8 იანვარი, 2022

თინათინ მღვდლიაშვილის აპოკალიფსი

ქართველების პოეტი – ასე უწოდებს თავს პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი და ის ჭეშმარიტად ქართველების პოეტია, რაგდან ნამდვილ მარგალიტებს ჩუქნის მკითხველს.

აპოკალიფსი

მე დავიბადე იმ პლანეტაზე, სადაც კაენმა მოკლა აბელი,
სადაც ბოროტმა უარჰყო სიბრძნე და უკუნეთმა შთანთქა ნათელი.
სადაც არ ფასობს სულიერება, არც ზეციური გონი და ცოდნა,
სადაც ბობოქრობს ბიწიერება და შემზარავი სოდომის ცოდვა.
სადაც ეძებენ ხორცის სიამეს ვიღაც ურცხვნი და ვიღაც გრძნეულნი,
სადაც საძალნი ადევს სიმართლეს, ხოლო სიცრუე არის ქებული.
იქ, სადაც წმინდა ნათლისმცემელი მძვინვარე მეძავს საჯიჯგნად მისცეს,
სადაც ბარაბა შემოირიგეს და სადაც ჯვარზე გააკრეს ქრისტე!..
სადაც ავთვალნი, ვითარც მართალნი, ცხოვრობენ უცხოდ მოსირმულები,
სადაც შერისხეს არსთა გამრიგე, სადაც შემუსრეს მოციქულები!…
სადაც სლავებმა გაინაპირეს, დაცემულებმა ღმერთთან სიშორით…
სადაც სვავებმა გაინაწილეს წილხვედრი მიწა დედაღვთისმშობლის!..
სადაც გვამებზე აგებულია ყველა კოშკი და ციხესიმაგრე,
სადაც მახვილით აღებულია ყველა ზღუდე და ყველა სიმაღლე!..
სადაც სირეგვნე ცხადდება სიბრძნედ, ნიჭთა სიუხვე – უგუნურებად,
სადაც უცხოა ღვთიური სივრცე და მწუხარეთა სულის კურნება…
სადაც არყევენ ცასა და ხმელეთს თავზარდამცემი, შლეგი ომები,
სადაც შოლტავენ ხალხებს და ერებს თანამედროვე ფარაონები!..
სადაც ავყია ქვაბავაზაკი დაუფლებია ტვინის ხვეულებს
და საჩუმათო ძვალთშესალაგი ინახავს მხოლოდ საღმრთო სხეულებს…
არც სათნოება, არც სასოება!..მხოლოდ მწუხრი და მხოლოდ სიავე…
სადაც მბრძანებლობს ამაოება, იმ პლანეტაზე მე დავიბადე!..
იქ, სადაც ზეცა ზეცაა მხოლოდ და დედამიწა – თავშესაფარი,
სადაც სიკეთე მარცხდება ბოლოს და მძლეველია მხოლოდ აფთარი!..
სადაც საწუთრო სულელს ალაღებს, ხოლო ჭკვიანი არის სნეული,
სადაც ქვეყანას გიჟი განაგებს, ვინმე შეშლილი და ბორგნეული!..
სადაც იქედნე ცაში ნავარდობს და უბრალონი სხედან დილეგში,
და ვარსკვლავეთიც, და დედამიწაც ჩამწყვდეულია საპყრობილეში!..
სადაც, არც წყარო და, არც მდინარე, არ დარჩა სუფთა, აუმღვრეველი,
და, არც სამარე, და არც სავანე – დაურბეველი, დაურღვეველი!..
იქ, სადაც ყალყზე დგებიან ზღვები და ქალაქები ნაგრიგალები,
იქ, სადაც ბნელქმნილ კაცობრიობას გადახსნილი აქვს ნაიარევი…
იქ, სადაც ტახტი დაიდგა მეფის და სადაც ახლა მიწა ზანზარებს,
სადაც ოდესღაც განკაცდა ღმერთი, სადაც ოდესღაც აღდგა ლაზარე!..
სადაც მცირეა უფლის მოშიში, მზაკვარნი – მრავლად და უსამანოდ
და, სადაც მხეცის წყეული ნიშნით დაბეჭდილია მთელი სამყარო!..
მე დავიბადე იმ პლანეტაზე, სად ცოდვა-მადლი ზეობს ამდენი,
სადაც ბოროტმა შემუსრა სიბრძნე, სადაც კაენმა მოკლა აბელი!..