ვერ იპოვოთ.

აი, ამ დარბაზის ეხლანდელს პატრონს მის ძველ პატრონთა ზნეხასიათი მომაგონდა და მეც მოვინდომე მათებრივ მივგებებოდი ახალს წელს. დავკალი ერთი მსუქანი კერატი, დავკალი ორი ინდაური. დავკალი ერთი ცხვარი, დავხოცე ოთხი-ხუთი ქათამი, დავაცხობინე ნაზუქები, გავაკეთებინე გოზინაყი, ალვა; ჩამოვხსენი სხვნიდამ ყურძნის ჯაგნები და სხვა მრავალი ტკბილეულობა. ავხადე ცხრაკოკიანს კახურს, დავაჭაშნიკე და დავახურე სარქველი. ყველა სამზადისი, სანოვაგე თაროზე დავაწყე საახალწლოდ საქეიფოდ, სასტუმროდ და გულდასვენებული, თავმოწონებული ჩამოვუჯექი კერას.

– ოჯახის პატრონო! მისტუმრე, ღმერთი გადღეგრძელებს, მცივა, სიცივითა ვკვდები, მგზავრი ვარ, უბინაო, უმეგობრო, უპატრონო! – მოისმა ხმა გარედამ.

– მობძანდი, შენი ჭირიმე, მობძანდი, ღმერთი გადღეგრძელებს; ვაი შენ ჩემო თავო, ვაი დედას მტრისას! როგორ არ გისტუმრებ, კაცი არ ვარ? – მივეცი ხმა შიგნიდამ.

ღვთის წინაშე, მიამა ძალიან ამ დროს სტუმრის მოსვლა.

– იქნება, კაი ფეხი გაქვს, კეთილი იყოს, ძმაო, შენი ფეხი ჩემს ოჯახზე. – ეს რომ ვსთქვი, ვნახე, რომ კერაზე წამოდგა საუცხოვო ადამიანი. ღმერთო, რა ვნახე, რა იყო ის სულკურთხეულის გაჩენილი! ღმერთი იყო, სწორედ ანგელოზი იყო, არ ვიცი, რა იყო. ძალაუნებურად დავიჩოქე, თვალები ცრემლით ამევსო, გულმა ისეთი ძგერა დამიწყო, თითქოს იქ მჭედელი გრდემლზე კვერსა სცემდა. რასა ვხედავ? ვინ არის? თითქოს მინახავს სადღაც, ერთხელ კი არა, ათასჯერ, თითქოს მისი სახელიც ვიცი, თითქოს იმას ჩემს გულთან ბევრჯელ ჰქონია საუბარი, მაგრამ ესე ცხოვლად არადროს არ მინახავს. ქალი იყო. ძველი კაბა ეცვა, ფეხშიშველი, მაგრამ ლამაზი, სამოთხე გარდაქმნილიყო ქალად და მოვიდა ჩემთან. მკერდი ნახევრამდე გადაღეღილი ჰქონდა, ზედ ია და ვარდი ჰყვაოდა. იმის თვალებში ღმერთებს დაესადგურათ. დიდი ოკეანე იმის თმად ქცეულიყო, მთელი ჩვენი პლანეტი იმის სახედ. ხმას არ იღებდა, მიცქეროდა მშვიდად. მე კი ვთრთოდი, მოწიწებისა გამო, მე რა ღირსი ვარ, რომ ეს კადრულობს, ჩემთან სტუმრობას მეთქი. მივეწვადე, მინდოდა მის ფერხთა მტვერს ვემთხვევოდი, მაგრამ ხელი ამიქნია ხმაამოუღებლად. ბოლოს, სამფეხა ჩიკა დავუდგი ცეცხლაპირას; დაჯდა ისე, თითქოს თაფლი იღვრებოდა. „გმადლობთო“, – მხოლოდ მაშინა სთქვა დაბალის, მშვიდის, ლამაზის ხმით. ღმერთო, ღმერთო, კიდევ გამაგონე ის ხმა, ერთხელ მაინც, მანამ ცოცხალი ვარ, მანამ ცივს სამარეს მივებარები და სრულიად უგრძნობი შევიქნები.

