11 იანვარი, 2022

უსამართლოდ დაჩაგრული ნოდარ მამისაშვილი

კომპოზიტორმა ოთარ მამისაშვილმა უმდიდრესი და ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა – იგი ოპერის, ბალეტის, სიმფონიური, საორგანო, საგუნდო მუსიკის, ინსტრუმენტული კონცერტების, არაერთი კამერული ნაწარმოების, საბავშვო და კინომუსიკის ავტორია.

მან პირველად მსოფლიოში შექმნა 9 საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდა წმინდა სამების ტაძარში ზარების განაწილება სამრეკვლო სივრცეში.

ნინო ჟვანია, მუსიკოსი:

“ეს ისეთი ადამიანი იყო, ჩუმად რომ აკეთებს დიდ საქმეს და ამ სიჩუმეს არავინ რომ არ უფასებს… არავინ კი არა, ის არ უფასებს, ვის ხელშიც დაფასებაა… მაგალითად, ბოლო წლებში რამდენჯერმე (2021 წელსაც!!) წარადგინეს რუსთაველის პრემიაზე და არც ერთხელ არ აღირსეს. განა რა არის ეს პრემია? მაგრამ დაფასებაა, შენი ქვეყნის დაფასება, მისი სიმბოლო… (მატერიალური დახმარებაცაა, რომელიც არ აწყენდა ბ-ნ ნოდარს, ვიცი).
ეს ისე, ცხოვრების პროზა… უნიჭო და უაზრო.

მისი სახელი მეტს იმსახურებს. თუნდაც აქ მოყოლილ ამბავშიც ჩანს, ვინც იყო…. მე კი გეტყვით, ჩვენი მუსიკის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორია, რომელსაც ისტორია მეტად დააფასებს, ვიდრე მისი თანამედროვე საქართველო აფასებდა.

P.S. მის მიერ “სამებისთვის” აღდგენილი ქართული ზარები რეკენ ახლა ჩემს გონებაში…. ეჰ…

ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი:

“ჩვენ არ გვყოლია არნოლდ შონბერგი, არც ოლივიე მესიანი, ჩვენ გვყავდა ნოდარ მამისაშვილი, დიდი პიროვნება, დიდი მუსიკოსი, დიდი მოაზროვნე, მეცნიერი და კომპოზიტორი და რაც ყველაზე მთავარია, დიდი პედაგოგი, ისეთი როგორიც რეჟისორებისთვის მიშა თუმანიშვილი იყო…

ჰოდა, ასეთი ადამიანი წავიდა ჩვენგან, რომელიც, სხვათაშორის, ჩვენი ფართო საზოგადოების მხრიდან სათანადო დაფასების სიმწირის მიუხედავად, არასდროს არავიზე განაწყენებულა და ყოველთვის რუდუნებით ემსახურებოდა მუსიკასა და ადამიანებს, განსაკუთრებით მომავალ თაობებს, შვილებად და შვილიშვილებად რომ ვეკუთვნოდით…

ერთი თვის წინ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ძლივს იქნა რუსთაველის პრემიაზე წარდგენილი, მაგრამ კომისიის მუსიკალური ნაწილის წევრმა კოლეგებთან ერთად კვლავ “თბილისურ-სნობური” და “ელიტარული” გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც ჩვენ, მისმა თანამემამულეებმა უკანასკნელი შანსიც კი გავუშვით ხელიდან იმქვეყნიურ გზაზე დამდგარი დიდი პიროვნებისთვის სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოგვეხატა საკადრისი მადლიერება…

ასეთი ერი ვართ, ფიროსმანის და ილიას სიცოცხლის დასრულების მაგალითებმაც რომ ვერ გვასწავლა ჭკუა…

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ, ეროვნულმა ორკესტრმა მოვასწარით და მის შემოქმედებას ფესტივალი “კონტრაპუნქტი” მივუძღვენით, ისევე როგორც არ მოკლებია მას ყურადღება ახალი თაობის კომპოზიტორებისა და რიგი შემსრულებლებისგან, როგორიც ნინო ჟვანია, მაკა ვირსალაძე, ეკა ჭაბაშვილი და მათი სამეგობრო თუ აღსაზრდელები არიან.

ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ვიცნობდი, მოვესწარი, გავმდიდრდი მისი ლექციებით და მასთან ურთიერთობით სტუდენტობის პერიოდში.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველში მისი პიროვნების შესატყვისი სამოთხისეული ადგილი, სინათლით სავსე, მისი სახელი, მუსიკა და გამოგონებები კი მუდამ უკვალავდეს გზას ქართული პროფესიული მუსიკის აწმყოს და მომავალს.”