23 იანვარი, 2022

ტარიელ ხარხელაურის უმნიშვნელოვანესი წერილი

პოეტი ტარიელ ხარხელაური მკითხველს უმნიშვნელოვანეს წერილს უზიარებს:

“ამ დღესასწაულებზე მეტად არასაზეიმო განწყობა მაქვს და არა მგონია, ვტყუოდე – სანამ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სივრცე ასე დაბინდულია, სანამ ერის გონება ზიზღისა და სიძულვილის მდინარით ირწყვება, რაიმე დიდის მოლოდინით ნურც ამ წელს ჩავაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში. სანამ ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის, მომავლის მხოლოდ ახალი წლის ანაბარად დატოვება, გულგამორეცხილობის თუ არა, უხერხულობის განცდა მაინც არის. ამ ფიქრებით დამძიმებული ვერც ლაღი ვიქნები და არც გამომივა ბედნიერი ახალი წლის მოლოცვა, რადგან ბედნიერებასა და მოსალოცზეც სულ სხვანაირი წარმოდგენა მაქვს.

როგორ შეიძლება “ბედნიერი” ეწოდოს ერს, რომელსაც უამრავი ყოფითი სირთულისთვის თავი ვერ გაურთმევია; გარშემო გამეფებული სიძულვილი ვერ შეუმცირებია; როდესაც ყოველდღიურად მსოფლიოს დღევანდელობის სენით ამდენი ადამიანი იხოცება, როცა იცი, რამდენ ცრემლიან თვალს აშრობს ზამთრის ქარი და სიცივე, მე ვერ ვიქნები მართალი და გულწრფელი ჩემს ქვეყანასა და ხალხს ბედნიერი ახალი წელზე ვესაუბრო და მრავალფეროვანი მილოცვები ვუგზავნო. ნაკლული ბედნიერება კი არ არსებობს…

არადა, 75 წლის კაცი ვარ და ოცნებად მაქვს ქცეული – ჩემს ქვეყანას ბედნიერი ახალი წელი მოვულოცო, რადგან მწამს, ღირსეულად შეძლებს ატაროს. ამ ასაკის ტყუილ-უბრალოდ არ მოვყრილვარ, ბევრი რამ მინახავს. სანამ წერას დავიწყებ, გლეხი ვარ, თუმცა გლეხი, მწყემსიც და კალმის კაციც ერთნაირად დარდობს სამშობლოს… ასეთი შეცვლილი, უცნაური გზით მიმავალი ხალხი და ქვეყანა არც მახსოვს.

ის რიხიანი, რისკიანი, შემტევი და რაც მთავარია, ყველაფერში გულწრფელი ხალხი, სადღაც გაუჩინარდა, მიილია, ვიღაც სხვას დავემსგავსეთ, ოღონდ არა საკუთარ თავს. ქართველმა ხალხმა სიყვარულიც გულწრფელი იცოდა და სიძულვილიც. ახლა შემპარავ, გამორჩენაზე გადასულ ერს დავემსგავსეთ, რომელიც თითქოს მხოლოდ ერთი დღით ცხოვრობს. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ თითქმის ყველა ასეა. ყველა საქმეში ჩვენი ხელმოცარულობა სხვას უნდა გადავაბრალოთ, ხელისუფლებამ ოპოზიციას, ოპოზიციამ – მმართველ გუნდს, მოქალაქემ – მეზობელს ან ხელისუფლებას, ან კიდევ ვიღაცას, ოღონდ როგორმე საკუთარ პასუხისმგებლობას გავექცეთ და ყველას დამნაშავედ შევრაცხავთ. ეს ყველას გვეხება, ერსაც, ბერსაც. ერთმანეთთან გაუცხოებული ვართ.

პაპასთან ურთიერთობას ვიხსენებდი, რომელიც ჩემი ცხოვრების გზის განმსაზღვრელი გახდა, ჩვენ კი შვილებთან არ შეგვიძლია საუბარი, მაშინვე კამათსა და შეურაცხყოფაზე გადავდივართ. ბოლო ხანებში სულ ილია ჭავჭავაძის “ჩატეხილი ხიდი” მახსენდება, რომელიც ვერა და ვერ გავამრთელეთ. როდესაც ამაზე ვსაუბრობ, ყველას დანაშაულსა და წვლილს ვხედავ, როგორც სხვის, ასევე ჩემსას. თუ ჩემს შვილებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე, ესე იგი, მე ვარ დამნაშავე.

ის თაობა წავიდა და ჩვენ მათი გზის ღირსეულად გაგრძელება ვერ შევძელით და ამის შედეგია ის, რაც ახლა ხდება. ამიტომ ვთვლი თავს დამნაშავედ შვილების, შვილიშვილების წინაშე, იმიტომ, რომ შენზე უკეთესი თუ არ მოდის, შენს წუთისოფელს არავითარი აზრი არა აქვს. მაგრამ ჩვენ ისე ვართ გადაგვარებული, ვცდილობთ ჩვენზე უკეთესი წინ არ გავუშვათ, რადგან ბოღმა და შური გვახრჩობს, როგორ თუ ვინმემ გვაჯობაო. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება ბედნიერებაზე საუბრობდე, როდესაც იმედი დაკარგული გაქვს. ამაში ცოტ-ცოტა დანაშაული ყველას მიგვიძღვის. ქვეყნის, მომავალი თაობის წინაშე ეს იმხელა ცოდვაა, რომლის ზიდვაც გაგვიჭირდება.
თუ ასე გავაგრძელეთ, ამ წელსაც ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ, როგორც ის წელი გავლიეთ.

ხანდახან უხერხულობის განცდა მაქვს, მინდა მივულოცო და ბედნიერი წელი ვუსურვო სხვებსაც და საკუთარ თავსაც, მაგრამ ჩემი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას – როგორ ვუსურვო ბედნიერი ახალი წელი ადამიანებს, როდესაც ერთმანეთთან დასაახლოებლად, ერთმანეთის სატკივრისა და განსაცდელის გასაზიარებლად ერთი ნაბიჯიც ვერ გადავდგით. როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ბედნიერებამ დანარჩენების უბედურება გადაწონოს… ჩემი ქვეყანა იმსახურებს ისეთ ახალ წელს, სადაც ადამიანები ვითომ კი არა, ნამდვილად ბედნიერები იქნებიან. იმედია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოვესწრები ისეთ ახალ წელს, როგორსაც ჩემი ქვეყანა იმსახურებს.”