როგორ დამშვენდა, როგორ ტურფა შეიქმნა მაშინ ის ჩემი ჭვარტლიანი დარბაზი: იმაზე კარგს სად რასა ჰნახავდი, ცოდვილო ადამიანის შვილო! იჯდა ცეცხლთან ხმაგაკმენდილი და ლამაზს, სანთელივით ანთებულს თითებს უპყრობდა მოგუზგუზე ცეცხლს. მე ისევ ისე დაჩოქილი ვიყავ და დამუნჯებული, ტუჩებმოკუმული, სახეგაშეშებული შევჩერებოდი. რა გამაძღებდა იმის ცქერით, რა?! თუნდა ათასი საუკუნე ერთმანეთს გადაჰბმოდა, არაფერი მესვა, არ მეჭამა, არ დამეძინა და მარტო იმისათვის მეცქირა, – რა მინდოდა მეტი!

ამ ყოფაში დიდხანს ვიქნებოდი, რომ საშინელს ხმაურობას არ გამოვეფხიზლებინე. ბანზე რაღაც შემოვარდა ბღარტუნით, მთელი ჭერი შაიძრა, ბოძები დაიდრიკა. ქალი უძრავად, წარბშეუხრელად იჯდა მაინც. მე შევკრთი, შევშინდი, მაგრამ კიდევ ჩემს სტუმარს მაინც თვალს ვერ ვაშორებდი.

უცბად ვნახე, რომ ერთი უზარმაზარი, ბანჯღვლიანი, თვალებ-დაწითლებული, ლაშებდაღებული დათვი შემოიჭედა სახლში; სამი კამეჩის ტოლა იყო, ერთი მოთანთხლილი, ერთი საზარელი; ჩამოჯდა მეორე კერის პირას და დააცქერდა ჩემს საყვარელ სტუმარს. თითქოს გაიღიმა, იმასაც ესიამოვნა იმისი ნახვა, დაიწყო იმანაც ტოტებისა და გავის თბობა; თითქოს არც კი მხედავდა, ისე იქცეოდა. მერე მიავლ-მოავლო თვალი, შენიშნა თაროზე სანოვაგე; ერთი მყრალად, ბოხის, დანჯღრეულის ხმით გაიხარხარა, გამოალაგა ყველაფერი ჩემს დაუკითხავად, დაუჯდა, მისვლიპ-მოსვლიპა, მოლოკა ყველაფერი, ძვალიც კი არაფრისა დასტოვა. ახლა ღვინოსაც მიაგნო, ისიც სულ ამოწრუტა და ამოიხვნეშა, გოზინაყით და ფლავით პირი ჩაიტკბარუნა. მოვიდა, ისევ კერაზე დაუჯდა ქალს პირდაპირ და არშიყობის მსგავს ღიმილით, სახის „ცქმუნვით“ შესცქეროდა, ბოლოს ტოტიც მიაწოდა, შეჭმას ჰლამობდა.

– შენ ხომ ჩემი ხარ, ქალო, ჩემი! ამ მძლავრის ტოტებიდან შენ ვინ დაგიხსნის, ვინ?!

ქალი ხმაამოუღებლად იჯდა, თვალსაც არ ახამხამებდა. ვეღარ მოვითმინე, თავბრუ დამესხა, სიბრაზისაგან ავენთი, გონება სრულიად დავკარგე. აღარ შამეძლო მოთმენა, რაკი იმ ჩემს ღმერთსაც ხელი მიაწოდა. კაჩხაზე ძველი, დაჟანგებული, მამაპაპური ხმალი ეკიდა. მივეწვადე იმას, ამოვწვადე ქარქაშიდამ და მივესიე იმ უღმერთო ოთხფეხს.

– რას სჩადი, შე მყრალო, შენა-მეთქი, – და დავუშინე ხმალი. დათვმა საშინელი ღრიალი მორთო და გავარდა გარეთ.

ქალი ადგა და გაემართა წასასვლელად, გაიღიმა, დიდად გმადლობთო, მითხრა.

– მისდიხარო? – ვკითხე.

იმან თავი დაიქნია და ჯვარი გადამწერა. ხელზე მთხვევა ძლივს მოვასწარი. მერე ორივე ხელები თვალებზე მივიფარე და მწარედ დავიქვითინე.”